მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღგ-ის დაბრუნების ავტომატური რეჟიმი ამოქმედდება - ბახტაძის შემდეგ რეფორმას გახარია აანონსებს

5ea3430cacde0
თელარა გელანტია
24.04.20 23:54
4336
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე თქვა, რომ „ამოქმედდება დღგ-ს ავტომატური დაბრუნების მექანიზმი“.

„ამოქმედდება დღგ-ს ავტომატური დაბრუნების მექანიზმი, რაც იმას ნიშნავს, რომ მეწარმეს როგორც კი პირად ანგარიშზე დაუფიქსირდება ზედმეტობა, მას ავტომატურად დაუბრუნდება დღგ, ყოველგვარი მოთხოვნის გარეშე. აგრეთვე, წელს, 1 წლის განმავლობაში დამატებით 600 მლნ ლარი ბიუჯეტიდან დაბრუნებული იქნება დღგ-ს სახით. ამ ორ ღონისძიებას ერთად აქვს კრიტიკული მნიშვნელობა კომპანიებში და მეწარმეებისთვის ლიკვიდობის შენარჩუნების თვალსაზრისით,“ - განაცხადა პრემიერმა.

ვიდრე Bm.ge პრემიერის აპარატთან და ფინანსთა სამინისტროსთან უფრო მეტად დააზუსტებს რა იგულისხმა გიორგი გახარიამ დღგ-ის დაბრუნების ავტომატური რეჟიმის ამოქმედებაში, შეგახსენებთ, რომ ვანო მაჭავარიანის უწყების ინფორმაციით, დამატებული ღირებულების ზედმეტობის ავტომატურად დაბრუნების მექანიზმი 2019 წლის დასაწყისიდან ამოქმედდა.

„დღეიდან, გადასახადის გადამხდელებს საშუალება ეძლევათ დღგ-ის დეკლარაციის საფუძველზე წარმოშობილი ზედმეტობა ავტომატურ რეჟიმში დაიბრუნონ. დღგ-ის ავტომატური დაბრუნება ითვალისწინებს დღგ-ის გადასახადისგან წარმოქმნილი ზედმეტობის ახალი და გამარტივებული სისტემით დაბრუნებას დეკლარაციის ჩაბარებისთანავე. აღნიშნული სისტემის ამოქმედების შემდეგ, 2019 წლის იანვრისა და შემდგომი საანგარიშო პერიოდების დეკლარაციების შეფასება, მოხდება ავტომატიზებული სისტემის მეშვეობით“, - აცხადებდა ფინანსთა სამინისტრო 2019 წლის თებერვალში.

გასული წლის 14 თებერვლით თარიღდება „დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარირებით დასაბრუნებელი ზედმეტად გადახდილი თანხების ავტომატური დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის ბრძანება.

ცნობისთვის: დღგ-ის ავტომატურ რეჟიმში დაბრუნების რეფორმა მამუკა ბახტაძემ ფინანსთა მინისტრობის დროს 2018 წელს დაანონსა. 2019 წლის დასაწყისში კი ითქვა, რომ რეფორმა ამოქმედდა.