მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურიზმი ეკონომიკის ჭრილში

turizmi da ekonomika

ტურიზმი 21-ე საუკუნის მსოფლიო ეკონომიკისათვის ერთ-ერთი ყველაზე დინამიკურად მზარდი და მნიშვნელოვანი ინდუსტრიაა. ის არა მხოლოდ ფინანსური შემოსავლების წყაროა, არამედ ხელს უწყობს ქვეყნებს შორის კულტურულ გაცვლასა და თანამშრომლობას.

გასული ათწლეულის განმავლობაში ტურიზმის სექტორი მთელ მსოფლიოში განსაკუთრებულად გაიზარდა და ეს ტენდენცია სავარაუდოდ მომავალშიც გაგრძელდება. ამას მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) უახლესი მონაცემებიც მოწმობს, რომლის მიხედვითაც, საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 2024 წლის პირველ თვეებში დაახლოებით 285 მილიონს მიაღწია, რაც 2023 წლის ამავე პერიოდს 20%-ით აღემატება.

საქართველოსთვის, როგორც ტურისტულად მიმზიდველი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ ინდუსტრიის სწორად განვითარება. ტურიზმი ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რასაც ამ სექტორის წილის მუდმივი ზრდაც მოწმობს.

სტატიაში განვიხილავთ თუ რა სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ტურიზმსა და ინდუსტრიის მთავარ მიმართულებებს ეროვნული ეკონომიკისთვის.

რა არის ტურიზმი: განმარტება და ძირითადი კონცეფციები

ტერმინი ტურიზმი გულისხმობს ადამიანთა მოგზაურობას და დროებით ყოფნას თავიანთი ჩვეული საცხოვრებელი ადგილის გარეთ, დასვენების თუ სხვა მიზნებით. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) განმარტებით, ტურიზმი აერთიანებს ყველა აქტივობას, რომელსაც ტურისტები ახორციელებენ მოგზაურობისას და რომელთა მიზანი არ არის ანაზღაურებადი საქმიანობა.

ტურიზმის ერთ-ერთი ძირითადი კონცეფციაა ტურისტული დანიშნულების ადგილი - გეოგრაფიული არეალი, რომელსაც მკაფიოდ განსაზღვრული ფიზიკური და ადმინისტრაციული საზღვრები აქვს და ვიზიტორები სტუმრობენ. ტურისტული დანიშნულების ადგილი უზრუნველყოფს სხვადასხვა ტიპის მომსახურებებს, მათ შორის დაბინავებას, კვებას, ტრანსპორტს, ღირსშესანიშნაობების მონახულებას და სხვა სათავგადასავლო აქტივობებს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცნებაა ტურისტული პროდუქტი - საქონლისა და მომსახურების ერთობლიობა, რომელიც დამსვენებელს სჭირდება და იძენს მოგზაურობისას. ის ხუთ ძირითად კომპონენტს მოიცავს: დანიშნულების ადგილის მიმზიდველობა, მომსახურებები, ხელმისაწვდომობა, იმიჯი და ფასი.

ტურიზმის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე

ტურიზმი მნიშვნელოვან როლს თამაშობს მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში და საქართველოც არ არის გამონაკლისი. ამ ინდუსტრიას შეაქვს არსებითი წვლილი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში როგორც პირდაპირი, ისე ირიბი გზებით.

პირდაპირი ეკონომიკური ეფექტები უკავშირდება ტურისტების მიერ დაბინავებაზე, კვებაზე, ტრანსპორტზე, გართობასა და სხვა მომსახურებებზე დახარჯულ თანხებს. ეს ხარჯები პირდაპირ ზრდის შემოსავლებს ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართული ბიზნესებისთვის და შესაბამისად, დადებითად აისახება ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტზე (მშპ). მაგალითისათვის, 2023 წელს ტურიზმის პირდაპირმა კონტრიბუციამ ქვეყნის მშპ-ის 7.1% შეადგინა, რაც დაახლოებით 4.9 მილიარდ ლარს უტოლდება.

გარდა ამისა, ტურიზმს აქვს მნიშვნელოვანი არაპირდაპირი ეფექტები საქართველოს ეკონომიკაზე. მაგალითად, ტურისტული ბიზნესები, როგორებიცაა, სასტუმროები და რესტორნები, სარგებლობს ადგილობრივი მომწოდებლების პროდუქტებითა და მომსახურებებით. ეს კი ზრდის მოთხოვნას და ასტიმულირებს დარგებს, რომლებსაც ტურიზმის ინდუსტრიასთან პირდაპირი კავშირი არ აქვთ, მაგალითად სოფლის მეურნეობის, განვითარებას.

ტურიზმის ინდუსტრიას ასევე დიდი პოტენციალი აქვს ახალი სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისითაც. მაგალითად, საქართველოს შრომის ბაზრის მონაცემების მიხედვით, 2022 წელს სტუმარ-მასპინძლობის სექტორში დასაქმებულთა რაოდენობამ 37,336 შეადგინა.

თუმცა, მიუხედავად საქართველოს ეკონომიკისათვის ტურიზმის მზარდი მნიშვნელობისა, კრიტიკულია, რომ ინდუსტრიის განვითარების სტრატეგია იყოს მდგრადი. ეს გულისხმობს ადგილობრივი თემების ინტერესების დაცვას, ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას, რათა ქვეყანამ გრძელვადიან პერსპექტივაში მოახერხოს ტურიზმიდან მაქსიმალური სარგებლის მიღება.

ტურიზმის სახეობები და მათი პოტენციალი საქართველოში

საქართველო გამოირჩევა მდიდარი ბუნებრივი და კულტურული რესურსებით, რაც ქვეყანას სხვადასხვა ტიპის ტურიზმის მიმართულებების განვითარების შესაძლებლობას აძლევს. ქვემოთ განვიხილავთ ძირითად სახეობებს და მათ პერსპექტივებს საქართველოში:

ღვინისა და გასტრონომიული ტურიზმი

საქართველო, როგორც ღვინის სამშობლო და მდიდარი კულინარიული ტრადიციების მქონე ქვეყანა, იდეალური ადგილია ღვინისა და გასტროტურიზმისთვის.

ქვეყანაში ღვინის წარმოების ისტორია 8000 წელს ითვლის. საქართველოში გვხვდება მრავალი უნიკალური საღვინე ვაზის ჯიში, მათ შორის: რქაწითელი, მწვანე, ხიხვი, ქისი, ჩინური, გორული მწვანე, ცოლიკოური, ციცქა, კრახუნა, საფერავი, თავკვერი, შავკაპიტო, ალექსანდროული, მუჯურეთული, ძველშავი, უსახელოური, ოცხანური საფერე, ოჯალეში, ჩხავერი და ალადასტური.

აღსანიშნავია, რომ უძველესი ქართული ტრადიციული ღვინის დაყენების მეთოდი UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი. ეს მეთოდი სასმლის დაყენებას მიწაში ჩაფლულ თიხის ჭურჭელში, ქვევრში გულისხმობს.

ქართული ღვინის ტურიზმის მთავარი ცენტრებია კახეთი, ქართლი, იმერეთი და რაჭა-ლეჩხუმი. თითოეულ რეგიონს საკუთარი “ღვინის გზა” აქვს, რომელიც ტურისტისთვის დატანილია საოჯახო მარნები, ქარხნები და სადეგუსტაციო დარბაზები.

2021 წელს საქართველომ 107 მილიონი ბოთლი ღვინის ექსპორტით 250 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო. ის ფაქტი, რომ ამდენი უცხოელი მომხმარებელი ყიდულობს ქართულ ღვინოს, ქვეყნის კულტურისადმი დიდ ინტერესზე მიანიშნებს. შესაბამისად, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ღვინის ტურიზმზე მოთხოვნაც მაღალი იქნება - უცხოელი მომხმარებლები, რომლებიც უკვე იცნობენ და აფასებენ ქართულ ღვინოს დაინტერესდებიან ქვეყნის მონახულებით, რათა ადგილზე გაეცნონ დაყენების ტრადიციებს და დააგემოვნონ ენდემური ჯიშისგან დამზადებული სხვადასხვა სასმელი.

ასევე დიდი პოტენციალი აქვს გასტროტურიზმს. საქართველო მრავალფეროვანი სამზარეულოთი გამოირჩევა. თითოეულ რეგიონს უნიკალური კერძები და კულინარიული ტრადიციები აქვს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ისეთი კერძები, როგორებიცაა, ხინკალი, მწვადი, ფხალი და ხაჭაპური, ეს უკანასკნელი მსოფლიოს საუკეთესო ღვეზელების Top ხუთეულშიც კი მოხვდა.

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მინიჭებული აქვს ისეთ პროდუქტებს, როგორებიცაა დამბალხაჭო, თაშმიჯაბი და კუბდარი. ეს პროდუქტები გასტროტურისტებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა.

ეკოტურიზმი

საქართველო, თავისი მრავალფეროვანი ლანდშაფტით, მდიდარი ბიომრავალფეროვნებითა და უნიკალური ეკოსისტემებით, იდეალური ადგილია ეკოტურიზმის განვითარებისთვის.

ქვეყანაში 14 სახელმწიფო ნაკრძალი, 11 ეროვნული პარკი, 19 აღკვეთილი და 41 ბუნების ძეგლია. ეს დაცული ტერიტორიები ეკონოტურიზმის განვითარების მთავარ ძალას წარმოადგენს წარმოადგენს.

მაგალითად, თუშეთის ეროვნული პარკი, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოში მდებარეობს, თავისი ალპური მდელოებით, ხეობებითა და უნიკალური ფლორითა და ფაუნით გამოირჩევა. აქ შეგიძლიათ ნახოთ ისეთი იშვიათი ცხოველები, როგორებიცაა კავკასიური ჯიხვი და არჩვი. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი კი, ერთ-ერთი უდიდესია ევროპაში, რომელიც მრავალფეროვანი ტყეებითა და ბიომრავალფეროვნებითაა ცნობილი.

ეს მცირე ჩამონათვალიც კი ცხადყოფს, რომ ბუნებრივი მრავალფეროვნება ქმნის შესანიშნავ შესაძლებლობებს სხვადასხვა სახის ეკოტურისტული აქტივობებისთვის, მაგალითად ლაშქრობის, ალპინიზმის, ველოტურის, ფრინველებზე დაკვირვებისა და ბოტანიკური ექსკურსიებისათვის.

ამასთან მხოლოდ დაცულ ტერიტორიებით არ შემოიფარგლება ეკოტურიზმის პოტენციალი. ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 40% ტყითაა დაფარული, რაც ბუნებაზე დაკვირვებისა და ეკოლოგიური აქტივობებისთვის შესანიშნავ გარემოს ქმნის ბევრ მჭიდროდ დასახლებულ პუნქტშიც კი.

კულტურული ტურიზმი

საქართველო, როგორც უძველესი ცივილიზაციის კერა, უნიკალური კულტურული მემკვიდრეობით ხასიათდება, რაც კულტურულ ტურიზმს მნიშვნელოვან მიმართულებად აქცევს. ქვეყნის ისტორია, ხუროთმოძღვრება, ხელოვნება, ქართული ტრადიციები და ცხოვრების წესი განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს უცხოელ ვიზიტორებში.

საქართველოს კულტურული ტურიზმის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა რელიგიური ტურიზმია, რადგან ქვეყანა ერთ-ერთ უძველეს ქრისტიანულ სახელმწიფოდ მიიჩნევა. მრავლადაა ისტორიული ეკლესია-მონასტრები, რომლებიც UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი. განსაკუთრებით აღსანიშნავია სვეტიცხოველი, ჯვრის მონასტერი, სამთავრო, გელათი, ბაგრატი, ალავერდი და სხვა. ეს ძეგლები იზიდავს როგორც მომლოცველებს, ასევე ხელოვნებისა და არქიტექტურის ისტორიით დაინტერესებულ ტურისტებს.

აღსანიშნავია იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ქართული ძეგლებიც, მათ შორის ქართული მრავალხმიანობა, ქართული ანბანი, ქართული ჭიდაობა. ისინი ხაზს უსვამს ქართული კულტურის უნიკალურობას.

ქართული ტრადიციული რეწვა და ხალხური შემოქმედებაც პოტენციური კულტურული ტურიზმის რესურსია. ქართული ცეკვები, სიმღერები, ნაციონალური სამოსი თუ ტრადიციული რეწვის ნიმუშები დიდ ინტერესს იწვევს უცხოელ ვიზიტორებში. სოფლებში არსებული ეთნოგრაფიული მუზეუმები და კულტურის ცენტრები საშუალებას აძლევს მათ უკეთ გაეცნონ ამ მემკვიდრეობას.

სამედიცინო და გამაჯანსაღებელი ტურიზმი

ბოლო 10-15 წლის განმავლობაში მსოფლიოში შეინიშნება მოსახლეობის ინტერესის ზრდა გამაჯანსაღებელი ტურიზმისადმი. 2014 წელს ტურისტების დანახარჯებმა გამაჯანსაღებელ ტურიზმზე 438.6 მილიარდი დოლარი შეადგინა, ეს მაჩვენებელი ყოველწლიურად 8.5-9%-ით იზრდება.

საქართველო თავისი უნიკალური ბუნებრივი რესურსებით, სამედიცინო და გამაჯანსაღებელი ტურიზმისათვის მიმზიდველ ადგილს წარმოადგენს. ქვეყანაში მრავლადაა მინერალური წყლები და სამკურნალო კურორტები.

ამ მიმართულებით განსაკუთრებით აღსანიშნავია კახეთის რეგიონი, სადაც სამედიცინო/ველნეს პოტენციალის მქონე 8 კურორტი მდებარეობს: ახტალა, არხილოსკალო, ლაგოდეხი, უჯარმა, ცივი კოდა, თეთრი წყარო, თორღვას აბანო, ყვარელი.

აღსანიშნავია, რომ ჩამოთვლილი კურორტებიდან ამჟამად მხოლოდ სამი ფუნქციონირებს, რაც, ცხადია, ამ მიმართულების პოტენციალის სრულად ათვისებას აფერხებს. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია ბუნებრივი სამკურნალო რესურსების (მინერალური წყლები, სამკურნალო ტალახები) ბაზაზე საკურორტო და სარეაბილიტაციო ინფრასტრუქტურის განვითარება. გამართული ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სამედიცინო ტურიზმის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში.

აგროტურიზმი

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, საქართველოში განვითარებული ტურიზმის სახეებიდან აგროტურიზმზე ტურისტთა მხოლოდ 2% მოდის. არადა ქვეყანა, თავისი მდიდარი აგრარული ტრადიციებითა და მრავალფეროვანი სოფლის მეურნეობის სექტორით, აგროტურიზმის განვითარებისთვის იდეალურ ადგილს წარმოადგენს.

გარდა იმისა, რომ საქართველოში სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა მეტად მრავალფეროვანია, ამასთანავე, ქვეყანა თავისი კულტურული თავისებურებებითა და წეს-ჩვეულებებით გამოირჩევა. მაგალითად, კახეთი მევენახეობა-მეღვინეობითაა ცნობილი. აქ ვიზიტორებს რთველში მონაწილეობის მიღება, ყურძნის დაწურვა და ა.შ. შეუძლიათ. გურიაში კი ჩაის პლანტაციებია, ტურისტებისათვის საინტერესო უნდა იყოს მათი მონახულება, დეგუსტაციები და, შესაბამის სეზონზე, კრეფაში მონაწილეობის მიღებაც კი. სამეგრელო გამოირჩევა უნიკალური კულინარიული ტრადიციებით. ამ რეგიონში ტურისტებს შეუძლიათ გაეცნონ ადგილობრივი ყველის - სულგუნის დამზადების პროცესს და დააგემოვნონ ტრადიციული კერძები.

აგროტურიზმის განვითარება ხელს უწყობს სოფლის მეურნეობის სექტორის გაძლიერებას, ქმნის სოფლად დასაქმების შესაძლებლობებს და ადგილობრივი პროდუქტების პოპულარიზაციას ახდენს. ასევე ის ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის შენარჩუნებასა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვას ეხმარება.

ტურიზმის ინდუსტრიის გამოწვევები საქართველოში

საქართველოს ტურიზმის ინდუსტრია მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას. მაგალითად, მიუხედავად გარკვეული პროგრესისა, ქვეყანაში ჯერ კიდევ არასაკმარისად არის განვითარებული ტურისტული ინფრასტრუქტურა, მათ შორის სასტუმროები, განთავსების ობიექტები, კვების ობიექტები, გზები და ა.შ. მაგალითად, კრებულში ,,ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში და მსოფლიო გამოცდილება” აღნიშნულია, რომ ქუთაისში არსებული სასტუმროების მომსახურება ძირითადად ვერ პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს.

რამდენიმე ავტორი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში იგრძნობა კვალიფიციური კადრების დეფიციტი ტურიზმის სფეროში. მათი მომზადება და გადამზადება კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.

მიუხედავად გარკვეული ძალისხმევისა, საჭიროა ტურისტული პროდუქტებისა და ადგილების უფრო ეფექტური მარკეტინგი და რეკლამირება როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.

ეკოტურიზმზე საუბრისას აღნიშნულია, რომ, მაგალითად, ფშავ-ხევსურეთის რეგიონს ნაკლებად იცნობენ პოტენციური ტურისტები. არსებული ტურისტული პროდუქტების და სერვისების დივერსიფიკაცია და ინოვაციური პროდუქტების შექმნა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა.

სეზონურობის პრობლემა მნიშვნელოვნად აფერხებს ტურიზმის სტაბილურ განვითარებას. ბევრი სასტუმრო და ტურისტული ობიექტი მხოლოდ ზაფხულის სეზონზე მუშაობს, ხოლო ზამთარში ტურისტული აქტივობა მკვეთრად მცირდება. ეს პრობლემა უკავშირდება ტურისტული პროდუქტების ნაკლებობას - საჭიროა ახალი, კრეატიული შეთავაზებების განვითარება, რომლებიც წლის ნებისმიერ დროს იქნება მიმზიდველი ტურისტებისთვის.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ინოვაციური, არამედ მდგრადი ტურისტული პროდუქტების შექმნა, რომლებიც არა მხოლოდ მოიზიდავს ვიზიტორებს, არამედ უზრუნველყოფს ადგილობრივი თემების ჩართულობას და ბუნებრივი რესურსების დაცვას. ეს ხელს შეუწყობს ტურიზმის სექტორის გრძელვადიან მდგრად განვითარებას.

ამგვარად, საქართველოს ტურიზმის სექტორი საჭიროებს ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, კადრების მომზადებას, მარკეტინგულ ძალისხმევას, კვლევებს, ინოვაციურ და დივერსიფიცირებულ ტურისტულ პროდუქტებს და რესურსების კომპლექსურ გამოყენებას ზაფხულის სეზონზე დამოკიდებულების შესამცირებლად.

საბოლოოდ, საქართველოს ტურიზმის მომავალი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შეძლებს ქვეყანა თავისი უნიკალური რესურსების გონივრულად გამოყენებას და თანამედროვე ტურისტული ბაზრის მოთხოვნებთან ადაპტირებას. ეს ეკონომიკურ სარგებელსაც მოუტანს ქვეყანას და თან ხელს შეუწყობს კულტურათაშორის დიალოგს და საქართველოს პოზიციონირებას გლობალურ ტურისტულ რუკაზე.

ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ინფორმაციის მისაღებად, თვალი ადევნეთ ახალი ამბების პორტალი BM.ge-ს პლატფორმებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები