ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) სასკოლო განათლების ხარისხის შეფასების ერთ-ერთი ინდიკატორის, PISA-ს შეფასება გამოაქვეყნა.
აღნიშნული ინდიკატორით 15 წლის მოზარდებში კითხვის, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ცოდნა იზომება. საქართველოდან შეფასებაში 267 სკოლის 6,583 მოსწავლე მონაწილეობდა.
დოკუმენტის თანახმად, მოსწავლეთა 65%-67%-მა ვერც ერთ საგანში გადალახა სირთულის მეორე დონე, ეს დონე კი საბაზისო დონის უნარებს შეესაბამება.
PISA-ს 2022 წლის ანგარიშის მიხედვით, გაუარესებულია შედეგები კითხვის და მათემატიკის კომპონენტებში და მხოლოდ ერთი ქულით გაუმჯობესდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში 2018 წელს მიღებული შედეგი.
წაკითხულის გააზრებაში 15 წლის მოსწავლეების მიერ მიღებული შედეგები უტოლდება 2009 წელს ქართველი მოსწავლეების მიერ მიღებულ შედეგს.
გოგონების შედეგები სამივე კომპონენტში აღემატება ბიჭების შედეგებს. განსაკუთრებით დიდია სხვაობა წაკითხულის გააზრებაში (35 ქულა), ხოლო მათემატიკაში მეტ-ნაკლებად მსგავსი შედეგებია.
საკმაოდ მაღალია და თითქმის თანაბარი მათემატიკაში დაბალი ქულების მქონე გოგონების
(66%) და ბიჭების (67%) წილი, მაშინ როდესაც საუკეთესო შედეგები ორივე შემთხვევაში 1%-ს
აქვს.
ასევე, თითქმის თანაბარია იმ გოგონებისა და ბიჭების მაჩვენებლები რომელთაც აქვთ მაღალი უნარები მეცნიერებასა და კითხვაში (სირთულის 5-6 დონე), მათი წილი 0.1-0.3%-ს შორის მერყეობს.
თუ შედეგებს სოციო-ეკონომიკურ ჭრილში განვიხილავთ:
2015 წელთან შედარებით შემცირდა სხვაობა მათემატიკის ქულებს შორის მაღალი და დაბალი სოციო-ეკონომიკური სტატუსის მქონე მოსწავლეთა შედეგებს შორის და 65 ქულა შეადგინა.
ანალოგიური მაჩვენებელი OECD-ს ქვეყნების შემთხვევაში საშუალოდ 93 ქულაა. სოციალურად დაუცველ მოსწავლეთა დაახლოებით 14%-მა მიიღო მაღალი შედეგები მათემატიკაში (მოსწავლეთა ტოპ 25%), რაც ასევე, აღემატება OECD-ს საშუალო მაჩვენებელს (10%).
მეზობელი ქვეყნებიდან შეფასება მხოლოდ თურქეთსა და აზერბაიჯანში (ბაქო) ჩატარდა, თურქეთის საშუალო მაჩვენებელი 79 ქულით აღემატება, ხოლო ბაქოს მაჩვენებელი 2 ქულით ჩამორჩება საქართველოს მონაცემს (383). პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან მხოლოდ უზბეკეთს ვუსწრებთ, სხვა ქვეყნებთან შედარებით კი დაბალია საქართველოს მაჩვენებლები სამივე კომპონენტში.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის შეფასებაში 81 ქვეყანა მონაწილეობდა, რომელთა შორის საქართველომ
65-ე ადგილი დაიკავა. 2018 წელს, ამავე რეიტინგში საქართველო 70-ე ადგილს იკავებდა,
თუმცა, რეიტინგში დაწინაურების მიზეზი არა გაუმჯობესებული შედეგები, არამედ სხვა ქვეყნების დაბალი შედეგებია.
მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს.