განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გუშინ, პარლამენტში გამოსვლისას რეპეტიტორების პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ქვეყანაში რეპეტიტორების ინსტიტუტს მოქალაქეები სხვა მიზნით იყენებენ. გიორგი ამილახვარი ირწმუნება, რომ მის მიერ დაანონსებული განათლების რეფორმა მოსწავლეებს საშუალო საფეხურის დანიშნულებას დაუბრუნებს.
აბიტურიენტი თათა ხუციანიძე BMG-სთან აღნიშნავს, რომ ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად ოთხ საგანში რეპეტიტორთან ემზადება. მისი თქმით, მოსწავლეები სკოლაში შესაბამის განათლებას ვერ იღებენ.
"განათლების სისტემა ისე მოწესრიგებული არ არის, რომ სკოლაში მივიღო ის განათლება და გავითავისო, რაც ეროვნულ გამოცდებზე მომეთხოვება. ამის გამო მიწევს ცალ-ცალკე მოვემზადო თითოეულ საგანში. რეპეტიტორებთან მაქსიმუმ 6 მოსწავლე ვართ, როცა სკოლაში 32 ბავშვი. ამ დროს პედაგოგი ვერ გაქცევს ყურადღებას. ამასთან, რეპეტიტორთან ყველაფერს სიღრმისეულად გავდივართ, სკოლაში ეს არ ხდება", - ამბობს აბიტურიენტი.
თათა ხუციანიძის თქმით, პრობლემა განათლების სისტემაშია, რის გამოც სკოლებისადმი ნდობა დაბალია. ის საჯარო მოხელეებს მოუწოდებს, მათი შვილები საჯარო სკოლებში ატარონ.
"სკოლაში მასწავლებელი ვერ გვაძლევს იმ განათლებას, რაც გამოცდებისთვის გვჭირდება. პირველ რიგში, იმიტომ, რომ არ აქვს რესურსი, დრო. ეს განათლების სისტემის ბრალია. მაღალჩინოსნის ბავშვები რომ დადიოდნენ საჯარო სკოლებში, ეს ასე არ იქნებოდა, უფრო მეტად მიექცეოდა სკოლებს ყურადღება. ჩემი ნება რომ იყოს, მათ ვეტყოდი, რომ სავალდებულოა, თქვენი შვილები ატაროთ საჯარო სკოლებში. როდესაც უმრავლესობა ატარებს კერძოში, ისინი არ ფიქრობენ რა განათლებას ვიღებთ საჯარო სკოლებში. გაკვეთილები წესიერად არ ტარდება, 31 ბავშვია, მასწავლებელი ვერ ახერხებს ყურადღების მოქცევას, სახელმძღვანელოები ყველა სკოლაში სხვადასხვაა, არასაჭირო ინფორმაციებია, თეორიული სწავლებაა, პრაქტიკაა საჭირო", - ამბობს აბიტურიენტი.
განათლების ექსპერტების ნაწილს კი მიაჩნია, რომ აბიტურიენტების საკლასო ოთახებში დაბრუნება რთული იქნება მანამ, სანამ მასწავლებლების კვალიფიკაცია არ ამაღლდება და რესურსებზე ხელმისაწვდომობა არ გაიზრდება. მათი თქმით, სისტემა ცოდნასა და უნარებზე ორიენტირებული უნდა იყოს და არა მხოლოდ ეროვნული გამოცდების ჩაბარებაზე.
"როდესაც სკოლას არ გააჩნია ფუნქცია და ნდობა, მაშინ ეს პრობლემა მუდამ იქნება. სკოლა ვერ აძლევს თანაბარ შესაძლებლობას და მათი დიდი ნაწილი არ არის ოპტიმალური ვერსია მშობლებისთვის, რადგან გვაქვს მკვეთრი უთანასწორობა მასწავლებელთა ცოდნაში, რესურსებზე წვდომაზე, მართვაში, ინფრასტრუქტურაში. გამოსავალი ისაა, რომ სისტემა უნდა იყოს ცოდნასა და უნარებზე ორიენტირებული. უნდა შეიქმნას ისეთი განათლების სისტემა, სადაც ყველას თავისი ფუნქცია ექნება", - განაცხადა განათლების ექსპერტმა, შალვა ტაბატაძემ.
ექსპერტები აცხადებენ, რომ განათლების სისტემის რეფორმა არა კონკრეტული მინისტრების ხედვებით, არამედ სისტემის საჭიროებებითაა განსახორციელებელი. ამასთან, მათი თქმით, სისტემა როგორც არ უნდა შეიცვალოს, რეპეტიტორის ინსტიტუტი არ გაქრება. "პროაქტივ გრუპ ჯორჯიას" დამფუძნებლის, გიორგი აგირბაიას განცხადებით, ევროპულ ქვეყნებში მოსწავლე რეპეტიტორს სხვა მიზნით მიმართავს, სკოლები კი ბავშვისთვის პრაქტიკული ცოდნის გაზიარებაზეა ორიენტირებული.
"როდესაც სკოლის მოსწავლეებს ევროპაში ვაგზავნით, იქ თანატოლებთან ერთად სხვადასხვა პროგრამაში მონაწილეობენ, დაბრუნების შემდეგ კი ძირითადი განსხვავება არის ის, რომ ახალგაზრდებს გაცილებით უმარტივდებათ საჯარო გამოსვლები, საკითხების შესწავლა, კრიტიკული ანალიზი, კრიტიკული ესეს წერა და ა.შ. განსხვავება არის ის, რომ ისინი [ევროპის სკოლები] ორიენტირებულები არიან ცოდნის გადაცემაზე და პრაქტიკული ცოდნის მიღებაზე; იმ უნარების განვითარებაზე, რომელიც ახალგაზრდებს დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარს ჩამოუყალიბებს. იქ სასკოლო განათლება მოსწავლის ინტერესებზეა ორიენტირებული", - აღნიშნავს გიორგი აგირბაია.