მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ძნელია, როდესაც აცრილ ტურისტს ვეუბნებით, რომ 21 საათზე სასტუმროში იყოს” - გიდების ასოციაცია

60916c9fa4262
მარიამ ადამია
04.05.21 21:29
1246
“ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებმა არაერთხელ მივმართეთ სახელმწიფოს და შევთავაზეთ ის გზები, რომლებიც დაგვეხმარებოდა სექტორის ამოქმედებაში, იმისათვის, რომ მზად დავხვდეთ ტურისტებს, თუმცა ამან მხარდაჭერა სახელმწიფო სექტორის მხრიდან ვერ მოიპოვა და საერთოდ, რატომ პასიურობს მთავრობა ტურიზმის მიმართულებით, ჩემთვის გაუგებარია”, - ამის შესახებ გადაცემა “საქმიან დილაში” სერტიფიცირებული გიდების ასოციაციის თავმჯდომარემ, გიორგი დარციმელიამ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტურისტების შემოდინება ქვეყანაში დაწყებულია, განსაკუთრებით ისრაელიდან, თუმცა ეს მხოლოდ მცირე მასშტაბებია.

“წესები და შეზღუდვები დღეს არის ჩვენი მთავარი დაბრკოლება. ძნელია, როდესაც ტურისტს, თან აცრილს ვეუბნებით, რომ 21 საათზე სასტუმროში უნდა იყოს. არადა, ისინი არ წარმოადგენენ არანაირ საფრთხეს კორონავირუსის თვალსაზრისით და მთავრობას უნდა ეფიქრა ამაზე, რომ იმუნიტეტის მქონე ადამიანისთვის მოეხსნა შეზღუდვები, რათა მათ თავისუფლად შეძლონ ქვეყანაში მოგზაურობა და დასვენება. ისევ სტრატეგიამდე მივდივართ, რომელიც არ გვაქვს ქვეყანაში”, - განაცხადა სერტიფიცირებული გიდების ასოციაციის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, დღეს ქვეყანაში უკვე უნდა იყოს გაწერილი, თუ როგორ ვექცევით აცრილ და ასევე აუცრელ ტურისტებს, რას ვახვედრებთ და რა ტიპის რეგულაციები უნდა მოვუხსნათ.

“თუმცა სტრატეგია როგორ გვექნება, როცა რამდენიმე თვეა, სტრატეგიულად ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უწყებას ხელმძღვანელიც არ ჰყავს, ამიტომ გამოსავალია, სტრატეგიის გაწერამდე სახელმწიფომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიმართ მიდგომები შეცვალოს”, - აღნიშნა გიორგი დარციმელიამ.