მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსურს, გაგიზიაროთ ვაშინგტონში მიღებული ინფორმაცია - კელი დეგნანის განცხადება

6216423cd9a37
შოთა ტყეშელაშვილი
23.02.22 18:21
12383
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ვაშინგტონში ვიზიტით მყოფი აშშ-ის ელჩი კელი დეგნანის ვიდეომიმართვას ავრცელებს. მიმართვაში ელჩი საუბრობს იმ კრიზისული ვითარების შესახებ, რომელიც უკრაინა-რუსეთს შორის უკანასკნელ დღეებში გამწვავდა. კელი დეგნანი აღნიშნავს, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად, თუმცა “უარესისთვის მზადების აუცილებლობას აცნობიერებენ”. დიპლომატის განცხადებით, არსებული ვითარების ფონზე, აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში განსაკუთრებულად მტკიცეა.

“ვაშინგტონში ყოფნისას შევხვდი კოლეგებს სახელმწიფო დეპარტამენტში, თეთრ სახლში, ეროვნული უშიშროების საბჭოსა და კონგრესში. გვქონდა შესანიშნავი შეხვედრა ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოსთან, ასევე სხვა უწყებებთან, საქართველოსთვის ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განსახილველად. 

რეგიონში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენების გათვალისწინებით, მსურს გაგიზიაროთ ვაშინტონში მიღებული ინფორმაცია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ქმედებებით გამოწვეული უსაფრთხოების მიმდინარე კრიზისის თაობაზე.

პრეზიდენტი ბაიდენი, სახელმწიფო მდივანი ბლინკენი, თავდაცვის დეპარტამენტის მდივანი და ყველა მათი თანამშრომელი მუშაობს მშვიდობიანი და დიპლომატიური გადაწყვეტის გზებზე. ეს რჩება აშშ-ის მთავარ პრიორიტეტად.

ამავდროულად, ჩვენ ვაცნობიერებთ უარესისთვის მომზადების აუცილებლობას. ამიტომ ჩვენ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან შეთანხმებით დავიწყეთ უწყვეტი დიპლომატიური ძალისხმევა ევროპაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად. ეს მოიცავს საქართველოს მთავრობასთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობას. სხვადასხვა არხით ინფორმაციის გაზიარებას, რასაც გავაგრძელებ თბილისში დაბრუნების შემდეგ და რასაც ვაკეთებდი ვაშინგტონში გამომგზავრებამდე.

ქართველებმა, უკრაინელების მსგავსად, აირჩიეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა, შეერთებულ შტატებში არის ქართველი ხალხისა და თქვენი ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერა, რომელიც ეფუძნება ჩვენს საერთო დემოკრატიულ ღირებულებებს: თავისუფლებას და დამოუკიდებლობის სიყვარულს.

ამ კვირის განმავლობაში გამართულ შეხვედრებზე შეერთებულმა შტატებმა მტკიცედ და მკაფიოდ წარმოაჩინა ამ გზაზე საქართველოს დახმარების მიმართ ერთგულება.

ახლა, როგორც არასდროს, შეერთებული შტატები დადგება საქართველოს ხალხის გვერდით, რათა მხარი დაუჭიროს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას”, - აცხადებს კელი დეგნანი.