მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიზელის საწვავის ევრო 5 სტანდარტზე გადასვლა კიდევ 1 წლით გადავადდა

5feb096d9c811
ელენე გოგბერაშვილი
29.12.20 14:39
730
საქართველოს მთავრობის 28 დეკემბრის #808 დადგენილებით, დიზელის საწვავის ევრო 5 სტანდარტზე გადასვლა კიდევ 1 წლით გადავადდა და ის ძალაში 2022 წლის 1 იანვარს შევა.

ახალ სტანდარტზე გადასვლის გადავადება თავად ნავთობიმპორტიორებმა მოითხოვეს. 

მიმდინარე ეტაპზე საქართველოში ხდება როგორც ევრო 4, ასევე, ევრო 5-ის სტანდარტის შესაბამისი დიზელის საწვავის იმპორტი. კერძოდ, აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან ხორციელდება ევრო 4 სტანდარტის შესაბამისი დიზელის საწვავის იმპორტი.

აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, მიმდინარე წელს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში არსებული ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების რეკონსტრუქცია-გადაირაღება ხორციელდებოდა, რის შემდეგაც მათ ევრო 5-ის სტანდარტის შესაბამისი დიზელის საწვავი უნდა ეწარმოებინათ. ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების გადაიარაღება 2020 წლის ბოლომდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა COVID-19 ვირუსით გამოწვეულმა პანდემიამ, რომელიც განსაკუთრებული სიმძაფრით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მიმდინარეობდა, შეაფერხა ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების რეკონსტრუქცია-გადაიარაღების პროცესი და მისი დასრულების ვადა 2021 წლის ბოლოსთვის გადაიწია, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში ისევ ხდება ევრო 4 სტანდარტის შესაბამისი გაუმჯობესებული დიზელის საწვავის წარმოება.

"თუ 2021 წლიდან ამოქმედდება დიზელის საწვავზე ახალი სტანდარტი, ერთადერთი ქვეყანა ყველა იმ ქვეყნიდან, რომლებიც დღეს ახორციელებენ იმპორტს, საიდანაც დიზელის საწვავის იმპორტი ვეღარ განხორციელდება, იქნება აზერბაიჯანის რესპუბლიკა.

რაც შეეხება აზერბაიჯანული საწვავის მნიშვნელოვანი წილით წარმოდგენას საქართველოს ბაზარზე, განპირობებულია იმით, რომ ის არის 10-15 თეთრით იაფი და ასევე, საქართველოში დიზელის საწვავზე მომუშავე ავტოპარკის დაახლოებით, 86% შეადგენს 10 წელზე მეტი ასაკის ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რომელთა ძრავის მუშაობის პარამეტრიდან გამომდინარე, აზერბაიჯანული დიზელის საწვავის ხარისხი მათ სრულებით აკმაყოფილებს.

შესაბამისად, დღის წესრიგში დგება მთავრობის ახალი დადგენილების 1 წლით გადავადების საკითხი, რაც ავტომატურად გამოიწვევს იმას, რომ ბაზარზე კვლავინდებურად იქნება წარმოდგენილი მომავალ წელსაც საქართველოს საიმედო სტრატეგიული პარტნიორის პროდუქტი. ამავდროულად, მეტად მნიშვნელოვანია შედარებით იაფი დიზელის საწვავის არსებობა ქვეყანაში, ვინაიდან დიზელის საწვავი გამოიყენება იმ პირთა მიერ, რომლებიც მონაწილეობენ ეკონომიკურ საქმიანობაში. კერძოდ, გადაზიდვები, დისტრიბუცია, მშენებლობა, ენერგეტიკა. მათ შორის, სოფლის მეურნეობაში დასაქმებული პირები და სხვ. შესაბამისად, მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ჰქონდეთ წვდომა შედარებით იაფ პროდუქტზე, მით უმეტეს მიმდინარე ეტაპზე, როდესაც პანდემიიდან გამომდინარე ფიქსირდება ქვეყანაში ეკონომიკის ვარდნა“, - ნათქვამი იყო ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებაში.