მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამერიკული კომპანიები უკრაინაში იარაღის წარმოებას შეძლებენ - რას შეცვლის ეს?

უკრაინა

უკრაინამ თავდაცვის გაძლიერების მიმართულებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. გასულ კვირას ამერიკის შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის სტრატეგიული შეთანხმება გაფორმდა, რომლის თანახმად, ამერიკული სამხედრო კომპანიები უკრაინაში შეძლებენ ქარხნების მოწყობას და იარაღის წარმოების დაწყებას. თავისი არსით, ეს უპრეცედენტო შეთანხმებაა, რადგან ამერიკის მთავრობა თავდაცვით ინდუსტრიას ეროვნული მნიშვნელობის სექტორად მიიჩნევს და წარმოების პროცესის უცხოეთში გადატანასთან დაკავშირებით ის ყოველთვის თავს იკავებს.

ვაშინგტონში ყოფნისას პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ ეს ნამდვილად ისტორიული მნიშვნელობის შეთანხმება იყო, რომელიც უკრაინას თავდაცვის გაძლიერების საშუალებას მისცემდა.

„ჩვენ ამერიკასთან ერთად ახალი თავდაცვითი ეკოსისტემის განვითარებას ვიწყებთ, რომელშიც ამერიკულ კომპანიებს უდიდესი წვლილი ექნებათ. ეს არის ისტორიული შეთანხმება, რომელზეც ადრე მხოლოდ ოცნება შეიძლებოდა, თუმცა ის ახალა უკვე რეალობას წარმოადგენს. 

ამერიკა უკრაინის სტრატეგიული პარტნიორია და ის მუდმივად განაგრძობს თავისუფლების მოყვარე ხალხის მხარდაჭერას. ეს შეთანხმება მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ამერიკულ კომპანიებთან ერთად უკრაინაში ახალი ქარხნები მოვაწყოთ და იარაღის წარმოების პროცესი ადგილზევე დავიწყოთ. შეთანხმება უკვე გაფორმებულია 2,000-მდე ამერიკულ კომპანიასთან, რომელთაც ამ ინიციატივაში ჩართვა შეეძლებათ. იარაღის უკრაინაში წარმოება მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ხარჯების შევამციროთ და ფრონტის ხაზზე მყოფი ჯარისკაცების მომარაგების პროცესი დავაჩქაროთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ხარჯების შემცირებაა ის მთავარი პრიორიტეტი, რომელიც ამჟამად უკრაინის მთავრობას აქვს. თანამდებობიდან წასვლის წინ, აწ უკვე ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა ანდერძი დატოვა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ომის ერთი დღე უკრაინის ბიუჯეტს საშუალოდ 100 მილიონი დოლარი უჯდებოდა. ამ შემთხვევაში რეზნიკოვი უშუალოდ ჯარის საოპერაციო ხარჯებზე საუბრობდა და არც ომში დახარჯული ტყვია-წამლის და განადგურებული იარაღის ღირებულებაზე.
 
უკრაინის მთავრობის გამოთვლებით, რუსეთის სამხედრო აგრესიამ უკრაინას დაახლოებით 750 მილიარდი დოლარის ზიანი მიაყენა, რაც მოიცავს როგორც თავდაცვის ხარჯებს, ასევე ინფრასტრუქტურულ ზარალსაც. სავარაუდოდ, წლის ბოლომდე დანაკარგის მოცულობა ტრილიონ დოლარსაც მიაღწევს, რაც თანამედროვე ისტორიაში დაფიქსირებული უმაღლესი მაჩვენებელი იქნება.

რაც შეეხება ხარჯების შემცირების სტრატეგიას, ის ძირითადად ადგილობრივი წარმოების განვითარებაზე გადის. საქმე ისაა, რომ სამხედრო იარაღის ტრანსპორტირება ძირითადად საჰაერო გზით ხორციელდება, რაც დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ლოგისტიკური გამოწვევების გარდა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჯავშანტექნიკის ან სხვა ნებისმიერი სახის იარაღის წარმოება ამერიკაში გაცილებით უფრო ძვირი ღირს, ვიდრე თავად უკრაინაში, რაც მუშახელის ანაზღაურებას შორის განსხვავებით არის განპირობებული. 

ამერიკული საწარმოების უკრაინაში გადმოტანა, გრძელვადიან პერსპექტივაში, ხარჯებს მნიშვნელოვნად შეამცირებს და რაც მთავარია, ჯარის მომარაგების პროცესს დააჩქარებს. კიდევ ერთი ფაქტორი, რაზეც სამხედრო ექსპერტები ხშირად საუბრობენ, დაზიანებული ტექნიკის შეკეთებას უკავშირდება. უკრაინაში ყოველკვირეულად ასობით მწყობრიდან გამოსული საბრძოლო მანქანა და იარაღი გროვდება. მათი უმეტესობა კრიტიკულად არ არის დაზიანებული, ანუ ქვეყნის მასშტაბით შესაკეთებელი პუნქტების მოწყობით ამ რესურსების გამოყენება ხელახლა იქნება შესაძლებელი, რაც აგრეთვე ხარჯების ოპტიმიზაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება.

ვაშინგტონში სიტყვით გამოსვლისას ზელენსკიმ ადგილობრივი ინდუსტრიის განვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საწარმოების გახსნა უკრაინელ მოქალაქეებს დასაქმების საშუალებას მისცემს, ქვეყანა კი ნაკლებად იქნება დამოკიდებული საერთაშორისო პარტნიორების მუდმივ დახმარებაზე.

რაც შეეხება უშუალოდ შეთანხმებას, კონტრაქტის დეტალები უცნობია, თუმცა დანამდვილებით ვიცით, რომ უკრაინის მთავრობამ სტრატეგიული შეთანხმება გააფორმა სამ ამერიკულ ასოციაციასთან, რომლებიც, თავის მხრივ, 2,000-მდე კომპანიას აერთიანებენ. ამ სიაში წარმოდგენილნი არიან თავდაცვის ინდუსტრიის ტიტანები, მაგალითად, Lockheed Martin-ი და General Dynamics-ი და ასევე შედარებით მცირე და საშუალო ზომის საწარმოები, რომლებიც სამხედრო აღჭურვილობას და ტყვია-წამალს ამზადებენ. სავარაუდოდ, პირველ ეტაპზე უკრაინაში ცეცხლსასროლი იარაღის საწარმოები მოეწყობა, რის შემდეგაც ინდუსტრია ჯავშანტექნიკის წარმოებაზეც გადაეწყობა.

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ადგილობრივი წარმოების განვითარება უკრაინას ომში საბოლოო გამარჯვების მოპოვების საშუალებას მისცემს, რის შემდეგაც ქვეყანა ერთი ნაბიჯი აშორებდეს იქნება სამხედრო ალიანსის წევრობას.  

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები