მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიმიტრი ქუმსიშვილის ორგანიზაციამ გამარტივებული შესყიდვებით 90 ათასი ლარი მიიღო - TI

64abbc77a9ad5
BM.GE
10.07.23 16:50
644

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის ორგანიზაცია ტენდერის გარეშე ფულს იღებს იმ საჯარო სამართლის იურიდიული პირისგან (სსიპ), რომელიც მას ექვემდებარებოდა მინისტრის პოსტზე ყოფნის დროს,- ამის შესახებ ნათქვამია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში.

ორგანიზაციის მიერ შეგროვილი მასალების მიხედვით, 26 აპრილს სსიპ „საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ“ ა(ა)იპ „საქართველოს ანგელოზი ინვესტორების ქსელს“ გამარტივებული (პირდაპირი) შესყიდვით 40,000-ლარიანი ხელშეკრულება გაუფორმა. ხელშეკრულების თანახმად, „საქართველოს ანგელოზი ინვესტორების ქსელმა“ აპრილ-ივნისში კონფერენციის ჩატარების მომსახურება გაწია.

"ა(ა)იპ „საქართველოს ანგელოზი ინვესტორების ქსელი“ 2023 წლის პირველ მარტს დააფუძნა ამავე სახელწოდების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებამ - შპს „საქართველოს ანგელოზი ინვესტორების ქსელმა“, რომელსაც 2022 წელს „საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსგან“ კიდევ ერთი 50,000 ლარიანი ხელშეკრულება აქვს მიღებული გამარტივებული შესყიდვით.

შპს „საქართველოს ანგელოზი ინვესტორების ქსელი“ 2021 წელს დაფუძნდა. კომპანიის 8.5% წილი ეკონომიკის და მდგრადი განვითარების ყოფილ მინისტრს დიმიტრი ქუმსიშვილს, 8.5% დიმიტრი ქუმსიშვილის ნათესავს ივანე თევდორაშვილს, 19% სომხეთის მოქალაქეს ჰაიკ ასრიანცს, 19% გურიელ ქოიავას, 15% შპს „G & G Invest“-ს, 27% კი შპს „დაწყებითი ბიზნესის და ინოვაციების საინვესტიციო ფონდს“ ეკუთვნის. ამ უკანასკნელის 10-10%-ს დიმიტრი ქუმსიშვილი და ივანე თევდორაშვილი ფლობენ.

ზოგადად, „ანგელოზი ინვესტორები“ არიან ინვესტორები, რომლებიც ახალდაფუძნებულ, მცირე კომპანიებში, ე.წ. „Startup“-ებში დებენ ფულს. სახელი „ანგელოზი“ დაკავშირებულია ინვესტორის სტატუსთან – ის დამწყებ კომპანიას ეხმარება. თუმცა, საქართველოს შემთხვევაში პირიქით გამოდის, სახელმწიფო ეხმარება „ანგელოზ ინვესტორებს“.

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს საქართველოს პროკურატურამ დიმიტრი ქუმსიშვილის ეკონომიკის მინისტრობის პერიოდზე სამინისტროს მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება/გაფლანგვის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო. გამოძიების მთავარი ინტერესი ტენდერებში გამარჯვებულად გამოვლენილი კომპანიები და შესყიდვები იყო. პროკურატურამ დიმიტრი ქუმსიშვილიც გამოკითხა", - ნათქვამია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები