მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-ი გეგმავს, ბანკებს ჯარიმების ზედა ზღვარი გაუათმაგოს - ბრძანების პროექტი

ნათია თურნავა

საქართველოს ეროვნული ბანკი "კომერციული ბანკებისა და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების წესში" ცვლილებები შეიტანოს და კონკრეტული დარღვევებისთვის გათვალისწინებული ჯარიმების ზედა ზღვარი გაზარდოს - ამას ითვალისწინებს სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას ბრძანების პროექტი, რომელიც ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ბანკების ფულადი ჯარიმების განმსაზღვრელი ბრძანება ეროვნულმა ბანკმა 2009 წელს მიიღო და მისი მიხედვით, სებ-ს ბანკებისთვის შეეძლო დაეწესებინა ჯარიმა, რომლის მოცულობაც იყო საზედამხედველო კაპიტალის 0.01%, 0.05%, 0.1%, ხოლო ახალი ბრძანების პროექტით მას ემატება საზედამხედველო კაპიტალის 0.5%-ისა და 1%-ის ოდენობის ჯარიმები.

ეროვნული ბანკის განმარტებით, ეს ცვლილება საზედამხედველო ეფექტიანობის ზრდისკენ არის მიმართული:

"აღსანიშნავია, რომ ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტების მიერ კანონმდებლობის, მათ შორის, მარეგულირებელი ორგანოს მიერ დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის შესაბამისი საზედამხედველო ზომების და სანქციის-ფულადი ჯარიმის გამოყენება მსოფლიოს განვითარებულ და წამყვან ქვეყნებში დამკვიდრებულ და აპრობირებულ საუკეთესო პრაქტიკას ეფუძნება.

ამავე პრაქტიკის მიხედვით, მარეგულირებელი ორგანოს მიერ ამა თუ იმ დარღვევისთვის განსაზღვრული ფულადი ჯარიმა უნდა იყოს ეფექტური, პროპორციული და ჰქონდეს პრევენციული ეფექტი. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია, ფულადი ჯარიმა განისაზღვროს როგორც დარღვევის, ისე საზედამხედველო სუბიექტის ზომის და განვითარების დონის პროპორციულად", - ნათქვამია სებ-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

რა წერია ბრძანების პროექტში:

„საბანკო საქმიანობის ლიცენზიის ან ეროვნული ბანკის შესაბამის სამართლებრივ აქტზე თანდართული ნებისმიერი პირობის ან შეზღუდვის დარღვევის შემთხვევაში ბანკი ჯარიმდება დარღვევის გამოვლენის მომენტისათვის ბოლო ანგარიშგების მდგომარეობით არსებული საზედამხედველო კაპიტალის 0.01%-ის, 0.05%-ის, 0.1%-ის, 0.5%-ის ან 1%-ის, მაგრამ არანაკლებ 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის სერიოზულობის ან/და კომერციული ბანკის აქტივებისთვის მიყენებული ზარალის ან/და შესაძლო საფრთხიდან გამომდინარე.“

„მოქმედი კანონმდებლობით (მათ შორის, ეროვნული ბანკის ინსტრუქცია, დებულება, წესი, დადგენილება) ან/და ეროვნული ბანკის მოთხოვნებითა და წერილობითი მითითებით აკრძალული ოპერაციების წარმოებისას ან/და დაწესებული შეზღუდვების, ლიმიტების, მოთხოვნების და აკრძალვების შეუსრულებლობისას ბანკი ჯარიმდება თითოეული ასეთი ოპერაციის ან/და ქმედების წარმოების/განხორციელების გამოვლენის მომენტისათვის ბოლო ანგარიშგების მდგომარეობით არსებული საზედამხედველო კაპიტალის 0.01%-ის, 0.05%-ის, 0.1%-ის, 0.5%-ის ან 1%-ის, მაგრამ არანაკლებ 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის სერიოზულობის ან/და კომერციული ბანკის აქტივებისთვის მიყენებული ზარალის ან/და შესაძლო საფრთხიდან გამომდინარე".

მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, თუკი ბანკის საზედამხედველო კაპიტალი შეადგენს მაგალითად, 1 მილიარდ ლარს, მისი საზედამხედველო კაპიტალის 0.1 შეადგენს 1 მილიონ ლარს, ხოლო 1% არის 10 მილიონი ლარი, შესაბამისად, ჯარიმის ზედა ზღვარი ათმაგდება.

თუკი კონკრეტული ბანკის საზედამხედველო კაპიტალია 6 მილიარდი ლარი, მისი 0.1 იყო 6 მილიონი ლარი, ხოლო 1%-ია 60 მილიონი ლარი. შესაბამისად, სისტემური მნიშვნელობის ბანკების მიერ სებ-ის რეგულაციების დარღვევას თეორიულად ათობით მილიონი ლარის ჯარიმის დაწესება შეიძლება მოჰყვეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები