საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები დეკემბერში 5%-ით, 4.9 მილიარდ დოლარამდე შემცირდა - მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული მიმოხილვის თანახმად, კლების მიზეზი სებ-ის გადაწყვეტილება გახდა.
საქმე ისაა, რომ საქართველოს სავალუტო რეზერვები სხვადასხვა კომპონენტისგან შედება, მათ შორისაა კომერციული ბანკების მიერ სებ-ში დაცული მინიმალური სარეზერვო ანგარიშები უცხოური ვალუტის დეპოზიტებისთვის. თუკი აქამდე ამ მოთხოვნის ზედა ზღვარი ერთ წლამდე ვადით მოზიდული სავალუტო აქტივების 25% იყო, ის 20%-მდე შემცირდა. შესაბამისად, ამან საბანკო სექტორს დამატებითი ფინანსური რესურსები გამოუთავისუფლა.
“ოფიციალური რეზერვები დეკემბრის დასაწყისში 5%-ით, 4.9 მილიარდ დოლარამდე (იმპორტის 3.8 თვე) შემცირდა, რაც განპირობებული იყო დეკემბრის დასაწყისში მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების შემცირებით, რაც საბანკო ლიკვიდობის ზრდას ისახავდა მიზნად,”- ნათქვამია მსოფლიო ბანკის ყოველთვიურ მიმოხილვაში.
წინა თვეების განმავლობაში ეროვნული ბანკი სავალუტო რეზერვების აქტიურად შესყიდვით იყო დაკავებული. წელს ეროვნულმა ბანკმა Bmatch პლატფორმის მეშვეობით 1.47 მილიარდი დოლარი ამოიღო, მათ შორის ყველაზე მსხვილი $322-მილიონიანი შესყიდვა აპრილში განახორციელა.
მესამე კვარტლის ბოლოდან კი რეზერვების შესყიდვის პოლიტიკა შერბილდა, რაც საქართველოში უცხოეთიდან (ძირითადად რუსეთიდან) კაპიტალის შემოდინების კლებას უკავშირდებოდა. მაგალითად, აგვისტოში შესყიდვები 110 მილიონი დოლარი იყო, სექტემბერში, მხოლოდ 8.4 მილიონი დოლარი, ოქტომბერში კი პირიქით, Bmatch-ის გამოყენებით 13 მილიონი გაიყიდა.