"არ მიიღოთ გადაწყვეტილებები მხოლოდ თქვენი უწყებიდან გამომდინარე და პროცესებში სხვადასხვა მხარეები ჩართეთ," - ესაა რჩევა, რომელსაც ავსტრიის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოში მომუშავე კოლეგებს აძლევს.
უწყებაში, რომელიც ქვეყანაში ტურიზმის განვითარებაზე მუშაობს ამბობენ, რომ მუშაობის პროცესში მნიშვნელოვანია კერძო სექტორის და დარგის ექსპერტების ჩართულობა, რადგან რეალური შედეგი დაიდოს,რასაც ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართული ყველა მხარისთვის დადებითი ეფექტი ექნება.
საქმიანი ვიზიტით BMG აგვისტოში ავსტრიაში იმყოფებოდა, სადაც ავსტრიის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ტურიზმის მდგრადი განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან კეტრინ ერბენთან გასაუბრება მოახერხა.
- პირველ რიგში მადლობას გიხდით თქვენი დროისთვის. მოგვიყევით უფრო მეტი ავსტრიის ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაზე. რა არის ის ძირითადი სტრატეგია რომლის მიხედვითაც მუშაობთ და რაზე აკეთებთ მთავარ აქცენტს მუშაობის პროცესში?
- 1 წელია რაც ტურიზმის მდგრადი განვითარების მიმართულებით ვმუშაობ. ეს პოზიცია შარშან დაემატა ჩვენს დეპარტამენტს, რომლის იდეაც ტურიზმის მდგრადი განვითარების სტრატეგიის დაწერის შემდეგ გაჩნდა. სტრატეგია მოიცავს: როგორი უნდა იყოს დასვენება ავსტრიაში; როგორ უნდა მოხდეს სწორი კომუნიკაცია, როგორც ვიზიტორებთან ისე ადგილობრივებთან, რომლებიც ტურისტებისთვის სხვადასხვა პროდუქტებს ქმნიან; შემდეგია, ცოდნის გაზიარება - მნიშვნელოვანია ინდუსტრიაში ჩართულ ყველა სუბიექტთან მათთვის გასაგებ ენაზე საუბარი და მათგან იმის მოსმენა თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ტურიზმი მდგრადი განვითარების პრინციპების მიხედვით განვითარდეს. მათთან ხშირი კომუნიკაციით ვცდილობთ აღმოვაჩინოთ ის ძირითადი საკითხები, რომლებიც შეიძლება პროცესს აფერხებდეს და გადავჭრათ. ბოლო და არანაკლებ მნიშვნელოვანია კერძო და საჯარო სექტორების კოლაბორაცია.დარწმუნებული ვარ ყველა ქვეყანას აქვს გამოწვევები, მაგრამ აუცილებლად არსებობს მათი გადაჭრის გზები-ეს არის უმთავრესი რაზეც ავსტრიის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მუშაობს.
- ავსტრიის ტურიზმის ოფისი სახელმწიფო უწყებაა-რა რაოდენობის თანამშრომელს ასაქმებთ და თუ შეგიძლიათ რომ გაგვიზიაროთ თქვენი სამსახურის ბიუჯეტის შესახებ უფრო მეტი დეტალი. როგორ ხდება წლის განმავლობაში მისი ფორმირება და რა რა მოცულობის თანხაა გამოყოფილი ცენტრალური ბიუჯეტიდან ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ფუნქციონირებისთვის?
- დიახ, ჩვენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ვართ და ვმუშაობთ სამინისტროსა და სავაჭრო პალატის დაქვემდებარებაში. ჯამში ავსტრიის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მსოფლიოს მასშტაბით 220 ადამიანს ასაქმებს, რომლის ნახევარზე ცოტათი მეტი ვენაში მდებარე ცენტრალური ოფისიდან მუშაობს. დანარჩენი ევროპასა და აზიაში მდებარე ოფისებში არიან გადანაწილებული. წლის განმავლობაში ჯამური ბიუჯეტი 50 მილიონი ევროა. ნაწილს ფარავს სავაჭრო პალატა, მაგრამ ნაწილი თანხის შევსება ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართული სუბიექტების მხრიდან ხდება, რომლებიც კონკრეტულ გადასახადებს იხდიან.
- უფრო მეტი რომ მოგვიყვეთ ტურიზმის მდგრად განვითარებაზე. რას ნიშნავს ის და როგორ შეიძლება საქართველომ მისთვის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება ამ პრინციპით განავითაროს?
- მდგრადი ტურიზმი სამი ძირითადი მიმართულებით მუშაობს. ეს არის ეკოლოგიური, სოციალურ კულტურული და ეკონომიკური მიმართულებები. შესაბამისად, ყველა ინიციატივა ამ სამივე საკითხს უნდა ერგებოდეს. ეს იმიტომ რომ მაგალითად შენ თუ ბუნებას უფრთხილდები, მაგრამ გავიწყდება ადამიანები და ასევე ეკონომიკური დოვლათის შექმნა - ეს არ მუშაობს. ასე რომ ეკოლოგიური, სოციალურ კულტურული და ეკონომიკური მიმართულებები არის საბაზისო საკითხები, რომლებიც ტურიზმის მდგრადი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. თუ ქვეყანას უნდა რომ ტურიზმი ჰქონდეს მომდევნო 10, 50 ან 100 წელი - მაშინ ცვლილებების დროა. ბევრი რამ იცვლება, მათ შორის მნიშვნელოვანი ცვლილებებია კლიმატის თვალსაზრისითაც, ამიტომ დღეს ისე ვეღარ მოიქცევი და ვეღარ იმუშავებ როგორც მუშაობდი წლების წინ. ის დღეს აღარ ამართლებს. მდგრადი განვითარება კი არის მომავალი, რომელიც ყველა ქვეყანას გამოწვევებთან გასამკლავებლად სჭირდება.
- რა არის ის ძირითადი ბაზრები, რომელზეც ავსტრია ტურისტული თვალსაზრისით მუშაობს? როგორ გეგმავთ ტურისტულ კამპანიებს იმისთვის, რომ უფრო მეტი ვიზიტორი მოიზიდოთ?
- ავსტრიისთვის ტურიზმის მიმართულებით ყველაზე საინტერესო ბაზარი გერმანიაა, რომელსაც მოსდევს იტალია, შვეიცარია, ჩეხეთი. ჩვენი მარკეტინგული კამპანიები ძირითადად აქტიურია ზაფხულში და ზამთარში, თუმცა ხშირად გვაქვს ქალაქების, ავსტრიული კულტურის, სპორტის მიმართულებით მარკეტინგული აქტივობები. ვაკვირდებით იმას თუ რის გამო ჩამოდიან ჩვენთან ტურისტები ყველაზე ხშირად, რა აინტერესებთ. ყველა ქვეყანაში მარკეტინგული კამპანია სხვადასხვა აქცენტებზე დაყრდნობით იგეგმება. ვცდილობთ იქაური სპეციფიკა გავითვალისწინოთ. მაგალითად თუ ზამთრის მარკეტინგული აქტივობები დაგეგმილი გვაქვს 10 სხვადასხვა ქვეყანაში ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველგან ის ერთნაირი უნდა იყოს, იმიტომ რომ ყველა ქვეყანა განსხვავებულია.
- როგორც ჩვენთვის ცნობილია ავსტრიაში ტურისტებისთვის სხვადასხვა პროდუქტები მოქმედებს, მათ შორისაა სტუმრის ბარათი, რომლით სარგებლობაც აქ ჩამოსულ ვიზიტორებს კონკრეტულ კურორტებზე შეუძლიათ. რა არის სტუმრის ბარათი და რა უპირატესობებს სთავაზობს ტურისტებს?
- სტუმრის ბარათები ძირითადად მთის კურორტებზე მუშაობს. როგორც კი ავსტრიაში ჩამოხვალთ ან აქ მხოლოდ ერთ ღამეს გაათენებთ იღებთ სტუმრის ბარათს, რომელიც ვიზიტორს საზოგადოებრივ ტრანსპორტში, საბაგიროზე ან მუზეუმში უფასოდ შესვლის საშუალებას აძლევს. ამ გზით ჩვენ ვცდილობთ ტურისტები ისეთ ლოკაციებზე მივიყვანოთ, სადაც თავისი სურვილით არ წავიდოდნენ, შესაბამისად ვუქმნით მცირე მოტივაციას. ასევე ეს არის ძალიან კარგი საშუალება ვაწარმოოთ სტატისტიკა თუ რა რაოდენობის ვიზიტორი ესტუმრა ამა თუ იმ კურორტს.
- ბოლო კითხვა, რა რეკომენდაციებს მისცემდით საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას? რა უნდა უწყებამ იმისთვის, რომ ქვეყანაში ტურიზმის მდგრადი განვითარება დაიწყოს?
- პირველი ჩემი რეკომენდაცია იქნება ყველა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მისამართით ის რომ უნდა იმუშავოთ სექტორის წარმომადგენლებთან. არ მიიღოთ გადაწყვეტილებები მხოლოდ თქვენი უწყებიდან გამომდინარე და ჩართეთ პროცესებში სხვადასხვა მხარეები, მათ შორის ექსპერტები , უნივერსიტეტებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები. ტურიზმის მდგრადი განვითარება მონაწილეობითი პროცესის გარეშე წარმოუდგენელია, დამერწმუნეთ, მაშინ როცა ქვეყანაში ტურიზმის განვითარება სხვადასხვა მხარეების აქტიური ჩართულობით ხდება ყველაფერი უფრო მარტივია. ალბათ ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა ჩემი მხრიდან.