მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გლობალური ტურიზმი 88%-ით აღდგა - რა შედეგები აქვს საქართველოს?

ტურიზმი

COVID-19 პანდემიამ ტურიზმის ინდუსტრია მნიშვნელოვნად დააზარალა. როგორც გლობალურად, ასევე საქართველოში, აღდგენა ამ დრომდე გრძელდება. 2023 წელს გლობალური ტურიზმი 88%-ით აღდგა. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია (UNWTO) ინდუსტრიის სრულ აღდგენას მიმდინარე წელს ელის, რასაც მზარდი მოთხოვნა, აზიის ბაზარზე მკვეთრი აღდგენა და გაზრდილი საავიაციო კავშირები შეუწყობს ხელს.

UNWTO-ს მონაცემებით, რეგიონების მიხედვით აღდგენის დინამიკა ასე გამოიყურება:

ევროპა

2023 წელს, 2019 წელთან შედარებით, ევროპაში ტურისტული ვიზიტები 94%-ით აღდგა.

აზია

აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში ტურიზმის პანდემიამდელი დონის 65% აღდგა, რაც რამდენიმე ბაზრის და მიმართულების გახსნამ განაპირობა. აღსანიშნავია, რომ შედეგები არაერთგვაროვანია, ვინაიდან სამხრეთ აზიამ 2019 წელთან შედარებით 87%-იანი აღდგენა აჩვენა, ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიაში აღდგენა, დაახლოებით, 55% იყო.

აფრიკა

აფრიკის შემთხვევაში გასულ წელს აღდგენის მაჩვენებელი 96% იყო.

ახლო აღმოსავლეთი

ერთადერთი რეგიონი, რომელმაც პანდემიამდელ მონაცემებს გადააჭარბა, ახლო აღმოსავლეთია. გასულ წელს რეგიონმა 2019 წელთან შედარებით 22%-ით მეტი საერთაშორისო ვიზიტორი მიიღო.

რაც შეეხება ტურიზმის აღდგენის ეკონომიკურ ეფექტს, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის თანახმად, 2023 წელს ტურიზმიდან გლობალურმა შემოსავალმა (ტრანსპორტზე გაწეული დანახარჯების ჩათვლით) 1.6 ტრილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის შედეგების თითქმის 95%-იანი აღდგენაა.

საქართველოს შემთხვევაში, ტურიზმის სტატისტიკა პანდემიამდელ დონეს კვლავ ჩამორჩება. 2023 წლის მონაცემებით, საქართველოში ტურისტული ვიზიტები 2023 წელს 92%-ით აღდგა, შედეგად, გასულ წელს 4 669 467 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა. შედარებით დაბალია საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების აღდგენის მაჩვენებელი და 75.6%-ს შეადგენს. იმის მიზეზად, რომ ტურისტული ნაკადები პანდემიამდელ ნიშნულს ვერ დაუბრუნდა, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის მიერ სახმელეთო საზღვრის ჩაკეტვას ასახელებს, რამაც მისივე თქმით, საქართველოს 1.5 მილიონზე მეტი ტურისტი და 400 მილიონი დოლარი დააკარგვინა.

2023 წელს საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან 4.1 მილიარდი დოლარი მიიღო, რაც 2019 წლის დონეს 26.2%-ით აჭარბებს. მთავრობა ელის, რომ მიმდინარე წელს ტურიზმიდან შემოსავლები 4.5 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები