მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკის სამინისტროში 3 მრჩეველია დასაქმებული, მათი ჯამური ხელფასი 11 800 ლარია

6146f2507513f
თელარა გელანტია
19.09.21 12:33
2663
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალურ აპარატში „მრჩევლის“ პოზიციაზე 3 პირია დასაქმებული. აღნიშნული ინფორმაცია bm.ge-მ ოფიციალურად გამოითხოვა.

3 მრჩევლიდან 1 უშუალოდ ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას აძლევს რჩევებს, 2 კი - მინისტრის მოადგილეებს და მათი ჯამური დარიცხული ხელფასი - 11 800 ლარია.

გარდა რაოდენობისა, ჩვენი ინტერესის საგანს ასევე წარმოადგენდა მრჩევლების ვინაობა, მათი სამუშაო აღწერილობა და ყოველთვიური ანაზღაურება.

აღსანიშნავია, ეკონომიკის სამინისტრომ, ისევე როგორც უწყებების უმრავლესობამ, „მრჩევლების“ პოზიციაზე დასაქმებული ადამიანების ვინაობის გასაჯაროებაზე უარი გვითხრა და მიზეზად ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისმ ასევე "საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" კანონის და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის სხვადასხვა შესაბამისი მუხლი მოიყვანა, მათ შორის ის, რომ „აღნიშნული პერსონალურ ინფორმაციას წარმოადგენს“.

რაც შეეხება სამუშაო აღწერილობას, ეკონომიკის სამინისტროდან მოგვწერეს, რომ ნათია თურნავას მრჩევლის ფუნქცია-მოვალეობებს წარმოადგენს: სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში შემავალი საკითხების ანალიზი, სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში შემავალი საკითხების კოორდინაცია, სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით შესაბამისი კონსულტაციის გაწევა, რეკომენდაციების მომზადება, კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება და ასევე, მინისტრის დავალებების შესრულება. 



ცნობისთვის: 2018 წლიდან, მაშინ ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია იყო, მინისტრის მრჩევლის თანამდებობაზე „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ყოფილი ხელმძღვანელი სანდრო ონოფრიშვილი დაინიშნა; ის ამ პოზიციას დღესაც იკავებს. უშუალოდ მინისტრის მოადგილეების მრჩევლების ვინაობა bm.ge-ისთვის ოფიციალურად უცნობია.

მრჩევლების ვინაობა არც ეკონომიკის სამინისტროში შემავალი სსიპ-ებიდან მოგვაწოდეს. რაც შეეხება შპს-ებს, მათმა უმრავლესობამ არც მრჩევლების რაოდენობაზე მოგვაწოდა ინფორმაცია და არც მათ შრომით ანაზღაურებაზე.