გთავაზობთ გასული კვირის (8-18 აპრილი) მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკაში.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 7 ტონა ოქრო შეიძინა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 500 მილიონი დოლარის ღირებულების 7 ტონა ოქრო შეიძინა. ეროვნული ბანკის 4.77-მილიარდიანი სავალუტო რეზერვები მხოლოდ სარგებლიანი ფასიანი ქაღალდებისგან შედგება, რომელთა შორისაც ყველაზე დიდი წილი აშშ-ის სახაზინო ობლიგაციებზე და სხვა გლობალურ ბონდებზე მოდის, შესაბამისად ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც რეზერვებში მონეტარული ოქრო გაჩნდა. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, ლონდონის საფონდო ბირჟაზე ნაყიდი 999.9 სინჯის ოქროს ზოდების საქართველოში ჩამოტანა მოხდება.
ეროვნული ბანკის თანახმად, მათ მონეტარული ოქროს შესყიდვის გადაწყვეტილება 2024 წლის 1 მარტს მიიღეს.
IMF-ის პოზიცია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 7 ტონა ოქროს შესყიდვაზე
გადაცემა "ანალიტიკა" დაინტერესდა თუ რა შეფასება აქვს საერთაშორისო სავალუტო ფონდს ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული ოქროს შესყიდვაზე. ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ენდრიუ ჯუველი აღნიშნავს, რომ სებ-ი გამონაკლისი არაა და გლობალურად ცენტრალური ბანკების მხრიდან მზარდი დაინტერესებაა ოქროს შესყიდვის მიმართ.
„ცენტრალური ბანკებისთვის საკმაოდ დამახასიათებელია საკუთარი საერთაშორისო რეზერვების გარკვეული ნაწილი ოქროში განათავსონ. მეტიც, მართალია ოთხი ათწლეულის განმავლობაში ამ ტიპის რეზერვების კლების ტენდენციას ვაკვირდებოდით, გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ ეს ტენდენცია ისევ შეიცვალა და გლობალურად, ცენტრალური ბანკების ოქროს რეზერვები ისევ ზრდის ტენდენციას აჩვენებს. ამ თვალსაზრისით სებ–ი გამონაკლისი არ არის. ოქრო ცენტრალური ბანკების მენეჯერების მიერ მიჩნეულია, როგორც უსაფრთხო აქტივი, ეკონომიკური, ფინანსური და გეოპოლიტიკური ვოლატილობის პერიოდებში“ – ასე უპასუხა საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენლმა ენდრიუ ჯუელმა „ანალიტიკა“–ს.
რატომ ჩამოიტანს ეროვნული ბანკი ოქროს საქართველოს საცავში - განმარტება
გადაცემა "წერტილის" ეთერში საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დავით უტიაშვილმა 7 ტონა მონეტარული ოქროს ლონდონიდან თბილისში ჩამოტანის და სებ-ის საცავში შენახვის გადაწყვეტილება განმარტა. მისი თქმით, სებ-ი ოქროს გრძელვადიანი მიზნით შენარჩუნებას გეგმავს, ამიტომაც მისი თბილისში ჩამოტანა გადაწყდა.
"ცენტრალური ბანკების ნაწილი ოქროს რეზერვებს თავისთან ინახავს, ნაწილი - საერთაშორისო საცავებში. ჩვენ გვაქვს შესანიშნავი შენობა აეროპორტის გზაზე - ეროვნული ბანკის საკასო ცენტრი, რომელიც მაქსიმალურად დაცულია და ყველა წინაპირობა გვაქვს, ოქროს ზოდები იქ შევინახოთ. ასევე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ოქროს რეზერვებთან დაკავშირებით არ გვაქვს მოკლევადიანი მიზნები, რომ რყევების შემთხვევაში, სწრაფად გავყიდოთ. ოქრო შევიძინეთ საერთაშორისო სავალუტო რეზერვების დივერსიფიცირებისთვის და ვაპირებთ, გრძელვადიანად შევინარჩუნოთ. ამდენად, ალოგიკური იქნებოდა, ლონდონში შეგვენახა,"- განაცხადა უტიაშვილმა.
ვაზიანში ახალი აეროპორტის მშენებლობა 1.3 მილიარდი ევრო დაჯდება - მთავრობის პროექტი
საქართველოს მთავრობამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ვაზიანში გადატანის გადაწყვეტილება მიიღო. მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გადაწყვეტილება მიღებულია იქიდან გამომდინარე, რომ თბილისის აეროპორტის ტექნიკური გამტარიანობა ამჟამად 4-4.5 მილიონი მგზავრია, რაც ამჟამინდელ დატვირთვასთან (2023 წელს 3.7 მლნ მგზავრი) საკმაოდ ახლოსაა. ახალი აეროპორტის ეკონომიკური დასაბუთების საკითხს მთავრობა ADB-ის დახმარებით იკვლევდა. კვლევის თანახმად, არსებული აეროპორტის გაფართოების პროექტი 900 მილიონი ევრო ჯდებოდა და მის შედეგად გრძელვადიან პერსპექტივაში აეროპორტს წლიურად 15 მილიონი მგზავრის მომსახურება შეეძლება. ვაზიანის სამხედრო აეროპორტის ტერიტორიაზე ახალი აეროპორტის აშენების პროექტის საინვესტიციო ღირებულება კი 1.26 მილიარდი ევრო იქნება, ხოლო მას გრძელვადიან პერსპექტივაში 19 მილიონი მგზავრის მომსახურება შეეძლება. მთავრობის ინფორმაციით ახალი აეროპორტი საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტს ყოველწლიურად 0.2 პროცენტული პუნქტით გაზრდის.
ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ახალი აეროპორტი არამხოლოდ ადგილობრივ მგზავრთნაკადს, არამედ ტრასნფერულ მგზავრებს და სატვირთო ნაკადებსაც უნდა მოემსახუროს. მთავრობა მოელის, რომ პროექტს კერძო ინვესტორი განახორციელებს.
ენერგეტიკის სექტორში ახალი CFD აუქციონები აღარ გამოცხადდება, სამინისტრო ინვესტორებთან პირდაპირ კონტრაქტებს გააფორმებს
ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, CFD აუქციონები, რაც ენერგეტიკის ინვესტორების წახალისების მექანიზმს წარმოადგენს აღარ გამოცხადდება. მინისტრის თქმით, იგეგმება საკანონმდებლო ცვლილებების შეტანა საჯარო-კერძო პარტნიორობის კანონმდებლობაში, რათა პროექტების განხილვის პროცესი გამარტივდეს. ამასთანავე, ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ შეიცვლება ენერგეტიკული სექტორის მხარდაჭერის მოდელი და იმ პროექტებზე, რომლებსაც განხორციელების შესაძლებლობა აქვთ, სახელმწიფო პირდაპირ გაუფორმებს ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებებს.
შესაბამისად, ეს ნიშნავს იმას, რომ მთავრობა PPA, ანუ სიმძლავრის გარანტირებული შესყიდვის ტარიფებს აღადგენს. ლევან დავითაშვილის განცხადებით, თუკი წარსულში გაფორმებული PPA კონტრაქტების ტარიფების შესახებ არსებობდა კითხვის ნიშნები თუ როგორ დადგინდა აღნიშნული ტარიფი, მომავალში გასაფორმებელ პირდაპირი შესყიდვის კონტრაქტებში განისაზღვრება ის ტარიფი, რომელიც CFD აუქციონის შედეგად დადგინდა, რაც კილოვატ/საათ ელექტროენერგიაზე დაახლოებით 6.5 ცენტს შეადგენს.
მთავრობა ფიზიკური პირებისთვის საგადასახადო ამნისტიას აცხადებს
მთავრობა ფიზიკური პირების საგადასახადო ამნისტიას აცხადებს - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ფიზიკურ პირებს სრულად ჩამოეწერებათ 2021 წლამდე დაგროვილი აღიარებული საგადასახადო ვალები და ამ ვალებზე დარიცხული საურავი.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამნისტია 145 ათასი მოქალაქის 590 მილიონი ლარის საგადასახადო დავალიანებას შეეხება. შესაბამისად, ერთ მოქალაქეს საშუალოდ 4,068 ლარი ჩამოეწერება.
მსოფლიო ბანკმა საქართველოს 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.2%-მდე გაზარდა
მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა. მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული გლობალური ეკონომიკური პროგნოზის თანახმად, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.2%-ით გაიზრდება, რაც ბანკის წინა პროგნოზს, რომელიც 2024 წლის იანვარში გამოქვეყნდა, 0.4 პროცენტული პუნქტით აღემატება. გაუმჯობესებულია 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზიც, რაც 4.5%-ის ნაცვლად, 5%-ზე არის ნავარაუდევი.
მსოფლიო ბანკის მიერ საკუთარი პროგნოზის გაუმჯობესება, სავარაუდოდ, დაკავშირებულია მოსალოდნელზე უკეთეს ეკონომიკურ მდგომარეობასთან. 2024 წლის პირველ ორ თვეში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 7.7% შეადგინა, ამასთან, ეკონომიკურ პროგნოზს გადახედა საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც, რომელიც წელს საქართველოში 5.7%-იან ეკონომიკურ ზრდას მოელის.
ADB: საქართველოს ეკონომიკა წელს 5%-ით გაიზრდება, 2025-ში – 5.5%-ით
აზიის განვითარების ბანკმა 2024 წლის ეკონომიკური პროგნოზები განაახლა. ორგანიზაციამ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უცვლელად, 5%-ზე შეინარჩუნა. 2025 წლისთვის კი ორგანიზაცია საქართველოში 5.5%-იან ზრდას პროგნოზირებს.
ADB საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლესლი ბეარმენ ლამი აღნიშნავს, რომ არსებულ მდგომარეობაში მნიშვნელოვანია საქართველომ ყურადღება გაამახვილოს რეგიონული დაკავშირებადობის განვითარებაზე, ადამიანური კაპიტალის რეფორმასა და მწვანე ეკონომიკაზე.