მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკის გახსნის 6-ფაზიანი ციკლი უკვე მოძველებულია, ახალზე უნდა ვისაუბროთ - პაატა ღაძაძე

5eb17d36877b6
ვიქტორია მღებრიშვილი
05.05.20 19:02
2023
„ეკონომიკის გახსნის 6-ფაზიანი ციკლი უკვე მოძველებულია, ახალზე უნდა ვისაუბროთ“, - ამის შესახებ BMG-ის გადაცემა „საქმის კურსში“ „თიბისი დაზღვევის“ გენერალურმა დირექტორმა განაცხადა.  

პაატა ღაძაძემ დღეს facebook-გვერდზე სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც უარყოფით ეკონომიკურ შედეგებზე საუბრობს: „კარგად გამოვძვერით...საკმარისია. ეხლა გავიხსნათ, თორემ ვერანაირი ანტიკრიზისული ვერ უშველის ამხელა დარტყმას.
მშპ ყოველდღიურად არ იქმნება 100+ მლნ ლარი,
ბიუჯეტს ყოველდღიურად აკლდება 20+ მლნ ლარი,
უმუშევარი ყოველდღიურად რჩება 1,000+ კაცი...
ამის თანმდევი უარყოფითი შედეგები ათასობით ოჯახს უკვე ანადგურებს, მათ შორის, ზრდის სიკვდილიანობას სხვა მიზეზებით და ჯანმრთელებისაც კი! ეს უფრო მეტი იქნება, ვიდრე ნებისმიერი ვირუსის შედეგები (მით უფრო დაღმასვლის ფაზაში).

კი - წესებით, პირბადით, არაქელეხებით, დისტანციით, დეზინფექციით, კარგი ბლიც-განათლებით, საავადმყოფოების მეტად მომზადებით.... უნდა გავიხსნათ! ხვალიდან!

6 ფაზის ნაცვლად - 3 ფაზაში, რაც შეიძლება მალე.

ნებისმიერ აუდიტორიასთან გავალ დაფასთან და ამის შედეგების ილუსტრაციას გავაკეთებ - "მამაო ჩვენოსავით" ვიცი მე ეს“, - წერს ღაძაძე.

მოგვიანებით კი, „საქმის კურსში“ სტუმრობისას მან თქვა, რომ ყოველდღიურად ცვალებად გარემოში მთავრობა უნდა იყოს ცვალებადი თავის გადაწყვეტილებებში.

"არ შეიძლება, მთავრობა ყოველდღიურად არ იცვლიდეს პოზიციას და დინამიური არ იყოს. დღეს ყოველდღიურად იცვლება ვითარება ყველა სექტორში, მათ შორის კოვიდთან დაკავშირებითაც იცვლება ვითარება, ცუდი მონაცემები არ არის არც რეგიონის და არც მსოფლიო მასშტაბით. ყოველთვის გვიწევს ბალანსის და ოქროს შუალედის პოვნა. რადიკალურები რომ არ ვიყოთ, გაკეთდა ის, რაც გაკეთდა, კარგადაც და შეიძლება შეცდომებიც იყო, მაგრამ ეს ისეთი შეცდომებია, რომლებზეც უნდა ვისწავლოთ, მაგრამ მუდმივად არ შეიძლება ამ შიშს გადავაყოლოთ უფრო მეტი პოზიტიური ნაწილი, რომელიც შეიძლება ჰქონდეს ეკონომიკის დახურვას.

ეს თუ არ გამოსწორდა და ამის სწრაფად ჩართვა თუ არ მოხდა, ფაქტობრივად, ჩვენ შეიძლება მივიღოთ უარესი შედეგები, ვიდრე კოვიდის დანაკარგებით არის დათვლილი, მათ შორის ჯანმრთელი ადამიანების დაავადებებითაც.

მე ვერ ვიქნები დედლაინების დამწესებელი მთავრობისთვის. მე რაციონალურად ვუყურებ სიტუაციას, რომელიც ყოველდღე იცვლება, აქედან გამომდინარე, შეიძლება შეცვალოს მთავრობამ და ბიზნესმაც თავისი ქმედება. სიტუაციის ცვლილებებიდან გამომდინარე, პრიორიტეტები შეიძლება გადაადგილდეს და იქიდან გამომდინარე მოხდეს გადაწყვეტილებების მიღება. ვფიქრობ, რომ ეკონომიკის გახსნის 6-ფაზიანი ციკლი უკვე მოძველებულია და უკვე ახალზე უნდა ვისაუბროთ და პოზიტივით შევხედოთ სიტუაციას. ვფიქრობ, ეს რაციონალი გააზრებული აქვთ ყველა დონეზე“, - განაცხადა პაატა ღაძაძემ.