მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიახ, არის დროში შეფერხებები - სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი საბანკო გადარიცხვების შესახებ

62d8f7b24bfcb
შოთა ტყეშელაშვილი
21.07.22 12:44
718
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა გადაცემა “ანალიტიკას” ეთერში განაცხადა, რომ საერთაშორისო საბანკო გადარიცხვებში მართლაც არსებობს შეფერხებები, რაც განპირობებულია იმით, რომ საქართველოსთან დაკავშირებული ტრანზაქციები საერთაშორისო საკორესპონდენციო ბანკების მხრიდან სანქციების რეჟიმთან დაკავშირებით დეტალურ შემოწმებას გადიან.

არჩილ მესტვირიშვილის განცხადებით, ეს შეფერხებები იქნებოდა უფრო ფართომასშტაბიანი იმ შემთხვევაში, თუკი საქართველო არ მიუერთდებოდა საერთაშოროსო საფინანსო სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.

“ნებისმიერი გადარიცხვა, რომელიც საქართველოდან უცხოეთში გადის, გადის ამ ფილტრს, ისევე როგორც ჩვენთან ჩარიცხული თანხები გადის ამ ფილტრს. ამიტომაცაა ძალიან მნიშვნელოვანი სანქციების იმპლემენტაცია და საქართველოს საბანკო სექტორი შეუერთდა სანქციებს, რაც აძლევს იმის საშუალებას, რომ დიახ არის დროში შეფერხებები, მაგრამ უფრო ნაკლებია, ვიდრე რომ არ ვყოფილიყავთ სანქციებს მიერთებული,”- განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.

გუშინ საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ არის შემთხვევები, როდესაც ამერიკული ბანკების მიერ საქართველოსთან დაკავშირებული გადარიცხვები თვეზე მეტი ხნის განმავლობაშია შეფერხებული.

“სერიოზული პრობლემა შეექმნა ქართულ ბიზნესს. საქართველოდან განხორციელებულ ზოგიერთ გადარიცხვას ამერიკული ბანკები აფერხებენ ხანგრძლივი, თითქმის ორთვიანი შემოწმებით, ნაწილს ფულს უკან უბრუნებენ, ნაწილის ფული დღემდე გაჭედილია უძრავად. ქართული ბანკები დუმან და ინფორმაციას არ ასაჯაროებენ,”- განაცხადა რომან გოცირიძემ.

საკითხს გუშინ გამოეხმაურა ეროვნული ბანკი, რომელმაც ტრანზაქციების შეფერხებების შესახებ განცხადება გამოაქვეყნა.