მთავრობა მაისში დასვენებებისა და „გარკვეული გამოწვევების“ მიუხედავად, იმაზე მაღალ ეკონომიკურ ზრდას ელის, ვიდრე პროგნოზირებული ჰქონდათ. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა, მთავრობას, ქვეყანაში არსებულ საჭიროებებზე შემოსავლების გადანაწილების საშუალებას მისცემს.
„იმედი გვაქვს, რომ ეკონომიკური ზრდის დადებით ტენდენციას შევინარჩუნებთ, გვესმის, რომ მაისში დასვენებები და გარკვეული გამოწვევები იყო, თუმცა მაინც ველით რომ ზრდა გვექნება, შეიძლება ამხელა მოცულობით არა, მაგრამ ჯამში მოლოდინი გვაქვს, რომ დაგეგმილზე მნიშვნელოვნად მაღალი ეკონომიკური ზრდა გვექნება წლის ჭრილში, რაც საშუალებას მოგვცემს დამატებით აკუმულირებული შემოსავლები იმ საჭიროებებზე მივმართოთ, რომელიც ქვეყანაში გაგვაჩნია“, - განაცხადა დავითაშვილმა.
ეკონომიკის მინისტრმა აპრილის მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შედეგმა საფინანსო ინსტიტუტებისა და მთავრობის კონსერვატიულ პროგნოზსაც გადააჭარბა.
„საქსტატმა აპრილის ეკონომიკური ზრდის მონაცემები გამოაქვეყნა, ჩვენი წინასწარი მოლოდინი იყო, რომ ეკონომიკური ზრდა ორნიშნა იქნებოდა, ამაზე მაშინ ვსაუბრობდით, როდესაც ჩვენ გარკვეულ მონაცემებზე დაყრდნობით ვამბობდით ამას, მათ შორის დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა იყო მნიშვნელოვნად 16%-ზე მეტად იყო გაზრდილი და საბოლოოდ ასეც დადასტურდა 11%-ზე მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს აპრილში, რამაც 4 თვის განმავლობაში იმის საშუალება მოგვცა, რომ უფრო მეტი ეკონომიკური ზრდა გვქონდეს, ვიდრე ეს იყო ან საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებით პროგნოზირებული, ან იგივე ჩვენი უფრო კონსერვატიული დაგეგმვით პროგნოზირებული. ჩვენი პირველი 4 თვის მონაცემები ეკონომიკის ზრდა 9%-ია“, - განაცხადა დავითაშვილმა.