მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკაში

პარლამენტში

გასული კვირის (2-8 ოქტომბრის) მნიშვნელოვანი მოვლენები:

1) ეროვნულმა ბანკმა 44.9 მილიონი დოლარი გაყიდა:

6 ოქტომბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე გასაყიდად გამოიტანა $50 მილიონი დოლარი, საიდანაც ბაზარმა $44.9 მილიონი შეისყიდა. ეს 20 სექტემბრის შემდეგ რიგით მეოთხე სავალუტო ინტერვენცია იყო, რომელიც ეროვნულმა ბანკმა განახორციელა. სებ-ის განმარტებით სავალუტო ჩარევის მიზანი ერთჯერადი ტრანზაქციით გამოწვეული შესაძლო ნეგატიური ეფექტის მინიმიზაცია იყო. 

მთლიანობაში ბოლო ორ კვირაში ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონებით 109 მილიონი დოლარი გაყიდა. 

2) საბანკო რეგულაციების შერბილების შესახებ შეთანხმება მიღწეულია - სოსო ფხაკაძე

პარასკევს ბანკირებმა შეხვედრა გამართეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან ნათია თურნავასთან და როგორც ირკვევა საუბარი შეეხო კონკრეტული რეგულაციების შემცირებას. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე, რომლის თქმითაც, საკითხზე კონკრეტული გადაწყვეტილება უკვე მიღწეულია.

"ბოლო ორ შეხვედრაზე გამოიკვეთა კონკრეტული სურათი თუ საითკენ მივდივართ. უფრო მეტიც, დღეს რამდენიმე რეგულაციის შერბილებასთან დაკავშირებით გარკევულ შეთანხმებასაც მივაღწიეთ. ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, ეს იქნება ძალიან კარგი. პირველი, იმიტომ რომ საბანკო-საფინანსო სისტემას კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს. მეორე, უფრო მეტი სახსრები გაჩნდება ბიზნესისთვის და საბოლოო ჯამში, ეს ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას,"- განაცხადა სოსო ფხაკაძემ. 

ჯერჯერობით უცნობია ზუსტად რა რეგულაციების შერბილებაზე შედგა მოლაპარაკებები. 

3) “შუა დერეფანში“ ტვირთების კოორდინაციისთვის ქართულ-აზერბაიჯანულ-ყაზახური კომპანია შეიქმნა - მინისტრი

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, 4 ოქტომბერს, პარლამენტში მინისტრის საათის ფარგლებში შუა დერეფნის განვითარებაზე ისაუბრა. მისი თქმით, უკვე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, ჩამოყალიბდეს ერთობლივი კომპანია, რომელიც ჩინეთიდან დერეფანში მომავალი ტვირთების გადაზიდვებში კოორდინაციას მოახდენს. ლევან დავითაშვილის თქმით, ასეთი კომპანია უკვე არსებობს.

„ასეთი კომპანია არსებობს, ეს არის ერთობლივი შეთანხმება  საქართველოს, ყაზახეთის და აზერბაიჯანისა რკინიგზებს შორის. ის მოემსახურება ჩინეთიდან მომავალ საკონტეინერო ტვირთებს, რომელიც შუა დერეფნის მეშვეობით მოხვდება ევროპაში. ამის არსი არის ის, რომ შუა დერეფანი კიდევ უფრო კონკურენტუნარიანი იყოს და მეტი იყოს კოორდინაცია. თქვენ იცით, რომ საერთაშორისო გლობალურ კონკურენციაში ძალიან მნიშვნელოვანია როგორც სატარიფო კონკურენცია, ისე  სერვისების მაღალი დონე და ვფიქრობ, რომ ერთობლივი კომპანიის ფარგლებში, უკეთესად მოვემსახურებით ამ ტვირთებს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. 

4) საქართველოსა და UAE-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას 10 ოქტომბერს მოეწერება ხელი:

„ქვეყნებს შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობების, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების აუცილებლობა და ამ მხრივ არსებული პერსპექტივების რეალიზება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. ლევან დავითაშვილის თქმით, ამ მიმართულებით უნდა იქნას გამოყენებული  პარტნიორ ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება-გაღრმავების ყველა მნიშვნელოვანი და ეფექტური პლატფორმა.

„აღსანიშნავია, რომ დასრულდა მოლაპარაკებები საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ტექსტზე, რომლის ამოქმედების შემდგომ, საქართველოს, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით,  დამატებით გაეხსნება 9 მილიონიანი მაღალმსყიდველობითუნარიანი სამომხმარებლო ბაზარი,"- განაცხადა მინისტრმა.

5) სექტემბერში ინფლაცია 0.7 პროცენტამდე შემცირდა:

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2023 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.6 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.7 პროცენტი შეადგინა. შედარებისთვის აგვისტოში ინფლაციის დონე 0.9% იყო. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში ფასები მომატებულია 5.1 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინფლაციაში 0.54 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (11.7 პროცენტი), ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (11.4 პროცენტი).

6) საქართველოს ილჰამ ალიევი ეწვია

საქართველოს სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეწვია.

შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - ლევან დავითაშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი - ზურაბ პატარიძე და საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი - ფაიგ გულიევი დახვდნენ.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილისა და ილჰამ ალიევის პირისპირ შეხვედრა, რის შემდეგაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

7) დეპუტატი ფრიდონ ინჯია კრწანისში 28-სართულიანი სასტუმროს მშენებლობას გეგმავს

დეპუტატ ფრიდონ ინჯიას კომპანია “სისტემ ნეტი” კრწანისში ყოფილი სამთავრობო ავტოსადგომის ადგილას 28-სართულიანი კომპლექსის მშენებლობას გეგმავს - შესაბამისი მიმართვები და თანხმობის გადაწყვეტილებები დედაქალაქის არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე არის გამოქვეყნებული. 

კომპანია “სისტემ ნეტმა” თბილისში კრწანისის რაიონში, გორგასლის შესახვევის N5-ში მდებარე 17,313 კვ.მ. ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული წრიული შენობა 2016 წელს გამართული პირობიანი აუქციონის შედეგად 5 მილიონ ლარად შეიძინა. 

სახელმწიფომ აუქციონი პროგრამა “50 ქონება შენი სასტუმროსთვის” ფარგლებში ჩაატარა და შესაბამისად, მისი პირობა სწორედ სასტუმრო კომპლექსის განვითარება იყო. 

8) მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა:

მსოფლიო ბანკმა სამხრეთ კავკასიის რეგიონის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 0.3%-ით 3.3%-მდე გაზარდა. დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც ევროპასა და ცენტრალურ აზიას ეხება წერია, რომ 2024 წლიდან ეკონომიკური ზრდა 3.2%-მდე შემცირდება, ეს 0.2%-ით ნაკლებია ივნისში გაკეთებულ პროგნოზთან შედარებით.

ანგარიშის თანახმად, რეგიონის ეკონომიკური ზრდის გადახედვა ძირითადად სომხეთსა და საქართველოს უკავშირდება, რომლებმაც მოსალოდნელზე მაღალი მშპ-ს ზრდა აჩვენეს. საქართველოს შემთხვევაში წელს მთლიანი შიდა პროდუქტი 5.9%-ით, ხოლო სომხეთის 6.6%-ით გაიზრდება. 

9) საგადასახადო შეღავათები ბიუჯეტს ₾4 მილიარდამდე უჯდება

ფინანსთა სამინისტრომ 2024 წლის ბიუჯეტის პროექტს საგადასახადო შეღავათების შესახებ ანგარიში დაურთო. ქვეყანაში დამატებული ღირებულების გადასახადი 18%-ს შეადგენს. თუმცა, საგადასახადო კოდექსში არის ასობით სხვადასხვა გამონაკლისი თუ დათვლის სხვადასხვა მეთოდოლოგია, რომელიც საბოლოო ჯამში საგადასახადო შეღავათს წარმოადგენს. სწორედ ამ შეღავათების მოცულობა გააანალიზა ფინანსთა სამინისტრომ და ის პარლამენტს წარუდგინა. მისი მიხედვით, 2022 წელს საგადასახადო შეღავათების ჯამი 3.8 მილიარდ ლარს შეადგენდა, რომლის 90%-იც დღგ-ზე მოდის.

დღგ-ისგან გათავისუფლებული მსხვილი სექტორებია: ჯანდაცვა; ფარმაცია; განათლება; აზარტული თამაშები, მსუბუქი ავტომობილებით ოპერაციები და სოფლის მეურნეობა. ამ და სექტორების მიხედვით, 2022 წელს ბიუჯეტმა 3.4 მილიარდი ლარის საგადასახადო შემოსავლები არ მიიღო.

10) სახელმწიფო დეპარტამენტი: USAID-ის მიმართ გამოთქმული ბრალდებები არსებითად მცდარია

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსიპიკერის მოადგილე, ვედანტ პატელი ყოველდღიურ ბრიფინგზე გამოეხმაურა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ USAID-ის დახმარებით საქართველოში ჩამოსული ტრენერები ახალგაზრდებს სამოქალაქო არეულობის მომზადებაში ატრენინგებდნენ. პატელის განცხადებით, USAID-ის მიმართ გაჟღერებული ბრალდებები არსებითად მცდარია, ხოლო თავად ის პროექტები და პროგრამები, რომლებიც აშშ-ის საერთაშორისო დახმარების სააგენტოს მიერ ხორციელდება სრულიად გამჭვირვალეა. 

"ნება მომეცით ყურადღება გავამახვილო უშუალოდ USAID-ის ხსენების საკითხზე. თბილისში ჩვენმა საელჩომ ამის შესახებ ძალიან მკაფიო განცხადება გააკეთა და რასაც აქვე გავიმეორებ არის ის, რომ ბრალდებები ჩვენი დახმარების ერთ-ერთი პროექტის მიმართ მცდარია და არსებითად არასწორად ახასიათებს საქართველოსთვის ჩვენი დახმარების მიზნებს. როგორც ყოველთვის, ჩვენი დახმარება გამჭვირვალეა და ჩვენ გავაგრძელებთ ქართული ორგანიზაციების მხარდაჭერას, რომლებიც მუშაობენ საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებით გათვალისწინებული ფუნდამენტური უფლებების დასაცავად. მე ასევე აღვნიშნავ, რომ ვაგრძელებთ პარტნიორობას ქართველ ხალხთან, რადგანაც ისინი ისწრაფვიან დემოკრატიული, აყვავებული, მშვიდობიანი ევროატლანტიკური მომავლისკენ",- განაცხადა პატელმა. 

აშშ-ის საელჩომ მომხდართან დაკავშირებით განცხადება 2 ოქტომბერს გააკეთა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები