მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დისტანციური სწავლება სკოლებში - რა დასკვნა დადო აუდიტის სამსახურმა?

6275348f12359
მარიამ ვარადაშვილი
06.05.22 19:15
1176
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, ქვეყნის მასშტაბით მოსწავლეების გარკვეულ ნაწილს დისტანციური სწავლებისთვის საჭირო რესურსებზე ხელი არ მიუწვდება. საუბარია კომპიუტერსა და ინტერნეტზე.

ამას გარდა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ასეთი მოსწავლეების რაოდენობის შესახებ სრულ ინფორმაციას არ ფლობს. ამის შესახებ საუბარია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ეფექტიანობის ანგარიშში, რომელიც საჯარო სკოლებში დისტანციურ სწავლებას ეხება.

“საქართველოში პანდემიის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა 2020 წლის 21 მარტს და განათლების სამინისტრომ იმავე პერიოდში უზრუნველყო მოსწავლეები დისტანციური სწავლების სხვადასხვა ფორმით, თუმცა სამინისტრო არ ფლობს სრულ ინფორმაციას მოსწავლეთა რა ნაწილისთვის არის ხელმისაწვდომი კომპიუტერული ტექნიკა და ინტერნეტი”, - წერია ანგარიშში.

აუდიტის ცნობითვე, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (ემისი) სერვისს უწევს ჯამში 32 026 კომპიუტერს. ემისის მონაცემებით, აღნიშნული რაოდენობიდან დამაკმაყოფილებელი ტექნიკური პარამეტრებითაა 16 184 ერთეული. შესაბამისად, დაახლოებით, 50% იდენტიფიცირებულია, როგორც მოძველებული და ხარვეზებით მომუშავე.

ამას გარდა, აუდიტის ჯგუფმა ჩაატარა დისტანციური სწავლების პროცესში ჩართული სხვადასხვა მხარის გამოკითხვა. აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, გამოკითხვის შედეგები მიუთითებს დისტანციური სწავლების პროცესში ჩართული გარკვეული ნაწილისთვის საჭირო რესურსების ხელმისაწვდომობის პრობლემებზე.

“დისტანციური სწავლების დროს ძირითად პრობლემად გაუმართავი კომპიუტერი და ინტერნეტი დაასახელა 54 მშობლიდან 19-მა. ინტერნეტთან წვდომა კი − 28-მ, ხოლო გამოკითხული სრულწლოვანი 113 მოსწავლიდან 44-ს ჰქონდა − კომპიუტერის და 61 მოსწავლეს − ინტერნეტის პრობლემა.

• გამოკითხული 312 მასწავლებლიდან 127-მა აღნიშნა, რომ დისტანციური სწავლების დროს ხშირად იყო შემთხვევა, როდესაც მოსწავლეებს არ ჰქონდათ წვდომა კომპიუტერსა და ინტერნეტზე; პრობლემის იშვიათობაზე მიუთითა 169 გამოკითხულმა, ხოლო მსგავსი შეფერხება არასოდეს ჰქონია 16 მასწავლებელს. დისტანციური სწავლების დროს ძირითად პრობლემად გამოკითხული 312 მასწავლებლიდან, 56-მა დაასახელა მოსწავლის ჩართვა სასწავლო პროცესში, ხოლო 33-მა − ინტერნეტთან ხელმისაწვდომობა.

• 309 მასწავლებლიდან 52 ონლაინსწავლების დროს ისურვებდა ინტერნეტის ხარისხის გაუმჯობესებას, 42 კი − კომპიუტერით ან/და ინტერნეტით მოსწავლის უზრუნველყოფას.

• გამოკითხული 81 მშობლიდან 31-მა აღნიშნა, რომ მათ შვილებს კომპიუტერთან წვდომის პრობლემა ძალიან იშვიათად ჰქონდათ, ხოლო 24-ს არასოდეს ჰქონია მსგავსი პრობლემა. 18-ს − პერიოდულად, ხოლო საკმაოდ ხშირად და ძალიან ხშირად აღნიშნული პრობლემა ექმნებოდა, შესაბამისად, 5 და 3 მოსწავლეს.

• გამოკითხული 183 სრულწლოვანი მოსწავლიდან ინტერნეტის პრობლემები ძალიან ხშირად ჰქონდა 14 მოსწავლეს, საკმაოდ ხშირად − 26-ს, პერიოდულად − 67-ს, 50-ს − ძალიან იშვიათად, ხოლო 26-ს მსგავსი პრობლემა არასოდეს ჰქონდა", - წერია ანგარიშში.