მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომისტი პრივატიზაციის არსებულ პრინციპს აკრიტიკებს - "პესიმისტურად ვარ განწყობილი"

5de26a3a6e5ee
ნუცა ბაზლიძე
01.12.19 12:35
2051
ეკონომიკის ექსპერტი რამაზ გერლიანი პრივატიზაციის არსებულ პრინციპს აკრიტიკებს.

საქმე იმაშია, რომ რამდენიმე დღის წინ ეკონომიკის სამინისტრომ და ქონების ეროვნულმა სააგენტომ ახალი პროექტის - „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" პრეზენტაცია გამართეს, რომლის ფარგლებშიც მთავრობა 150 მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო ქონების გასხვისებას გეგმავს.

ეკონომისტის აზრით, „ამას შეიძლება მცირედი ფისკალური ეფექტი ჰქონდეს, თუმცა ფულზე პრივატიზება არ არის სწორი მექანიზმი, ვინაიდან ეს კაპიტალიზაციაზე უარყოფით გავლენას ახდენს“.

„ფულზე პრივატიზება არ შეიძლება, ეს უნდა მოხდეს მყისიერად და უსასყიდლოდ“, - აცხადებს რამაზ გერლიანი.
BM.GE-ისთან საუბრისას ეკონომიკის ექსპერტმა წარმოდგენილი საპრივატიზაციო ქონების სიის მასშტაბურობის საკითხიც შეაფასა.

„შედეგს როცა ვნახავთ, მაშინ შეგვეძლება ვთქვათ, რამდენად მასშტაბური აღმოჩნდა პრივატიზაცია. რაც შეეხება თავად საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხას, მოლოდინი უფრო მეტის მქონდა. ვფიქრობ, ერთადერთი სწორი გამოსავალი არის პრივატიზაციის პროცესის მკვეთრად დაჩქარება, თუმცა ფულზე პრივატიზების პრინციპიდან გამომდინარე, ეს პროცესი, სამწუხაროდ, ვეღარ დაჩქარდება. ამის გამო, პესიმისტურად ვარ განწყობილი. თუ მართლა გადაიხადა კერძო სექტორმა 150 მილიონი ლარი, ამ შემთხვევაშიც გამოდის, რომ ჩვენ სექტორს პოტენციური საინვესტიციო კაპიტალი წავართვით. მე წინსწრებით ვხედავ, რომ ეს არ არის შესრულებადი“, - განაცხადა რამაზ გერლიანმა და დასძინა, რომ სახელწიფო კერძო სექტორზე უკეთ ვერ განსაზღვრავს, რომელ სექტორში სჯობს ინვესტირება.

ამასთან, ეკონომიკის ექსპერტის აზრით, ერთადერთი ინტერესი, რის გამოც ინვესტორმა შეიძლება მოინდომოს წარმოდგენილი უძრავი ქონების შეძენა, დაბალი ფასია. გერლიანი აღნიშნავს, რომ მისი პროგნოზით, წარმოდგენილი 100-ვე ობიექტის გაყიდვა ვერ მოხერხდება, რის გამოც ხელისუფლებას რამდენჯერმე მოუწევს ფასების გადახედვა და დაწევა.

გარდა ამისა, თემაზე საუბრისას, რამაზ გერლიანმა აღნიშნა, რომ თავის მხრივ, სახელმწიფოს მიერ საპრივატიზაციოდ გამოტანილი ქონება სხვა დანარჩენი უძრავი ქონების ბაზარზე უარყოფით გავლენას მოახდენს და კერძო მესაკუთრეების ქონების ღირებულებაც დაიწევს.

„გასული წლების მონაცემებს თუ გადავხედავთ, წლევანდელი პრივატიზაცია იქნება მასშტაბური, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ დაახლოებით, 1.5 ტრილიონი დოლარის ოდენობის ქონება უნდა დაპრივატიზდეს იმისთვის, რომ ჩვენ საბაზრო ეკონომიკა ვიყოთ, წარმოდგენილი ქონება რამდენად მასშტაბურია, ეს თავად შეაფასეთ“, - დასძინა ექსპერტმა.