მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EBRD-მ და IFC-მ "თიბისი უზბეკეთის" წილი შეიძინეს

6155b277e98e5
ვიქტორია მღებრიშვილი
30.09.21 16:57
1139
დღეს, ტაშკენტში „თიბისი ბანკის“ ჯგუფმა (TBC PLC) საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (IFC) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) პარტნიორობის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

ხელშეკრულება „თიბისი ბანკის“ ჯგუფის შვილობილ კომპანიაში „თიბისი უზბეკეთი“ IFC-ის და EBRD-ის წილობრივ მონაწილეობას ითვალისწინებს.

ხელშეკრულების თანახმად, 2021 წლის ბოლოსთვის, „თიბისი უზბეკეთში“ EBRD და IFC 20-20%-იანი წილის მფლობელები გახდებიან, ხოლო „თიბისი ბანკის“ ჯგუფი 60%-იან წილს შეინარჩუნებს. პირველი შენატანის სახით, თითოეული ინსტიტუტი „თიბისი უზბეკეთში“ 9.4 მილიონ აშშ დოლარს განახორციელებს. EBRD და IFC კაპიტალის მოცულობის ზრდას ყოველწლიურად 2024 წლამდე გააგრძელებენ.



მსოფლიოს ეს ორი წამყვანი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი 20 წელზე მეტია საქართველოში „თიბისი ბანკის“ პარტნიორები არიან. IFC-ისა და EBRD-ის გადაწყვეტილება, უზბეკეთში გააფართოონ ეს თანამშრომლობა და გადაიტანონ ის საერთაშორისო მასშტაბებზე, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან თიბისისადმი გამოცხადებულ მაღალ ნდობას. საყურადღებოა, რომ EBRD-სთვის ეს პირველი ინვესტიციაა უზბეკეთის საბანკო სექტორში 2017 წლიდან - მას შემდეგ, რაც განაახლა ქვეყანაში ინვესტირება.

ეს ინვესტიცია საშუალებას მისცემს „თიბისი უზბეკეთს“, გაუმარტივოს ცხოვრება უზბეკ მომხმარებელს გაუმჯობესებული ციფრული საბანკო მომსახურებისა და სხვა ინოვაციური პროდუქტების შეთავაზების გზით. გარდა ამისა, დამატებითი ინვესტიცია ხელს შეუწყობს „თიბისის უზბეკეთში“ კორპორაციული მართვის საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრებაში, რაც ასევე მოიცავს კლიმატის ცვლილებების რისკთან დაკავშირებულ სტანდარტებს.

"ჩვენ IFC-თან და EBRD-თან წარმატებული თანამშრომლობის დიდი ისტორია გვაქვს, ისინი მყარად დგანან ჩვენ გვერდით ორი ათწლეულის განმავლობაში. ეს შეთანხმება წარმოადგენს თიბისი უზბეკეთის გაფართოების კიდევ ერთ მნიშვნელოვან ეტაპს, რადგან ის საშუალებას მოგვცემს დავაჩქაროთ ჩვენი ზრდა ქვეყანაში და უზბეკეთის მოსახლეობას შევთავაზოთ ინოვაციური და ხელმისაწვდომი პროდუქციის ფართო სპექტრი. ვფიქრობთ,სრულად ციფრულად საბანკო პროდუქტების შეთავაზება უზბეკეთის ბაზრისთვის ახალია, რამაც თიბისი UZ-ის წარმატება განაპირობა. ჩვენ ძალიან მოხარული ვართ, რომ EBRD-მ და IFC-მ ეს საინტერესო მოგზაურობა ჩვენთან ერთად დაიწყეს”, - განაცხადა „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

„თიბისი“ უკვე მრავალი წელია ჩვენი ნდობით აღჭურვილი პარტნიორია. მოხარულები ვართ, რომ მხარს ვუჭერთ მის გაფართოებას უზბეკეთში, რითაც იზრდება კერძო კაპიტალის წილი საბანკო სექტორში, სადაც ჯერ კიდევ დომინირებს სახელმწიფო. ჩვენ მივესალმებით კონკურენციას და გვაქვს მოლოდინი, რომ ის ყველასთვის სასარგებლო იქნება“, - აცხადებს EBRD-ის დირექტორი უზბეკეთში ალკის დრაკინოსმა.

"ჩვენ კიდევ უფრო ვაღრმავებთ პარტნიორობას „თიბისი ბანკის“ ჯგუფთან. IFC მხარს უჭერს „თიბისი ბანკის“ ძალისხმევას უზბეკეთის მასშტაბით ინოვაციურ და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებზე დაფუძნებული საბანკო მომსახურების გაფართოებაში. ამასთანავე, ეს ინვესტიცია თანხვედრაშია ჩვენს სტრატეგიასთან, რომ დავეხმაროთ უზბეკეთს, საბანკო ინდუსტრიაში კერძო სექტორის მონაწილეობის გაზრდის გზით გაზარდოს კონკურენტუნარიანობა”, - ამბობს IFC-ს დირექტორი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ვიბკე შლომერი.

„თიბისი უზბეკეთი“ პირველი ციფრული ბანკია უზბეკეთში, რომელიც 2020 წლის ოქტომბერში ინოვაციური fintech პლატფორმის - Space - ის ბაზაზე შეიქმნა. დღეს ის უზბეკეთში 7 ახალი თაობის ფილიალით და მომხმარებელთან ურთიერთობის 34 პუნქტით სულ 12 რეგიონულ ქალაქშია წარმოდგენილი. „თიბისი UZ“ 630,000-ზე მეტ რეგისტრირებულ საცალო მომხმარებელს ინოვაციურ საბანკო პროდუქტებს სთავაზობს. უახლოეს მომავალში კი მცირე ბიზნესის სეგმენტზე გაფართოება იგეგმება.

მომხმარებლის ცხოვრების გამარტივების მიზნით, „თიბისიმ“ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სრულად ციფრული საბანკო მომსახურება ჯერ საქართველოში 2018 წელს შესთავაზა მომხმარებელს. 2020 წლიდან კი ამავე მომსახურებას უზბეკეთის 35 მილიონიან ბაზარს სთავაზობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები