ლევან დავითაშვილის განცხადებით, ფინანსთა სამინისტროს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უფრო კონსერვატიულია, ვიდრე ეკონომიკის სამინისტროს მოლოდინი - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
ვიცე-პრემიერმა ის ფაქტორები განმარტა, რომელიც უწყებას ამის მოლოდინის საფუძველს აძლევს, თუმცა რიცხვები არ დაუსახელებია.
„ფინანსთა სამინისტრომ ისაუბრა ზრდის მაჩვენებელსა და პროგნოზებზე, ეს კიდევ უფრო კონსერვატიულია, ვიდრე ჩვენი მოლოდინია ეკონომიკის სამინისტროში, რადგან დარგობრივ ჭრილში ანალიზი გვაძლევს საშუალებას, ზაფხულის თვეებში იმ დარგებში, სადაც არასახარბიელო კონიუნქტურა იყო, გამოსწორება გვექნება... ექსპორტი უფრო გაჯანსაღდება, შესაბამისად, ჩვენი სავაჭრო დეფიციტი კიდევ უფრო შემცირდება, რაც ჩვენი ეკონომიკისთვის დადებითი ეფექტის მომტანი იქნება. შესაბამისად, ჩვენ დადებითი ეკონომიკური ტენდენციები გვექნება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, უწყებამ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.2-დან 6%-მდე გაზარდა. თუმცა მინისტრმა განმარტა, რომ მოლოდინები წლის განმავლობაში შეიძლება კიდევ გადაიხედოს.