მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს სისტემაში გაცილებით მეტი კლინიკა და საწოლფონდი გვაქვს, ვიდრე ქვეყანას სჭირდება - აზარაშვილი

62e3f3a85b1ed
ვიქტორია მღებრიშვილი
29.07.22 19:03
607
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში არსებული კლინიკების სიჭარბე უწყებას იმის შესაძლებლობას აძლევს, რომ სამედიცინო დაწესებულებებს ახალი ტარიფიკაციის სისტემა შესთავაზონ და მომსახურების მაღალი ხარისხი მოსთხოვონ. ამის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წამყვანის კითხვაზე, ტარიფიკაციის ახალი DRG-ი სისტემის კლინიკების მიერ მიუღებლობის შემთხვევაში, მათ მიერ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დატოვება ხომ არ შეამცირებს მოსახლეობის ხელმისაწვდომობას ჯანდაცვაზე და ხომ არ გაეზრდება მოსახლეობას სამედიცინო ხარჯები, მინისტრმა პირდაპირ არ უპასუხა. აზარაშვილმა ხაზი გაუსვა იმას, რომ კლინიკების ხარჯების დაზოგვის ხარჯზე ვერ წავლენ რისკზე, რომელიც მოსახლეობის ჯანმრთელობას შეუქმნის საფრთხეს.

„ჯანდაცვის სამინისტროში ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები და სისტემური ცვლილებები გვაქვს დაწყებული და ერთ-ერთი ასეთია სამართლიანი ტარიფების დაწესება სისტემაში, რომელსაც სახელწმიფო მოქალაქეებისთვის სამედიცინო სერვისის გაწევის შემდეგ გადაიხდის. ეს რამდენიმეწლიანი პროცესია, რომელიც ბოლო ეტაპზეა და როდესაც სამართლიან და მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში აპრობირებულ DRG მეთოდს შემოვიღებთ და სამედიცინო სექტორს შევთავაზებთ ამ ტარიფებს, რომლითაც მოახდენენ ოპერირებას. რაც შეეხება იმას, რომ ტარიფებიდან გამომდინარე შეიძლება ეს რომელიმე კლინიკისთვის არ იყოს საინტერესო და მოუწიოს დახურვა, მინდა გითხრათ, რომ დღეს სისტემაში გაცილებით მეტი კლინიკა და საწოლფონდი გვაქვს, ვიდრე ქვეყანას სჭირდება;

ასევე საერთაშორისო სტანდარტებთან შედარებით რეანიმაციული საწოლების რაოდენობა მნიშვნელოვნად მეტია, ასევე უამრავ ქვეყანაში ვაკეთებთ შედარებას რა მოცემულობაა ყოველ 100 000 მოსახლეზე და აქ გაცილებით წინ ვართ, ანუ კლინიკების და საწოლების რაოდენობა მეტია. დღეს ზუსტად ის შესაძლებლობა გვაქვს, როცა ამ სიჭარბის ფონზე კლინიკებს მაღალი ხარისხის მომსახურება შეგვიძლია მოვთხოვოთ და სამართლიანი ტარიფებით ამის დაფინანსება ბიუჯეტიდან მოვახდინოთ.

თუ ბიზნესის კუთხით ეს ტარიფები და სტანდარტები არ იქნება მისაღები და ზოგიერთი იტყვის, რომ დამატებით ინვესტიციებს საჭიროებს და ა.შ. ჩვენ ამ ხარჯების დაზოგვის მიზნით ვერ წავალთ იმ რისკზე, რაც საბოლოოდ პაციენტის მომსახურებაზე ახდენს გავლენას და დაკავშირებულია სიცოცხლესთან შეუთავსებელ რისკებთან“, - განაცხადა აზარაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები