მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორია სასკოლო განათლების ხარისხი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში? - PISA-ს შეფასება

მოსწავლე

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) სასკოლო განათლების ხარისხის შეფასების ერთ-ერთი ინდიკატორის, PISA-ს შეფასება გამოაქვეყნა.

აღნიშნული ინდიკატორით 15 წლის მოზარდებში კითხვის, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ცოდნა იზომება. საქართველოდან შეფასებაში 267 სკოლის 6,583 მოსწავლე მონაწილეობდა.

2022 წლის ანგარიშის მიხედვით, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან საქართველო გარკვეულ ნაწილში, მხოლოდ აზერბაიჯანს და უზბეკეთს უსწრებს.

მეზობელი ქვეყნებიდან შეფასება მხოლოდ თურქეთსა და აზერბაიჯანში (ბაქო) ჩატარდა, თურქეთის საშუალო მაჩვენებელი 79 ქულით აღემატება, ხოლო ბაქოს მაჩვენებელი 2 ქულით
ჩამორჩება საქართველოს მონაცემს (383).

პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან მხოლოდ უზბეკეთს ვუსწრებთ, სხვა ქვეყნებთან შედარებით კი დაბალია საქართველოს მაჩვენებლები სამივე კომპონენტში.

პოსტსაბჭოთა და მეზობელ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალია საქართველოს მაჩვენებელი (66.4%) იმ მოსწავლეებში, რომელთაც მათემატიკაში ვერ გადალახეს საბაზისო უნარების დონე. ანალოგიური მაჩვენებელი წაკითხულის გააზრებაში 67%-ია, ხოლო მეცნიერებაში - 65% და ჩამორჩება ყველა ქვეყანას, გარდა აზერბაიჯანის და უზბეკეთისა.

თუ შევადარებთ სამივე საგანს, 5-6 სირთულის დონე ქართველმა მოსწავლეებმა მეტად დაძლიეს მათემატიკაში, ვიდრე წაკითხულის გააზრებასა და მეცნიერებაში, თუმცა, შედეგები არ სცდება 1%-ს (1.1%, 0.2%, 0.2%, შესაბამისად). გამოდის, რომ მათემატიკაში, შეფასებაში მონაწილე მოსწავლეებიდან მხოლოდ 72-მა დაძლია რთული დონე, ხოლო წაკითხულის გააზრებას და მეცნიერებაში 13-13-მა.

უნარების მაღალი დონის მქონე მოსწავლეების წილი, საქართველოს მსგავსად 1%-მდე მერყეობს აზერბაიჯანსა და მოლდოვაში. თუმცა, ჩამოუვარდება ბალტიისპირეთის და OECD-ს ქვეყნების საშუალო მაჩვენებლებს.

PISA-ს ქულების გათვალისწინებით სკოლის საგანმანათლებლო პროგრამის და განათლების ხარისხი დაბალია საქართველოში და წლების განმავლობაში ვერ პროგრესირებს. აღნიშნულის მიზეზად შესაძლებელია განხილულ იქნას ქვეყანაში განათლების სექტორის კომპლექსური გამოწვევები, რომლებიც IDFI-ს არაერთ კვლევაშია მიმოხილული. მათ შორის, მასწავლებლის პროფესიის მიმზიდველობის ნაკლებობა, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები მოსწავლეების შეზღუდული წვდომა ლიტერატურასთან და სასწავლო მასალებთან, სკოლების დაბალი ხარისხის ტექნიკური აღჭურვილობა და შესაბამისი პერსონალის კვალიფიკაცია და სხვა.

უკანასკნელი განსაკუთრებით პრობლემური იყო COVID-19 პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების ფონზე, რაც თავის მხრივ ასახვას ჰპოვებდა PISA-ს 2022 წლის შეფასების შედეგებში.

PISA-ს 2022 წლის შედეგები კვლავ აჩვენებს, რომ ბოლო წლებში საქართველოს განათლების სისტემაში განხორციელებული რეფორმები, ვერ უზრუნველყოფს სათანადო შედეგს, სისტემა კვლავ მრავალი გამოწვევის წინაშეა და დამატებით მნიშვნელოვან ცვლილებებს საჭიროებს.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის შეფასებაში 81 ქვეყანა მონაწილეობდა, რომელთა შორის საქართველომ 65-ე ადგილი დაიკავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები