ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) სასკოლო განათლების ხარისხის შეფასების ერთ-ერთი ინდიკატორის, PISA-ს შეფასება გამოაქვეყნა.
აღნიშნული ინდიკატორით 15 წლის მოზარდებში კითხვის, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ცოდნა იზომება. საქართველოდან შეფასებაში 267 სკოლის 6,583 მოსწავლე მონაწილეობდა.
PISA-ს ქულების გათვალისწინებით სკოლის საგანმანათლებლო პროგრამის და განათლების ხარისხი დაბალია საქართველოში და წლების განმავლობაში ვერ პროგრესირებს.
აღნიშნულის მიზეზად შესაძლებელია განხილული იყოს ქვეყანაში განათლების სექტორის კომპლექსური გამოწვევები, რომლებიც IDFI-ს არაერთ კვლევაშია მიმოხილული. მათ შორის, მასწავლებლის პროფესიის მიმზიდველობის ნაკლებობა, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები მოსწავლეების შეზღუდული წვდომა ლიტერატურასთან და სასწავლო მასალებთან, სკოლების დაბალი ხარისხის ტექნიკური აღჭურვილობა და შესაბამისი პერსონალის კვალიფიკაცია და სხვა. უკანასკნელი განსაკუთრებით პრობლემური იყო COVID-19 პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების ფონზე, რაც თავის მხრივ ასახვას ჰპოვებდა PISA-ს 2022 წლის შეფასების შედეგებში.
PISA-ს 2022 წლის შედეგები კვლავ აჩვენებს, რომ ბოლო წლებში საქართველოს განათლების
სისტემაში განხორციელებული რეფორმები, ვერ უზრუნველყოფს სათანადო შედეგს, სისტემა კვლავ მრავალი გამოწვევის წინაშეა და დამატებით მნიშვნელოვან ცვლილებებს საჭიროებს.
მიმოხილვაში გამოკვეთილია ის 10 მიზეზი, რაც PISA-ს შეფასებით, მნიშვნელოვნად აფერხებს განათლების სისტემის განვითარებას
- სიღარიბე
- სასკოლო ინფრასტრუქტურა
- მასწავლებლის კვალიფიკაცია
- სკოლის პოლიტიზირება/დამოუკიდებლობის დაბალი ხარისხი
- სკოლების დაფინანსება
- სასკოლო პროგრამა და მოსწავლეთა შეფასების სისტემა
- COVID-19 პანდემია
- მოსწავლეთა დაბალი მოსწრება
- დაბალი ინკლუზიურობა
- მშობლების ჩართულობა
აღნიშნული მიზეზების დეტალური განხილვა, შეგიძლიათ PISA-ს შეფასებაში გაეცნოთ.