საქართველოში მომრავლდა ისეთი ობიექტები, სადაც მომხმარებელს მხოლოდ უცხო ენაზე, უმეტესად კი რუსულად, ემსახურებიან. „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით კი ეს დარღვევაა.
რატომ გაჩნდნენ ბაზარზე მსგავსი ობიექტები, შეიძლება თუ არა, რომ მიზეზად მხოლოდ მიგრანტების გაზრდილი რაოდენობა ჩაითვალოს და შესაძლოა თუ არა, რომ პრობლემის მიზეზი კადრების დეფიციტიც იყოს? - საკითხით BMGTV-ის გადაცემა „ანალიტიკა“ დაინტერესდა.
HR კომპანია “ინსორსის” დამფუძნებელი მედეა ტაბატაძე „ანალიტიკაში“ ამბობს, რომ პრობლემის მიზეზი, როგორც მიგრანტების რაოდენობის ზრდა, ამასთან კადრების დეფიციტია.
„ამ პრობლემაში ორივე ფაქტორი მონაწილეობს. ერთი ნამდვილად - გაზრდილი მიგრაციაა, მეორე - რესურსის დეფიციტის გამო სხვადასხვა ენოვანი სამუშაო ძალის საქართველოში შემოყვანაა. მეორე პრაქტიკა მთელი მსოფლიოს მასშტაბით გავრცელებულია, მაგრამ იქ სადაც აღნიშნული პრაქტიკა მუშაობს, არ გულისხმობს იმას, რომ იმპორტირებულმა სამუშაო ძალამ იმუშაოს იმ ენაზე, რომელიც არ ესმის, არც მის დამსაქმებელს და არც მის დამსაქმებელ ქვეყანას. უნდა არსებობდეს ბარიერი. ბევრ შემთხვევაში მომხმარებელს დაკარგავს ასეთი ობიექტი, რადგან ქართველი მომხმარებელ აღარ შევა ისეთ ობიექტში, სადაც ის ვერ აგებინებს პერსონალს თუ რა უნდა“ - აღნიშნავს მედეა ტაბატაძე.