ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციების შესახებ ისაუბრა. მისი ინფორმაციით, ოქტომბრის ეკონომიკურმა ზრდამ წინასწარი შეფასებით 6.2 % შეადგინა, ხოლო 10 თვის საშუალო ეკონომიკური ზრდა 6.9 %-ია.
როგორც ლევან დავითაშვილი აღნიშნავს, იმის გათვალისწინებით, თუ როგორია სხვა ქვეყნის ეკონომიკების აქტიურობა და ზრდა, საქართველო ამ თვალსაზრისით რეგიონში ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას ინარჩუნებს. მისი განცხადებით, ძირითადად ეკონომიკური ზრდა განპირობებული იყო მაღალი საინვესტიციო აქტივობით, ასევე ეკონომიკური აქტივობით საგარეო ვაჭრობის და ტურიზმის სფეროებში.
„ვფიქრობ, ეს მონაცემები წინდახედული მაკრო-ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ჩვენ გვაქვს ასევე მესამე კვარტალის შედეგები ბიზნესსექტორთან დაკავშირებით, რომლის ბრუნვა 12.6%-ით გაიზარდა და პირველი სამი კვარტალის მონაცემების მიხედვით, 143.8 მილიარდი ლარი შეადგინა. ასევე ბიზნესსექტორის გამოშვება გაიზარდა 9.3%-ით, რაც 54 მილიარდ ლარს შეადგენს“, - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.
ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, 2023 წლის მესამე კვარტალში ბიზნეს სექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობა 4.8%-ით გაიზარდა. როგორც ის აღნიშნავს, ეს ყველაზე მაღალშემოსავლიანი სამუშაო ადგილებია. შედეგად, ბიზნეს სექტორში სამუშაო ადგილების რიცხვი 34.6 ათასით გაიზარდა და 757.9 ათასი შეადგინა, რაც ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, რეკორდული მაჩვენებელია. ამასთან, მისი განცხადებით, შრომის ანაზღაურება თვიურ ჭრილში 17.1 %-ით და 293 ლარით გაიზარდა, შესაბამისად, პირველად ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო შემოსავალი 2000 ლარს გადაცდა. ინფლაციის დონემ ნოემბრის თვეში 0.1 % შეადგინა და წინა თვესთან შედარებით 0.2 % პუნქტით შემცირდა.
„აპრილიდან ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს ჩამოცდა და საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ინფლაცია აქვს ფართო რეგიონში. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ეს ყველაფერი, მშრალი რიცხვები გადავიდა რეალურ ცხოვრებაში, წინა თვესთან შედარებით სურსათის ფასების კლება დაფიქსირდა, ასევე წლიურ ჭრილშიც. შესაბამისად, ეს ტენდენცია როგორც სურსათზე, ისე მედიკამენტებზე წლის განმავლობაში შენარჩუნებულია. ვფიქრობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იგრძნოს ეკონომიკური პროგრესის და ნორმალური, წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკის კონკრეტული შედეგები. ჩვენ ვხედავთ, რომ ინფლაცია ინარჩუნებს სამიზნეზე ქვემოთ დონეს, შესაბამისად ბევრ საშუალებას, რომ უფრო თამამი მაკრო-ეკონომიკური გადაწყვეტილებები მივიღოთ და ეკონომიკურ ზრდას მეტად შევუწყოთ ხელი“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
ამასთან, ვიცე-პრემიერი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ყოველ კვარტალში ფიქსირდება სტაბილური გაუმჯობესება, განსაკუთრებით ბიზნეს სექტორში და ეს ცალსახად არის დაკავშირებული კერძო სექტორის მხრიდან მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ ნდობასთან. მისი შეფასებით, ეს ასევე პირდაპირ კავშირშია იმ პოლიტიკასთან, რომელიც ქვეყანას აქვს ზოგადად და სტაბილურობის კუთხით.
„ეს ყველაფერი იწვევს ბიზნეს სექტორის მხრიდან ნდობას და შესაბამისად გააქტიურებას, აქტიურობა უკვე რიცხვებში აისახება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში სტაბილური პოლიტიკური სიტუაცია შევინარჩუნოთ, იმისთვის, რომ კიდევ უფრო კარგი ეკონომიკური შედეგები გვქონდეს მომავალში“, - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.