“საქართველოს აზარტული თამაშების ასოციაცია” აფრთხილებს, რომ 1 მილიონი მოქალაქისთვის თამაშის უფლების აკრძალვის შემდეგ, მომხმარებელთა ნაწილი უცხოურ სათამაშო სისტემებზე გადაინაცვლებს, სადაც თუ ამჟამად წლიურად 120 მილიონი გაედინება, ეს თანხა მომავალში მინიმუმ გაათმაგდება.
გადაცემა “ანალიტიკას” ეთერში ასოციაციის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი მამულაიშვილი განმარტავს, რომ აკრძალვა, როგორც მთავრობას ასევე საზოგადოებას მხოლოდ კონტრპროდუქტიულ შედეგებს მოუტანს და ის ჩრდილოვანი საქმიანობების ზრდას წაახალისებს.
“მსოფლიო მასშტაბით აკრძალვამ შედეგი არსად გამოიღო, შემიძლია გაგახსენოთ ჩვენი ახლო წარსული, ან ბელარუსის ან უკრაინის მაგალითი მოვიყვანო, სადაც წლების განმავლობაში ეს ყველაფერი აკრძალული იყო. თუ გადავინაცვლებთ ევროპაში, სათამაშო ბიზნესის ლეგალიზაციას თითქმის ყველა აკეთებს, აშშ-შიც ყველა შტატში ყოველთვიურად სათამაშო ბიზნესის ლეგალიზაცია ხდება, რადგან მთელი მსოფლიო შეთანხმდა იმაზე, რომ სათამაშო ბიზნესი უნდა იყოს ლეგალური. არალეგალური სათამაშო ბიზნესი ყოველთვის მომხიბვლელი ხდება კრიმინალისთვის და იწვევს ყოველთვის კრიმინალის ზრდას.
ადამიანს, რომელსაც უნდა თამაში, რაც არ უნდა აუკრძალო, ის ყოველთვის მოძებნის ხერხს, რომ ითამაშოს. ეს კი დამაზიანებელია მოსახლეობისთვის, რადგანაც იქ არის უკონტროლო ჩართულობა, დღეს არსებობს არაერთი საშუალება, რომ ადამიანმა ითამაშოს საზღვარგარეთ და შემიძლია გითხრათ, რომ მოსახლეობის რაღაც ნაწილი უცხოურ საიტებზე თამაშობს და ფულად ეკვივალენტში ეს ყოველწლიურად 120 მილიონ ლარს წარმოადგენს. აკრძალვის შედეგად, ეს რიცხვი ჩვენი გათვლებით სულ მცირე 10-ჯერ გაიზრდება,”- ამბობს მამულაიშვილი.
მთავრობის ინიციატივით, საქართველოში 25 წლამდე პირებს, ასევე საჯარო მოხელეებსა და სოცდაუცველ მოქალაქეებს აზარტული თამაშების უფლება აეკრძალებათ. ეს ჯგუფი მთლიანობაში 1 მილიონ მოქალაქეს აერთიანებს.
ფინანსთა სამინისტროს აქვს გეგმა, რომ უცხოურ საიტებზე თამაშების გადანაცვლების პრევენციის მიზნით, საქართველოს კომერციულ ბანკებს და გადარიცხვების ოპერატორებს აუკრძალოს თანხების იმ ანგარიშებზე გადარიცხვა, რომლებიც აზარტული თამაშების უცხოურ სისტემებთან არიან აფილირებული.
“საგადასახადო მომსახურების პროვაიდერებს დაეკისრებათ ვალდებულება არ დაუშვან მათ მიერ გამოშვებული საგადასახადო ბარათებით უცხო ქვეყნის სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელი ფირმის სასარგებლოდ განხორციელდეს გადახდები, რაც ასევე არის შეზღუდვის მექანიზმი, რათა ეფექტიანად მოხდეს რეფორმის განხორციელება", - აცხადებს ლაშა ფინანსთა მინისტრი ხუციშვილი.
თუმცა, ინტერნეტ სივრცეში არსებობს სხვა სახის აზარტული თამაშის სისტემებიც, რომლებიც არა ფულადი, არამედ კრიპტოვალუტების გადარიცხვებით საქმიანობენ, ხოლო ამ მიმართულებით კი რეგულირების აღსრულება თითქმის შეუძლებელია.