მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელჩი: ავსტრიულმა კომპანიებმა მცდელობების მიუხედავად, საქართველოში შემოსვლა ვერ შეძლეს

5e56361b7889a
შოთა ტყეშელაშვილი
26.02.20 13:45
4782
საქართველოში ავსტრიის ელჩმა არად ბენკომ BMG-ისთან საუბარში განაცხადა, რომ საქართველოს მიმართ ავსტრიელი ინვესტორების დაინტერესება საკმაოდ მაღალია, მაგრამ არის ცალკეული შემთხვევები, როდესაც მსხვილმა ავსტრიულმა კომპანიებმა მრავალი მცდელობის მიუხედავად, ქართულ ბაზარზე შემოსვლა ვერ შეძლეს, თუმცა დიპლომატმა არც სექტორები დააკონკრეტა და არც კომპანიები დაასახელა. ელჩმა არც ის დააკონკრეტა, რა იყო ხელის შემშლელი ფაქტორები.  

წარმატების მაგალითებს შორის კი, არად ბენკო საქართველოში კომპანია Gebrüder Weiss-ს, Doppelmayr-სა და Rauch-ს ასახელებს. 

"საქართველოში ერთი მხრივ გვაქვს საკმაოდ დიდი ინტერესი, მათ შორის ავსტრიული კომპანიების მხრიდან, ხოლო მეორე მხრივ, არის მრავალი გამოწვევა. უნდა ითქვას, რომ ეს გამოწვევები არ არის უნიკალური საქართველოსთვის და მას არაერთი აღმოსავლეთ ევროპული ქვეყანაც იზიარებს. ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს სირთულეები და სიძნელეები გამოვყოთ და შემდეგ ისინი განვიხილოთ. ამ მიმართულებით კარგი პარტნიორული ურთიერთობა გვაქვს საქართველოს მთავრობასთან. 

ჩვენ გვაქვს წარმატების კარგი მაგალითები, მათ შორისაა ავსტრიული კომპანია Doppelmayr-ი ან Gebrüder Weiss-ი, რომელიც ლოჯისტიკის სფეროში საქმიანობს, ასევე წარმატების მაგალითია კომპანია Rauch-ი, რომელიც წვენების წარმოებით არის დაკავებული. ასევე არიან კომპანიები ჰიდროენერგეტიკის მიმართულებით,

მაგრამ არიან ასეთივე დიდი კომპანიები, რომელთა სახელებსაც საჯაროდ არ ვიტყვი, რომლებმაც არაერთი მცდელობის შემდეგაც ვერ შეძლეს შემოსულიყვნენ საქართველოს ბაზარზე. მინდა გითხრათ, რომ დაინტერესება საქართველოში ინვესტირების მიმართ ბევრად დიდია, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. არის ნამდვილად დიდი ინტერესი საქართველოში ინვესტირებისთვის. ამას ხელს უწყობს ფაქტი, რომ საქართველო ფართო რეგიონის მასშტაბით ერთადერთი რეალური დემოკრატიაა, შესაბამისად, ის მიმზიდველია. 

სექტორების მიხედვით, შემიძლია გითხრათ, რომ ავსტრიული კომპანიების მხიდან დაინტერესებაა ლოჯისტიკისა და ენერგეტიკის მიმართულებით,"- BMG-ის განუცხადა ავსტრიის ელჩმა არად ბენკომ. 

საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის პირველი სამი კვარტლის განმავლობაში ავსტრიიდან საქართველოში $7,725,000 დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რითიც მთლიან ინვესტიციებში 23-ე ადგილი დაიკავა. 

2018 წელს კი, ავსტრიიდან საქართველოში 17,383,100-ის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა, რითიც ქვეყანამ FDI-ის მთლიან სტატისტიკაში მეჩვიდმეტე, ევროკავშირის ქვეყნებს შორის კი მერვე ადგილი დაიკავა.