23.სექტემბერი .2022 17:50

დოლარში სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა - საბანკო ასოციაცია

დოლარში სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა - საბანკო ასოციაცია
views 1605
უკან

მკვეთრად გაზრდილი ინფლაციის ფონზე, აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა. FED-ის კომიტეტის გადაწყვეტილებით, მიმდინარე კვირაში ქვეყანაში რეფინანსირების განაკვეთი ზედიზედ უკვე მესამედ 75 საბაზო პუნქტით (0.75%) გაიზარდა და 3.25%-იან ნიშნულს მიაღწია. სამომხმარებლო ფასების მაღალი დონიდან გამომდინარე, ექსპერტები არ გამორიცხავენ, რეფინანსირების განაკვეთმა წლის ბოლომდე 4%-იან ნიშნულს გადააჭარბოს.

აშშ-ში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ეფექტი ბუნებრივია გადმოეცემა ქართულ ბაზარს. საბანკო ასოციაციის ინფორმაციაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ დოლარში სესხები უკვე გაძვირდა.

როგორც საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელი bm.ge-სთან განმარტავს, ცვლილებები შეეხება არსებულ პორტფელსაც, რომელიც სხვადასხვა კოეფიციენტზეა მიბმული და ასახავს მათ შორის FED-ის გადაწყვეტილებებსაც. ალეკო ძნელაძის განმარტებით, არსებულ მსესხებლებს, რომლებსაც სესხი დოლარში აქვთ ეს ცვლილებები მყისიერად არ შეეხებათ, თუმცა მათთვის საპროცენტო განაკვეთები წლის ბოლომდე გაიზრდება.

„რაც შეეხება პროცენტების ზრდას, უცხოურ ვალუტაში გარკვეულწილად ეს უკვე ასახულია და გაზრდილია საპროცენტო განაკვეთები სასესხო შეთავაზებებზე. ეს მომხმარებლებმა უკვე იგრძნეს და ნახეს კიდევაც. აღნიშნული და ასევე წლევანდელ წელს შესული რეგულაცია, რომელიც უცხოურ ვალუტაში მაქსიმალურ ვადას იპოთეკურ სესხზე 10-წლიანს ადგენს, უკვე აისახა იპოთეკური სესხების პორტფელზე და წლევანდელი წლის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება შარშანდელი ზრდის ტემპს. აქედან გამომდინარე, ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ამ ეტაპისთვის საპროცენტო განაკვეთებში უკვე ასახულია, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ლიკვიდობა უცხოურ ვალუტაში საკმაოდ მაღალია ბაზარზე ანუ დოლარიზაციის მაჩვენებელი მაინც მაღალი რჩება მოზიდულ სახსრებში, აქედან გამომდინარე წლის ბოლომდე აღარ უნდა ველოდოთ, რომ საპროცენტო განაკვეთები მკვეთრად გაიზრდება და სავარაუდოა, რომ აღნიშნული შეთავაზებები ამ დონეზევე დარჩება.

რაც შეეხება არსებულ პორტფელს, არსებული პორტფელი არის სხვადასხვა კოეფიციენტზე მიბმული, მათ შორის ეს კოეფიციენტები ასახავენ FED-ის გადაწყვეტილებებსაც, ოღონდ ეს გარკვეულ ვადაში ხდება, მომენტალურად არ მოხდება, მათთვის საპროცენტო განაკვეთები წლის ბოლომდე გაიზრდება. ვგულისხმობ არსებულ მსესხებლებს, რომლებსაც სესხი აქვთ დოლარში“,-აცხადებს ალეკო ძნელაძე.

კითხვაზე, რამდენი პროცენტით მოხდა დოლარში სესხებზე განაკვეთების ზრდა, ძნელაძე განმარტავს: „იმდენად დიდი სპექტრია, რომ ვიღაცას შეიძლება ჰქონდეს ჭარბი უცხოური ვალუტა და მომხმარებელს სთავაზობდეს დაბალ საპროცენტო განაკვეთს. მაგალითად არსებობს 6,5%-ში შეთავაზებები, მაგრამ უფრო 8-9%-თან არის ახლოს საპროცენტო განაკვეთები“.

"ასევე მნიშვნელოვანია, რომ ევროში ველოდებით ზრდას [საპროცენტო განაკვეთების]. არსებული მსესხებლებისთვის შეთავაზებები უკვე გაზრდილია იმ მაქსიმუმზე, რაც წლის ბოლომდე შენარჩუნდება".

ძნელაძის განმარტებით, როგორც FED-ის გადაწყვეტილებები, ისე ცენტრალური ბანკის ბოლო რეგულაციები უკვე აისახა საკრედიტო პორტფელის ზრდის ტემპზე. როგორც საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, პესიმისტური პროგნოზით წელს საკრედიტო პორტფელის ზრდის ტემპი გასულ წელთან შედარებით 5 დან 8%-მდე შემცირდება. პესიმისტური პროგნოზით წელს პორტფელის მაქსიმუმ 10%-ით ზრდაა მოსალოდნელი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა