მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა იცვლება ჯანდაცვის შესახებ კანონში?

6487291dec06f
ინგა მურუსიძე
12.06.23 18:33
1254
პარლამენტი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტს განიხილავს, რომელიც დაჩქარებული წესით აღარ განიხილება. შესაბამისი განცხადება ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ გააკეთა.

“არის საკითხები, რაც უფრო სიღრმისეულად გაანალიზებას მოითხოვს. შესაბამისად, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ დაჩქარებული წესის ნაცვლად, განხილვის სტანდარტულ წესს გავყვეთ და კანონპროექტი ამ გზით მივიღოთ“, - განაცხადა სარჯველაძემ კომიტეტის სხდომაზე.

რაც შეეხება თავად ცვლილებებს, ცვლილება შედის კანონში ჯანდაცვის შესახებ, ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ კანონში.

ცვლილებებით, ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს ენიჭება სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ ობიექტებზე თავისუფლად, წინასწარი შეტყობინების გარეშე, ნებისმიერ დროს შესვლის, მასალის, ნივთის და ა.შ. გამოთხოვის შესაძლებლობა, საზედამხედველო ობიექტის (ან მისი ნებისმიერი ნაწილის) დათვალიერების, ხელშეუხებლობის მოთხოვნის ან/და დალუქვის ან/და ამოღების და ა.შ. უფლებამოსილებები.

ასევე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევების საქმეების წარმოების მოდერნიზაციის მიზნით, მაკონტროლებელ ორგანოს ეძლევა უფლებამოსილება, გამოიყენოს ელექტრონული საჯარიმო ქვითარი.

ამასთან, კომპეტენტურ ორგანოს, ანუ რეგულირების სააგენტოს შეეძლება შეუჩეროს საქმიანობის უფლება მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებელს. მოქმედი კანონმდებლობით კი, ამის გაკეთება რეგულირების სააგენტოს სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე არ შეუძლია.

„კლინიკების ნაწილში, პაციენტის ან მისი ოჯახის წევრის განცხადების საფუძველზე შეგვეძლება დოკუმენტაციის ამოღება და შემდგომ შესაძლო ბრალეულობის დადგენა. ამაში მე პრობლემას ვერ ვხედავ. სპეკულაცია მიდიოდა იმაზე, რომ გვექნება კლინიკის საქმიანობის შეჩერების უფლება, დღეს გვაქვს კლინიკისთვის ლიცენზიის ჩამორთმევის უფლება სასამართლოს გადაწყვეტილებით. სასამართლოსთან ერთად ჩვენ კანონით დავამატეთ შუალედური უფლება, კლინიკის საქმიანობის შეჩერების, თუმცა ეს იქნება დროებითი და მოხდება სასამართლოს გადაწყვეტილებით. ეს არ ნიშნავს, რომ მე ან რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელს, შეგვიძლია შევაჩეროთ კლინიკის საქმიანობა, მერე დაიწყოს სასამართლო დავები და კლინიკა დაზარალდეს.

კლინიკის საქმიანობის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო, მიმართვიდან 72 საათის ვადაში“, - განმარტა დღეს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.

როგორც „ლიცენზიებისა და ნებართვების“ შესახებ კანონში ცვლილებების პროექტშია აღნიშნული, ცვლილებებით, უფრო მოქნილი და ეფექტიანი გახდება სამედიცინო დაწესებულებების კონტროლის მექანიზმი.

"მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, სამართალდარღვევის არსებობისას, ლიცენზიის/ნებართვის შეჩერების მექანიზმს. არ არსებობს ლიცენზიის/ნებართვის გაუქმებამდე არსებული შუალედური ეტაპი, რომელიც დარღვევის აღმოფხვრის ეფექტური გზა იქნება.

მართალია, სამართალდარღვევისთვის ჯარიმის დაკისრება, მისი პრევენციის მიზნითაა გათვალისწინებული, თუმცა, დღეის მდგომარეობით, ეს დროში გაწელილი და შედარებით ნაკლებ ეფექტური მექანიზმია, რომელსაც არ მივყავართ მთავარ შედეგამდე, რასაც სამედიცინო დაწესებულების მიერ პაციენტისთვის ეფექტური და ხარისხიანი მომსახურების მიწოდება ჰქვია.

არის შემთხვევები, როდესაც მაგალითად, სტერილიზაციის და/ან დეზინფექციის დადგენილი წესით შეუსრულებლობისთვის ერთხელ დაკისრებული ჯარიმის მიუხედავად, დაწესებულება კვლავ განაგრძობს საქმიანობას. მოქმედი კანონმდებლობით, ადმინისტრაციულ ორგანოს, მხოლოდ სამჯერ დაჯარიმების შემდეგ შეუძლია ლიცენზიის/ნებართვის გაუქმება. მანამ სანამ ეს პროცედურები იქნება დაცული და გაუქმდება ლიცენზია/ნებართვა პაციენტების ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების რისკი უფრო მატულობს. ლიცენზიის/ნებართვის პირდაპირ, გადაუდებელი შემთხვევით, საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გაუქმების არსებული შესაძლებლობის გამოყენებით კი მეწარმეს ადგება ზიანი, ისე, რომ არც კი ეძლევა საშუალება გამოასწოროს დარღვევა.

წარმოდგენილი ცვლილება არის ე. წ. ოქროს შუალედი პაციენტისა და მეწარმის უფლებების დასაცავად, რომლითაც, მათ შორის, განისაზღვრება, რომ პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად, იმ შემთხვევაში, თუ საფრთხე ექმნება ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, ლიცენზიის/ნებართვის გამცემი უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება ლიცენზიის/ნებართვის შეჩერების (სრულად ან ნაწილობრივ, მათ შორის, კონკრეტულ მისამართზე) შესახებ ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების დაკმაყოფილებამდე“, - წერია „ლიცენზიებისა და ნებართვების“ შესახებ კანონში ცვლილებების პროექტში.

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, გამკაცრდება ჯარიმაც მეორად ინფექციებზე და თუ აქამდე ჯარიმა 500 ლარს შეადგენდა, ამიერიდან 5000 ლარი გახდება.

„წინა წელს აქტიურად დავიწყეთ ინფექციის კონტროლი კლინიკებში და გვაქვს ძალიან სამწუხარო შედეგები, ამასთან დაკავშირებითაც მოგვიანებით უკვე საკმაოდ დიდი დროა გასული. იქ სამწუხარო რეალობიდან გამომდინარე, 110 კლინიკიდან 95% შემთხვევაში ჯარიმები გაიწერა. აი ამის გამკაცრებას ვითხოვთ იმისთვის, რომ ჩვენი პაციენტების სიცოცხლე დავიცვათ“, - განაცხადა აზარაშვილმა.

BMG-ის კითხვაზე, რატომ ითხოვს ჯანდაცვის სამინისტრო საკითხის დაჩქარებულად განხილვას იმ ფონზე, როცა ეკატერინე ტიკარაძის [ჯანდაცვის მინისტრობის დროს] ძალიან უცნაურად გაიჭედა პარლამენტში, მინისტრმა უპასუხა, რომ კანონპროექტი ახლა გაცილებით მეტ ცვლილებას მოიცავს, ვიდრე მაშინდელი.

აღსანიშნავია, რომ ცვლილებებით არა მხოლოდ კლინიკების შემოწმების, არამედ, ფარმაცევტული ბაზრის ნაწილიც რეგულირდება.

„ფარმაცევტულ სექტორთან მიმართებით, ერთადერთი ცვლილება, რომელიც ამ კანონპროექტით არის შემოთავაზებული, ეს ეხება რეფერენტულ ფასებთან დაკავშირებული შემოწმების შესაძლებლობას, წინასწარი გაფრთხილების გარეშე.

ანუ, დღეისთვის, როცა მარეგულირებელი შედის ფარმაცევტულ დაწესებულებაში და ნახულობს გარკვეულ დარღვევას არარეფერენტულ ფასებთან მიმართებით, ახდენს რეაგირებას, ხოლო რეფერენტულზე ასე არ არის. უბრალოდ არასერიოზული გამოდის, რეფერენტულ მედიკამენტებთან მიმართებით აღმოჩნდეს დარღვევა, დავბრუნდეთ უკან და ვეძებოთ უფლება მასზე რეაგირებისთვის, როცა დარღვევა თვალსაჩინო იყო. მხოლოდ ეს არის ფარმაცევტული ნაწილი“, - განმარტავს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები