მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ეკონომიკის შემდგომი ზრდა პროდუქტიულობის გაზრდის გარეშე გაგვიჭირდება“ - დავითაშვილი

638f168320ed2
ვიქტორია მღებრიშვილი
06.12.22 14:55
720
ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებით, ქვეყნის შემდგომი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება პროდუქტიულობის ზრდის გარეშე რთული იქნება. მისი თქმით, სწორედ ამ საკითხზე გაკეთდა აქცენტი მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოსთვის მომზადებული ქვეყნის ეკონომიკური მემორანდუმის პრეზენტაციაზე.

ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ქვეყანას მსოფლიო ბანკთან წარმატებული თანამშრომლობის 30-წლიანი ისტორია აქვს, რომელიც ეკონომიკის განვითარების ყველა სფეროს ეხება. მისი თქმით, მსოფლიო ბანკის მიერ წარმოდგენილი მემორანდუმიც კომპლექსური იყო.

„აღნიშნული იყო, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს რეგიონსა და ევროპაში ყველაზე ძლიერი ეკონომიკური ზრდა გააჩნია და ქვეყნის რეალური ტრანსფორმაცია მოხდა. 10 წლის განმავლობაში საქართველომ ეკონომიკის განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა, მათ შორის საქართველომ მოახერხა და 10-წლიან პერსპექტივაში სიღარიბის დონე გაანახევრა, რაც ქვეყნისთვის ჯერ კიდევ მთავარი გამოწვევაა. ამასთან, საქართველომ საერთაშორისო ეკონომიკური შოკების მიმართ მდგრადობა აჩვენა და ესეც იყო პრეზენტაციაში აღნიშნული. 2019 წელს საქართველო საშუალოზე მაღალი შემოსავლის ქვეყანა გახდა.

ეს ყველაფერი საქართველოს წარმატების დასაწყისია, რომელიც მთავრობის მიერ გასატარებელ მნიშვნელოვან რეფორმებზე გადის, სადაც ჩვენ მსოფლიო ბანკის მხარდაჭერას მოვიაზრებთ. აქ საუბარია იმაზე, რომ ეკონომიკის შემდგომი ზრდა ჩვენ უკვე საქართველოში პროდუქტიულობის გაზრდის გარეშე გაგვიჭირდება და მთელი აქცენტი დღევანდელ პრეზენტაციაზე პროდუქტიულობაზე, უნარებზე და იმაზე კეთდებოდა, რომ ჩვენი მუშახელი უფრო კვალიფიციური და კონკურენტუნარიანი იყოს. საქართველომ უნდა მოახერხოს განათლების დონის კიდევ უფრო მეტად ამაღლება, უფრო ადეკვატური უნდა იყოს განათლება, რათა მოხდეს პროდუქტიულობის ზრდა კომპანიების დონეზე“, - განაცხადა მინისტრმა.

ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ ის, რასაც სახელმწიფო პროდუქტიულობის გასაზრდელად აკეთებს, იქნება ეს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ტექნოლოგიების შემოღება, ინოვაციების დანერგვას, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება - ამ მხრივ ცალსახად აღიარებულია, რომ მსოფლიო ბანკი საქართველოს სახელმწიფოს პარტნიორია.

შეგახსენებთ, რომ უთანასწორობა, დაბალი პროდუქტიულობა და სამუშაოების ხარისხის ზრდის დაბალი ტემპი იყო ის საკითხები, რომელზეც აქცენტი სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის (WB) რეგიონულმა დირექტორმა სებასტიან მოლინეუსმა, მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოსთვის მომზადებული ქვეყნის ეკონომიკური მემორანდუმის პრეზენტაციაზე გააკეთა.