„მთიან რეგიონში ტურიზმის განვითარება ყოველთვის რთული ამოცანაა“, - ამის შესახებ BMGTV-სთან ინტერვიუში ავსტრიის ელჩი საქართველოში, თომას მიულმანი, საუბრობს და საქართველოს ტურისტულ პოტენციალს აფასებს.
„მნიშვნელოვანი გაკვეთილი ისაა, რომ მხოლოდ ერთ რომელიმე სეზონზე კი არა, მთელ წელზე კონცენტრირდეთ. თუ შევხედავთ ტურიზმის სტატისტიკას და ტურიზმიდან შემოსავლებს, ბოლო ოცი წლის განმავლობაში ეს რიცხვები ნელ-ნელა იზრდება, დასარჩენი ადგილების რაოდენობა კი იგივე რჩება, ან იკლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სერვისი უფრო ღირებული ხდება და, ამავდროულად, ტურისტული სეზონიც იზრდება.
ამიტომ, მხოლოდ ზამთარზე და სათხილამურო კურორტებზე, ან მხოლოდ ზაფხულზე ნუ კონცენტრირდებით. ძალიან ბევრი შესაძლებლობაა. არიან ადამიანები, ვისაც ლაშქრობა გაზაფხულზე ურჩევნია, ან შემოდგომაზე. ეს არის ერთ-ერთი გაკვეთილი, ნუ კონცენტრირდებით მხოლოდ ერთ პერიოდზე და ფოკუსირდით სრულ წელზე“, - ამბობს ავსტრიის ელჩი.
კითხვაზე, რა არის მთავარი გამოწვევები, რაც საქართველოში ტურიზმის განვითარებას აფერხებს, მიულმანი სამ მთავარ სირთულეს გამოყოფს.
„მთიან რეგიონში ტურიზმის განვითარება ყოველთვის რთული ამოცანაა. ბუნებას უნდა სცე პატივი. ყველაფერი გზების გაყვანით იწყება და ყურადღება უნდა მიაქციო, რომ უსაფრთხო გზა გაქვს, დარწმუნდე, რომ ქვები არ ცვივა, პატივი უნდა სცე ზამთარს, ზვავსაშიშროება უნდა გაითვალისწინო - ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი. რაც არ უნდა განავითარო, ბუნებასთან თანხვედრაში უნდა იყოს.
მეორე გამოწვევა ალბათ ისაა, რომ დარწმუნდე, რომ სწორი ბალანსი გაქვს დაცული ტურისტებისა და ადგილობრივების ინტერესების დაცვაში. ადგილობრივი მოსახლეობა აქ ცხოვრობს, მათ არ უნდათ მათი საცხოვრებელი ტურიზმის გამო საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს.
მესამე გამოწვევა ადგილობრივი მოსახლეობის ტურიზმში, ღირებულების ჯაჭვში ინტეგრირებაა. ნუ დაიწყებთ ხილ-ბოსტნეულის შორი ქვეყნებიდან იმპორტს, დარწმუნდით, რომ ადგილობრივ წარმოებაზე დაყრდნობა შეგიძლიათ. ვფიქრობ, ეს ისაა, რაც ტურისტებსაც მოსწონთ. როდესაც მწვანე ტურიზმზე, მწვანე ეკონომიკასა და ადამიანის ნაკვალევის შემცირებაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია, პრობლემები ადგილობრივ დონეზე გადაიჭრას“, - ამბობს ელჩი.
ცნობისთვის, BMG ავსტრიის ელჩს ავსტრიაში, ქალაქ ინსბურკში, GRETA-ს პროექტის ფარგლებში განხორციელებული სასწავლო ტურის დროს შეხვდა. ტური, რომელშიც ქართული დელეგაცია სვანეთიდან, რაჭიდან და იმერეთიდან იღებდა მონაწილეობას, ავსტრიაში, იტალიასა და სლოვენიაში მდგრადი სამთო ტურიზმის გამოცდილების გაცნობას, მის შემდგომ გათვალისწინებასა და კონტაქტების დამყარებას ისახავდა მიზნად და შვედეთის, ავსტრიისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდებოდა.
„საქართველოსთვის ეკონომიკისთვის ტურიზმი ერთ-ერთი მთავარი მომავლის პერსპექტივაა. ვფიქრობ, ბევრი რამაა, რაც საქართველომ შეიძლება ავსტრიისგან ისწავლოს და პირიქით - ავსტრიამ საქართველოსგან. ამიტომ ვფიქრობთ, რომ დროული სტუმრობაა, რათა განვიხილოთ, როგორ ვითარდება ტურიზმი, როგორ მუშაობს ტურიზმი რეგულარულ მცხოვრებლებთან ერთად, ყველა პრობლემა, მათ შორის ტურისტული განვითარება და ბუნებრივი კატასტროფის რისკები. ამ ყველაფერში ჩვენ დიდი გამოცდილება გვაქვს, ჩვენ უკვე დავუშვით შეცდომები და მზად ვართ, ეს შეცდომებით გაგიზიაროთ, რათა თქვენც იგივე შეცდომები არ დაუშვათ. ამავდროულად, ჩვენ გიზიარებთ ჩვენს საუკეთესო გამოცდილებას, საუკეთესო მაგალითებს და არჩევანის საშუალებას გაძლევთ. ტურის ფარგლებში ჩვენ სლოვენიასაც ვეწვიეთ, შესაბამისად, შეგიძლიათ ნახოთ, თქვენს ქვეყანას რომელი სისტემა უფრო ერგება“, - განაცხადა თომას მიულმანმა.