მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

PISA-ს ეფექტი: საით იხრება საქართველოს განათლების რეფორმა?

ელენე კვანჭილაშვილი

ამ ბლოგს ვწერ, როგორც „ანალიტიკა“–ს ავტორი და განათლების სფეროს დიდი გულშემატკივარი – თსუ გავლენებისა და კომუნიკაციის მაგისტრატურის ერთ–ერთი დამფუძნებელი და ადამიანი, ვინც საკუთარი შვილის განათლების ხარისხზე ღელავს.

პროლოგის მაგივრად

ამერიკაში პირველად 1 წლით სასწავლებლად რომ წავედი, 15 წლის ვიყავი. საქართველოში ჯერ კიდევ ის პერიოდია, როცა გაზი და შუქი არ გვაქვს და როცა სკოლებში 5–ბალიანი სისტემით გვაფასებენ. ამერიკაში წასვლამდე ვიცოდი, რომ ჩემს 5–ბალიან სისტემას იქ A, B, C, D და F შეფასება შეესაბამება. როგორც მეთერთმეტე კლასის მოსწავლეს, ტვინში ყველაზე მეტად ის ჩამებეჭდა, რომ F ყველაზე ცუდია, რადგან კლასის ან წლის ვერ დახურვას ნიშნავს.

ამერიკულ Watauga High School-ში პირველ დღესვე პირველი რაც გავაკეთე, სწორედ შეფასების სისტემა გადავამოწმე და ჩემთვის ნაცნობ ლათინურ ასოებს შორის, დამატებით კიდევ ერთი – E – აღმოვაჩინე. ცხადია, ვიკითხე – ეს რაღას აღნიშნავს–მეთქი და მაშინ მივიღე პასუხი, რომელიც თურმე მომავალში მთლიანად განსაზღვრავდა ჩემს დამოკიდებულებას განათლების სისტემის მიმართ.

“E stands for Effort” - მიპასუხეს: ძალისხმევას აღნიშნავსო. მივხვდი, რომ ასეთი განათლების სისტემა მინდა – რომელიც ავტომატურად არც გსჯის, არც ჯილდოებით გავსებს: ჯერ კარგად გაკვირდება, საკმარის ძალისხმევას ახმარ თუ არა გაკვეთილების მომზადებას, არის თუ არა განათლების მიღება ან/და გაცემა შენი მთავარი მოწოდება და საქმე, და თუ ამაში რწმუნდება, მთელ სკოლას შენკენ მომართავს – შეძლო, შენი ძალისხმევა თარგმნო პოტენციალში და ბევრად უკეთეს შედეგებში. არ დარჩე ბაზისის, ფუნდამენტის გარეშე.

PISA-ს უახლესი კვლევის მონაცემებს რომ ვეცნობოდი, საქართველოს შემთხვევაში ზუსტად ეს შთაბეჭდილება დამრჩა – ფუნდამენტი ეცლება სკოლას და არა მხოლოდ პირდაპირი მნიშვნელობით: დანგრეულ სკოლას აღადგენ, ინფრასტრუქტურულად გამართავ – მაგრამ შენს მოსწავლეს წაკითხულიდან რომ შინაარსი ვერ გამოაქვს და მარტივ მიმართებებს ვერ ადგენს – ამას რა რეფორმა უნდა დააშენო?!

PISA 2022: საქართველოს შედეგები

მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის, PISA 2022-ის კვლევის უახლესი მონაცემები აჩვენებს, რომ 15 წლის ქართველი მოსწავლეების ცოდნა და უნარები მათემატიკაში, წაკითხულის გააზრებასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში 2018 წელთან შედარებით არ გაუმჯობესებულა. PISA-ს ბოლო კვლევა სწორედ 2018 წელს ჩატარდა.

2022 წელს, 2018 წელთან შედარებით, მხოლოდ ერთი ქულით გაუმჯობესდა შედეგი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში. მათემატიკასა და წაკითხულის გააზრებაში კი შესაბამისად – 8 და 6 ქულით გაუარესდა. თუმცა, PISA-ს შეფასებაში ნათქვამია, რომ არცერთი ეს ცვლილება სტატისტიკურად მნიშვნელოვანი არ არის ანუ სტატისტიკას არ ცვლის.

კვლევის მიხედვით, მათემატიკის მე-2 საბაზო დონეს ქართველ მოსწავლეთა 34%-მა მიაღწია. ეს მონაცემი მნიშვნელოვნად ჩამორჩება იმ ქვეყნების შედეგებს, რომლებიც PISA-ს შეფასებაში მონაწილეობენ. წაკითხულის გააზრებაში დაახლოებით 33%-მა მიაღწია კითხვის მე-2 ან უფრო მაღალ დონეს, ხოლო საბუნებისმეტყველო საგნებში - დაახლოებით 35%-მა.

კერძო სკოლის მოსწავლეები შედარებით უფრო მაღალ შედეგს აღწევენ, ვიდრე - საჯარო სკოლის.

რომ გვესმოდეს, რას ნიშნავს მე–2 დონე: მოსწავლეებს შეუძლიათ შექმნან მარტივი სტრატეგიები პრობლემის გადასაჭრელად, შეუძლიათ ინფორმაციის მიღება ერთი ან მეტი წყაროდან, მარტივი ამოცანების გადაჭრა, შედეგების პირდაპირი ინტერპრეტაცია – ეს ყველაზე მარტივი, ბაზისური საფეხურებია.

ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან შედარებით, საქართველო სამივე კატეგორიაში ჩამორჩა მოლდოვას, ლიეტუვას, ყაზახეთს და ესტონეთს. აზერბაიჯანს მხოლოდ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში აჯობა. კვლევის ჩატარება უკრაინის გარკვეულ ტერიტორიებზეც მოხერხდა –27-დან 18 ოლქში – საქართველოს ომში მყოფმა ქვეყანამაც სამივე კატეგორიაში აჯობა.

PISA-ს ამ საკმაოდ მძიმე სურათის გაცნობისას, ჩემი მთავარი აქცენტი მაინც – ძალისხმევის კომპონენტზე იყო – ჩანს თუ არა რაიმე მიმართულებით მოსწავლის (და მასწავლებლის) ძალისხმევა, რასაც შეიძლება სისტემა ჩაეჭიდოს და პოტენციალად და უკეთეს შედეგებად აქციოს ..

PISA 2022: ძალისხმევა

საქართველოს ეკონომიკურად შეჭირვებული 15 წლის მოსწავლეების დაახლოებით 14%-მა მათემატიკაში უმაღლესი ქულები მიიღო. ისინი მაღალი მიღწევების მქონე მოსწავლეების ზედა 25%-ში მოხვდნენ და მათ კვლევა უწოდებს აკადემიურად მდგრადებს – სწორედ ამ მიზეზით, რომ ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად, საქართველოს სხვა მოსწავლეებთან შედარებით, უმაღლეს მაჩვენებლებს მიაღწიეს.

ზოგადად, საქართველოში კვლევაში მონაწილე მოსწავლეების მხოლოდ 7.3 % იყო ყველაზე ღარიბი. საქართველოს მსგავსი სოციალურ-ეკონომიკური ფონი ჰქონდა ყოველ მესამე მოსწავლეს თურქეთსა და ვიეტნამში.

ჯამურად, საქართველოში სოციალურ-ეკონომიკურად შეძლებულმა მოსწავლეებმა მათემატიკაში 65 ქულით აჯობეს უფრო ღარიბ მოსწავლეებს. თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ 2022 წელს, ისევე როგორც 2018-ში, ყოველმა მეათე მოსწავლემ თქვა, რომ უკმაყოფილო იყო თავისი ცხოვრებით.

საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალში მოხვდა, სადაც სქესის მიხედვით, გოგოების შედეგები აღემატება ბიჭების მიღწევებს. საქართველოს მსგავსი მონაცემები აქვთ ბრუნეის, ჩრდილოეთ მაკედონიას, ფილიპინებს, მაროკოს, ალბანეთს, პალესტინას, მონღოლეთს, აზერბაიჯანს, დომინიკის რესპუბლიკას, ფინეთს და კიდევ 6 სხვა ქვეყანას.

გოგოების უპირატესობა ძირითადად კითხვის უნარში იგრძნობა – კითხვაში ისინი ბიჭებს 35 ქულით სჯობნიან. რაც შეეხება მათემატიკას, საქართველოში გოგოები და ბიჭები მათემატიკის დავალებებს საშუალოდ, ერთნაირ დონეზე ასრულებენ.

მათემატიკაში მაღალი შედეგები თბილისში მცხოვრებ მოსწავლეებს აქვთ, შემდეგ - სხვა ქალაქებსა და სოფლებში მცხოვრებლებს. ყველაზე დაბალია დაბაში მცხოვრები მოსწავლეების შედეგები. მსგავსია მონაცემები კითხვასა და საბუნებისმეტყველო საგნებშიც.

PISA 2022: ფაქტები და შეფასებები

თამარ სანიკიძე, განათლების ყოფილი მინისტრი: „მოვიდა ეს პანდემია, სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ. ცალსახად ვიყავით დარწმუნებულები, რომ ამას თავისი შედეგები ექნებოდა. შესაბამისად, შედეგებიც სახეზეა, თუმცა არა ისეთი მასშტაბით, როგორსაც სიმართლე გითხრათ, ველოდებოდი. საქართველოში სკოლები, მემგონი, ყველა სხვა ქვეყანაზე უფრო დიდხანს იყო დაკეტილი. თუმცა, მერე ჩვენ ვერ მოვახერხეთ მოსწავლეების და სკოლების ხელშეწყობა სათანადოდ, რომ ამ ჩავარდნის კომპენსაცია მომხდარიყო და ეს ნელ–ნელა თავის შედეგებს აჩვენებს“.

PISA-ს შედეგებს თუ შევხედავთ წლების მიხედვით, 2009, 2015, 2018 და 2022 წლებში, როცა PISA ჩატარდა – საქართველოს მეტ–ნაკლებად მსგავსი შედეგები აქვს. რომელიმე წელს რაიმე გარღვევაზე საუბარი ან მათემატიკის, ან წაკითხულის გააზრების ან საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში არ გამოდის. 2015 წელს შედარებით უკეთესი შედეგებია, თუმცა შემდეგ, ქულები იკლებს.

შალვა ტაბატაძე, განათლების სპეციალისტი: „13 წელია გასული და რამდენად განვითარდა ჩვენი აკადემიური სისტემა? სამწუხაროდ, ეს განვითარება აბსოლუტურად არ არის ხელშესახები. დაფინანსება არის მნიშვნელოვანი, თუმცა ეს არ არის მიზანი. ეს არის საშუალება პოლიტიკის განსახორციელებლად. მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო რეფორმა და არა – ფინანსები. 2012 წლიდან გაოთხმაგებულია ფინანსთა სამინისტროს დაფინანსება. ზოგადი განათლების დაფინანსებაც არის გასამმაგებული. თუმცა, როგორც ვთქვით, ეს აკადემიურ მიღწევებში არ არის ასახული. განათლების სისტემა არათუ ცვლილებების აგენტია, არამედ – ყველაფერი იცვლება და ვითარდება და განათლების სისტემა რჩება ერთ ადგილზე“.

წინა წლებთან შედარებით შემცირებულია მოსწავლეების რაოდენობა, რომლებმაც თავიანთი მომავალი სასურველი პროფესიის შესახებ იციან. 2015 წელს ეს მონაცემი 73% იყო, 2018 წელს - 68%, ხოლო 2022 წელს კი 57%-მდე შემცირდა. მეორე მხრივ, იმ მოსწავლეებს, რომლებსაც არჩეული აქვთ თავიანთი მომავალი პროფესია, წაკითხულის გააზრებაში უკეთესი შედეგები აქვთ.

რა იქნება საქართველოს მომავალი თაობისთვის სასურველი პროფესია - 15 წლის მოსწავლეებს, რომლებმაც PISA-ს კვლევაში მიიღეს მონაწილეობა, ეს კითხვაც დაუსვეს.

კვლევის ეს თავი აჩვენებს, რომ მოსწავლეების მიერ ყველაზე ხშირად დასახელებული პროფესიების მიხედვით, PISA-ს წინა ტალღების შედეგების მსგავსად, 2022-შიც პირველ პოზიციას კვლავ იურისტობა იკავებს. ყველაზე ხშირად დასახელებულ პროფესიებს შორის მეორე ადგილზე ვხვდებით პროგრამისტობას, რომელიც 2018 წელს დასახელებულ საქმიანობებს შორის მეოთხე ადგილზე იყო.

პროგრამისტის პროფესიის ასეთი ზრდა გამოწვეულია ბიჭების მიერ ამ პროფესიის ყველაზე ხშირად დასახელებით. ბიჭების შემთხვევაში მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა სპორტსმენობამ, რომელიც როგორც 2015, ასევე 2018 წლებში ყველაზე ხშირად დასახელებული პროფესია იყო. ბიჭების ნაწილს პირდაპირ აღმასრულებელი დირექტორობაც უნდა – ეს ჩემი საყვარელი ნაწილია.

გოგოების შემთხვევაშიც, წინა წლების მსგავსად, ყველაზე ხშირად დასახელებული პროფესია ისევ იურისტობაა, თუმცა, აღსანიშნავია, რომ მათ მიერ ყველაზე ხშირად დასახელებულ 10 პროფესიაში, წინა ტალღებისგან განსხვავებით, მოხვდა პროგრამისტობაც.

თინათინ მახარაძე, შვეიცარიული აგრარული სკოლის დირექტორი: „სამწუხაროა, რომ მე რომ სკოლას ვამთავრებდი, მაშინაც იურისტობა იყო მოდაში და ამდენი წლის შემდეგ, ისევ იმავე სიტუაციაში ვართ. თუმცა, დაემატა შედარებით ახალი პროფესიებიც – პროგრამისტობა, როგორც გოგოებში, ისე ბიჭებში. ეს შედეგები პირველ რიგში გვეუბნება იმას, რომ ახალგაზრდებმა არ იციან პროფესიები; არ იციან, რომელი პროფესია რას ნიშნავს და იციან მხოლოდ ის პროფესიები, რაც უნახავთ ტელევიზიით, რაც მასობრივი საშუალებებით ვრცელდება და ვისაც წარმოდგენა აქვთ. ეს გვეუბნება, რომ ეს წარმოდგენებიც შექმნილია არა კონკრეტული პროფესიის წარმომადგენლების მიერ, არამედ, საკუთარი წარმოსახვით აქვთ ეს შთაბეჭდილებები მიღებული. პროფესიული ორიენტაცია დღეს სისტემურად არ ხდება სკოლებში. პროფესიულ კოლეჯებში მოდიან ხოლმე უკვე სხვა პროფესიების მქონე ადამიანები. თავიდან როდესაც დავიწყეთ კოლეჯი, თითქოს, თავისთავად ვიღებდით იმას, რომ ადამიანმა იცის, რა არის ფერმერი, ადამიანმა იცის, რა არის რძის პროდუქტების წარმოება. წელს გადავხედეთ ამ ჩვენს მიდგომას და გადავწყვიტეთ, სკოლის მოსწავლეებს ვასწავლოთ, რას ნიშნავს ეს პროფესია. პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება ყოველთვის უფრო საინტერესოა. თანამედროვე ახალგაზრდების თავისუფლების ხარისხზე მიუთითებს, რომ შეუძლიათ, თქვან რომ მე ჯერ არ ვიცი, რა მინდა და ცოტა დრო მომეცით, რომ მოვიფიქრო და ეს კარგია, რადგან რაც უფრო ასაკში შედიხარ, უფრო შეგიძლია ამ გადაწყვეტილების მარტივად მიღება“.

PISA: კრიტიკა და გამოყენება

PISA-ს შეფასებას, როგორც მეთოდს, საკმაო კრიტიკაც ახლავს თან. რამდენიმე ყველაზე საკამათო საკითხი ძირითადად ეხება იმას, რომ ტესტების თარგმანის შესაბამისობა გამოწვევაა, რა შესაძლოა გახდეს დაბალი შედეგების მიზეზი; ტესტები კულტურულად მიკერძოებულია და კონკრეტულ კულტურულ ჯგუფებთან მიმართებით, შეიძლება არ მუშაობდეს; სხვადასხვა ქვეყნის მოსწავლეებს კითხვარის შევსების სხვადასხვა მოტივაცია გააჩნიათ; ყველა ქვეყნის სასკოლო გეგმის დაფარვა გამოწვევაა, რადგან კონტექსტი განსხვავებულია; აწვრილებს კურიკულუმს და იმ ცოდნას და უნარებს, რომლებიც უნდა განვითარდეს.

როგორც სოციალურ ფსიქოლოგს, სრულიად მესმის, რომ ამ არგუმენტების დიდი ნაწილი ვალიდური შეიძლება იყოს. ზოგჯერ კვლევაში ექვივალენტობის პრინციპია დასაცავი და არა – ზუსტი თარგმანის. სხვათა შორის, რამდენიმე წლის წინ, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის რჩევა ამ კრიტიკის გასანეიტრალებლად მათ შორის ისიც იყო, რომ PISA-ს შეფასების გუნდს მეტი დრო დაეთმო შესწავლის ქვეყნებში ადგილობრივი პარტნიორების მოძიებისთვის და მათთან თანამშრომლობით შეედგინა ტესტები.

დღეს PISA-ს ასეთი პარტნიორი საქართველოში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრია. ერთი დამთხვევა, როგორც ეს შემდეგ, თავად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ ახსნა ისიც იყო, რომ PISA 2022-ის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, ცენტრის ხელმძღვანელმა პოსტი მალევე დატოვა. შემდეგ გვითხრა, რომ უბრალოდ ამ დროს გავიგეთ, თორემ გადაწყვეტილება დიდი ხნით ადრე ჰქონდა მიღებული და ამის შესახებ, თანამშრომლებიც ინფორმირებული ჰყავდა.

"შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ჩემი მუშაობიდან უკვე 5 წელი გავიდა. ეს გახლდათ არაჩვეულებრივი გამოცდილება და ძალიან საინტერესო პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. ამ ეტაპზე მივიღე გადაწყვეტილება, რომ 1 იანვრიდან, პირადი განცხადების საფუძველზე, დავტოვო შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობა. აქვე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს გადაწყვეტილება რამდენიმე თვის წინ მქონდა მიღებული და მას არავითარი კავშირი არ აქვს ცენტრის საქმიანობასთან. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ცენტრის თითოეულ თანამშრომელს ნაყოფიერი და წარმატებული მუშაობისთვის, მინისტრსა და მინისტრის მოადგილეებს კი მხარდაჭერისთვის და ჩემს საქმიანობაში მაქსიმალური ხელშეწყობისთვის. ყოველთვის ვიქნები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დიდი გულშემატკივარი. მცირე შესვენების შემდეგ კვლავ გავაგრძელებ აქტიურ საქმიანობას განათლების სფეროში", - განაცხადა სოფო გორგოძემ.

განათლების ყოფილმა მინისტრმა თამარ სანიკიძემაც ის მითხრა, რომ სოფო გორგოძის გადადგომის დაკავშირება PISA-ს შედეგებთან არ შეიძლება. „შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი არც ავტორია ტესტის, არც თვითონ წყვეტს როგორ უნდა ჩაატაროს – ეს ყველაფერი მკაცრად განსაზღვრული პროტოკოლით ხორციელდება ზუსტად ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში, ამიტომ აქ ცენტრის წვლილი გარდა იმისა, რომ საველე სამუშაოები ჩაატაროს, არ არის. ამიტომ არ ვაკავშირებ მე ხელმძღვანელის წასვლას შედეგებთან“ – მითხრა თამარ სანიკიძემ.

ეპილოგის მაგივრად

რამდენიმე კითხვაა, რომელიც მრჩება და რომელსაც კონკრეტული ადრესატები ჰყავს ხელისუფლებაში. ამ კითხვებზე პასუხს გადაწყვეტილების უშუალოდ მიმღების გარდა ვერავინ მომცემს და რადგან, ჯერ კიდევ არ დარღვეულა დუმილის მანკიერი წრე, რომელიც მმართველმა ძალამ პრაქტიკაში დანერგა, უპასუხო კითხვებს ჩემი ბლოგის ფინალად მაინც გამოვიყენებ.

(i) თუ ტესტების ეკვივალენტობა პრობლემაა, რატომ არ მუშაობს თუნდაც იგივე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, რომ უფრო ადეკვატურად მიაწოდოს მოსწავლეებს ტესტები? ან რატომ არ ხდება მსგავსი ამოცანების თუ სააზროვნო სავარჯიშოების ინკორპორირება სახელმძღვანელოებში? კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ 13 წელია ამ ტესტში მსგავს შედეგებს ვიღებთ.

(ii) თუ შეფასების ამ სისტემას ვაღიარებთ და განათლების საკუთარი სისტემის დიაგნოსტირებისთვის ვიყენებთ, შედეგებს რატომ აღარ მოჰყვება რეაგირება? დღესაც განათლების მინისტრმა პანდემიას დააბრალა მხოლოდ მიღებული შედეგები და არც კი უცდია, რომელიმე მიმართულებით ჩაღრმავებოდა მოცემულობას, რომელსაც PISA-ს ვერანაირი კრიტიკა ვერ ცვლის: საქართველოში 15 წლის მოსწავლეებს წაკითხულიდან აზრის გამოტანა და ელემენტარული ანგარიში უჭირთ და 13 წელია ეს რეალობა ვერ შეიცვალა.

(iii) და ბოლოს, ვინ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ერთი და იგივე მმართველი ძალის პირობებში, განათლების სფეროს დაფინანსების ზრდის მიუხედავად, განათლების ხარისხს ისევ იგივე პრობლემები აქვს, რაც, სულ მცირე, 13 წლის წინ ჰქონდა?

ფაქტია, ტრანსფორმაციული ცვლილებებისთვის მეტი ძალისხმევაა საჭირო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები