მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“დღგ რესტორნის ბიზნესს ჭამს” – ჩხაიძე რესტორნებისთვის დღგ-ის შემცირების ინიციატივით გამოდის

6343cbe215af4
ვიქტორია მღებრიშვილი
10.10.22 11:58
1644
რესტორან Terrace Askaneli-ს დამფუძნებელი გოჩა ჩხაიძე სარესტორნე ბიზნესისთვის გადასახადების შემცირების ინიციატივით გამოდის. “დღგ რესტორნის ბიზნესს ჭამს” - განაცხადა მან Forbes Talks-სთან ინტერვიუში.

ბიზნესმენი და მეწარმე განმარტავს, რომ ქვეყანაში სარესტორნე ბიზნესი დიდი დამსაქმებელია და მისი განვითარებისთვის რესტორნები მომგებიანები უნდა იყვნენ. გოჩა ჩხაიძე თვლის, რომ ამ შემთხვევაში ქვეყანაში მაღალი კლასის რესტორნები განვითარდება, რაც მაღალმხარჯველ სტუმრებს მოიძიებს.

„მიუხედავად იმისა, რომ ტურისტული ქვეყანა ვართ და სარესტორნე ბიზნესი უმნიშვნელოვანესი ბიზნესია, თუ ქვეყანაში ბევრი განსხვავებული გასტრონომიული რესტორანი არ გვექნება, ჩვენს ქვეყანას მაღალმხარჯველი ტურისტების მოზიდვა ძალიან გაუჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში მრავლად გვყავს ტურისტები და ძირითადად ისეთები, რომლებიც ეკონომიას აკეთებენ, ჩვენ კი გვინდა უფრო "ლაქშერი" ტიპის ტურიზმის გვქონდეს, რესტორნებთან მიმართებით საგადასახადო პოლიტიკის გადახედვაა საჭირო. სარესტორნე ბიზნესი ქვეყანაში ერთ-ერთი დიდი დამსაქმებელია. მეორე მხრივ კი ძალიან დაბალმარჟინალურია (დაბალმომგებიანია) თვითონ რესტორნებისთვის. რესტორნით, რომ ფული იშოვო და ყველა გადასახადი 100%-ით გადაიხადო, რესტორნების 90% გაკოტრდება. აქედან გამოსავალი კი დღგ-ს გადახედვაა. დღგ ჭამს რესტორნის ბიზნესს“, - განაცხადა გოჩა ჩხაიძემ.

მან საკუთარი რესტორნის მაგალითზე ისაუბრა და თქვა, რომ „ტერასა ასკანელში“ ჩადებული ინვესტიცია ჯერ არ ამოუღია.

"„ტერასა ასკანელი“ აჭარასა და დასავლეთ საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო რესტორანია. ის 2016 წელს გავხსენით და 900 ათასი ევროს ინვესტიცია განვახორციელეთ. ახლა 2022 წელია და ეს ინვესტიცია უკან ჯერ ვერ დავიბრუნეთ, რადგან ყოველწლიურად ბიუჯეტში 1 მლნ ლარამდე ვიხდით დღგ-ს და საშემოსავლოს და ჩვენი შემოსავალი 300 ათასი ლარია. დაახლოებით 120 ადამიანს ვასაქმებთ.

ვსაუბრობ პოპულარულ რესტორანზე, სადაც ფასი ან ისე უნდა ავუწიო, რომ მომხმარებელი დავკარგო, ან... მე რესტორნის შენახვის საშუალება მაქვს; პანდემიის დროს არცერთი თანამშრომელი არ გაგვიშვია, პირადი ფინანსები ჩავდე და შევინარჩუნე კადრები, მაგრამ ამის საშუალება ყველას არ აქვს. ამიტომ დღგ-ს შემცირების საკითხის გადახედვა სწორი იქნება“, - თქვა „ტერასა ასკანელის“ დამფუძნებელმა.

გოჩა ჩხაიძე რესტორნებისთვის დღგ-ს გადასახადის სრულად და ნაწილობრივ გაუქმებას განიხილავს და ასაბუთებს.

„რესტორნის ბიზნესი თუ მომგებიანი გახდება, მხოლოდ ამ შემთხვევაში გვექნება კარგი იტალიური რესტორანი იტალიელი შეფით, იაპონური, ჩინური... თუ სიღრმეში ჩავლენ, შემიძლია რიცხვებით ვისაუბრო... და თუ დღგ-ს სრულად განულება მოხდება, სახელმწიფო მაინც აიღებს დამატებითი ღირებულების გადასახადს, რადგან ალკოჰოლს დღგ-ით ვყიდულობ, იჯარას და ელექტროენერგიას დღგ-ით იხდი, მაგრამ შეიძლება სხვა გზას დაადგნენ და დღგ 5-7%-მდე შეამცირონ, რაც სახელმწიფოს უფრო მეტ ფულს მისცემს, რადგან ბაზარზე შავი ფული აღარ იარსებებს და ის გათეთრდება, შესაბამისად აზრი აღარ ექნება იმას, რომ რესტორანმა რაღაც დამალოს“, - განაცხადა გოჩა ჩხაიძემ და ისიც აღნიშნა, რომ საქართველოში სარესტორნე ქსელის გაფართოების გეგმის არქონა სწორედ ამ მიზეზით აიხსნება.

„ამიტომ არ ვხსნი ქვეყანაში სხვა რესტორანს. ეს ერთ-ერთი მიზეზია. სარესტორნე ბიზნეს ძალიან დიდი ენერგია სჭირდება და თუ გვინდა ეს დარგი შემოსავლიანი გახდეს, რაღაც ნაბიჯები უნდა გადაიდგას“, - თქვა Forbes Talks-ში Terrace Askaneli-ს დამფუძნებელმა.

შეგახსენებთ, რომ „ასკანელი“ ქართული კონცეფციის რესტორნებს დუბაისა და ალმატიში 2023 წელს გახსნის, რისთვისაც დაახლოებით 2.3 მლნ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.