მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თუკი ქვეყანაში კიდევ ერთი ჩინური ბანკი შემოვა, ამაში ცუდი არაფერი არაა, პირიქით - დიმიტრი ქუმსიშვილი

დიმიტრი ქუმსიშვილი

ბანკ "პეისერა საქართველოს" გენერალური დირექტორი, დიმიტრი ქუმსიშვილი გადაცემა "ანალიტიკასთან" ინტერვიუში აღნიშნავს, რომ თუკი ქვეყნის საბანკო სექტორში ახალი მოთამაშე შემოვა და ამ გზით კონკურენცია გაიზრდება, ამაში ცუდი არაფერი არ იქნება. ქუმსიშვილი მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში თუ საქართველოში ჩინური ბანკი გადაწყვეტს საქმიანობის დაწყებას, ამას ქვეყნის ეკონომიკის დაკრედიტებაზე მხოლოდ დადებითი გავლენა შეიძლება ჰქონდეს, ხოლო რისკები რომლებზეც აპელირებენ უკავშირდება საკითხის არასწორ დანახვას, რადგანაც ე.წ. "ჩინური ვალის მახე" უკავშირდება ისეთ პროექტებს, რომლებშიც ჩინური ბანკები განვითარებადი ქვეყნების მთავრობებისგან კომერციულ რისკებზე სახელმწიფო გარანტიებს ითხოვენ, ასეთ გარანტიებს კი საქართველო არ გასცემს.

"თუ ეს მოხდა [ჩინური ბანკი შემოვიდა], მე არ მაქვს დადასტურებული ინფორმაცია, მაგრამ თუ შემოვიდა დიდი ბანკი მე ვფიქრობ რომ თუ შემოვიდა ბანკი ალბათ რომელიმე არსებული ბანკი შეიძლება იყიდოს და თუ შემოვა დიდი კაპიტალით, ამაში ცუდი არაფერი არაა, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის დაფინანსებისთვის იქნება ეს ყველაფერი.

ჩვენთვის სასურველია ამერიკული, ევროპული თუ ჩინური კაპიტალის შემოსვლა და თუ გადაწყვიტა ქვეყანაში შემოსვლა, დიდი მადლობა უნდა ვუთხრათ. ალბათ რისკებზე რასაც ამბობთ არის აფრიკის ქვეყნებში ინვესტირებაზე, იქ რისკი იყო ქვეყნის მთავრობების მიერ გარანტიების გაცემა. საქართველო ასეთ გარანტიებს არ გასცემს და ის კანონით აკრძალულია. აქედან გამომდინარე რისკი რა შეიძლება იყოს, თუ ჩინური ბანკი შემოვა და დაიწყებს ეკონომიკის დაკრედიტებას? ამასთან, ჩვენ ვართ ყველაზე რეგულირებადი სფერო, რა უნდა დააშავოს ამ ბანკმა მე ვერ ვხდები.

ბაზისბანკი არის ჩინური ინვესტიციით დაარსებული და 4.8 მილიარდ ლარს აღწევს აქტივებით. რაიმე გეოპოლიტიკური რისკი შექმნა ქვეყნისთვის? ვინმე შევიდა და უთხრეს ჩინურად გაიღიმეო?"- განაცხადა ქუმსიშვილმა.

29 მარტს საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ მოაწერა. ნათია თურნავამ ასევე აღნიშნა, რომ სებ-ი გეგმავს საქართველო კიდევ უფრო მიმზიდველი გახადოს ჩინური მხარისთვის.

“ჩვენი ერთობლივი ამოცანაა უფრო ეფექტური გავხადოთ და დავაახლოოთ ორი ქვეყნის საბანკო სექტორი. ვგეგმავთ, რომ უფრო მიმზიდველი გავხადოთ საქართველოს ფინანსური ბაზარი ჩინური ბანკებისთვის და ჩინური საფინანსო სექტორის წარმომადგენლებისთვის. მისასალმებელია, რომ ჩინურმა მხარემ ჩვენთან მჭიდრო თანამშრომლობის დიდი ინტერესი და სურვილი გამოხატა“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები