მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო-ჩინეთის ეკონომიკური ურთიერთობების ანატომია

64c25e3a65156
გიორგი არონია
27.07.23 23:55
846

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი საქმიანი ვიზიტით ჩინეთში იმყოფება, სადაც, მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მნიშვნელოვან შეხვედრებს გამართავს.

ვიზიტის დროს, პრემიერ-მინისტრთან ერთად ჩინეთში საქართველოს ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი და ჩინეთში საქართველოს ელჩი, არჩილ კალანდია იმყოფებიან. პირველი ოფიციალური შეტყობინება, რომელიც ჩინეთიდან მივიღეთ, სწორედ საქართველოს ელჩს, არჩილ კალანდიას ეკუთვნოდა, რომელშიც მან აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის ვიზიტი, პირველ რიგში, სწორედ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

ეს პათოსი მოულოდნელი არ არის, რადგან 2023 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, ჩინეთი საქართველოსთვის რიგით მეოთხე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია თურქეთის, რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ. ამ რეიტინგში მე-5 ადგილს მეზობელი აზერბაიჯანი იკავებს.

საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორები (2023)

თურქეთი - $1.5 მლრდ
რუსეთი - $1.3 მლრდ
აშშ - $820.9 მლნ
ჩინეთი - $794.8 მლნ
აზერბაიჯანი - $731.5 მლნ

მიმდინარე წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით საქართველო-ჩინეთის სავაჭრო ბრუნვამ $795 მილიონი შეადგინა, მაგრამ წლის ბოლომდე ამ პარამეტრის მნიშვნელოვანი ზრდაა ნავარაუდევი. საერთოდ კი, საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ურთიერთობა ფაქტობრივად ყოველწლიურად იზრდება. თუ 2019 წელს, ვაჭრობის მაჩვენებელმა $1.1 მილიარდი შეადგინა, გასულ წელს, ის $2 მილიარდსაც კი მიუახლოვდა.

საქართველო-ჩინეთის სავაჭრო ბრუნვა

2019 - $1.1 მლრდ
2020 - $1.2 მლრდ
2021 - $1.5 მლრდ
2022 - $1.9 მლრდ
2023 (HY) - $794.8 მლნ

თუმცა, როცა საუბარი ამ ორ ქვეყანას ეხება, არ უნდა დაგვავიწყდეს 2017 წელი, როცა საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გააფორმა. იმ დროს, მოლაპარაკებები რეკორდულ შვიდ თვეში დასრულდა. რეალურად, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმება ორი ქვეყნის ურთიერთობების ლოგიკური გაგრძელება იყო, რადგან სავაჭრო ბრუნვა ხელშეკრულების გაფორმებამდეც მდგრადად იზრდებოდა, იურიდიულმა დასტურმა კი ეს პროცესი მეტად დააჩქარა. თუ 2012-დან 2017 წლის ჩათვლით, საქართველო-ჩინეთის სავაჭრო ბრუნვა, კუმულაციურად, 46%-ით გაიზარდა, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებიდან 2022 წლის ჩათვლით, ვაჭრობა კუმულაციურად თითქმის 100%-ით გაიზარდა, ანუ ფაქტობრივად გაორმაგდა.

საერთო ჯამში კი, გასული ათი წლის განმავლობაში, საქართველო - ჩინეთის სავაჭრო ბრუნვა გასამმაგდა. თუ 2012 წელს, ბრუნვის მაჩვენებელი სულ რაღაც $640 მილიონის ტოლი იყო, 2022 წელს მან $2 დოლარს მიუახლოვდა.

ახლა კი, სავაჭრო ბრუნვას დეტალურად ჩავუღრმავდეთ. პირველი დაკვირვება, რომლის გაკეთება შეგვიძლია ისაა, რომ სავაჭრო ბრუნვა ცალსახად იმპორტისკენაა გადახრილი, რაც გასაკვირი არ არის, რადგან ჩინეთი სიდიდით რიგით მეორე ეკონომიკის მქონე სახელმწიფოა მსოფლიოში, რომელიც აწარმოებს ყველაფერს, რისი წარმოებაც შესაძლებელია. საქართველო კი, საპირწონედ ამისა, პროდუქტების იმპორტიორი ქვეყანაა. 2023 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, ჩინეთიდან იმპორტმა $575 მილიონი შეადგინა, ჩინეთში ექსპორტი კი $219.8 მილიონს გაუტოლდა.

მაშ, ჩნდება კითხვა, თუ რას ვყიდულობთ და რას ვყიდით ჩინეთში? დავიწყო 2023 წლის პირველი ნახევრის იმპორტით, რომელშიც პირველ ადგილს, $43 მილიონით კომპიუტერები იკავებს. მეორე ადგილზე ასევე ელექტრონულ მოწყობილობას ვხვდებით, ამ შემთხვევაში კონდიციონერებს, რომლებზეც $22 მილიონი დაიხარჯა. სიაში ასევე ვხვდებით ფოლადის ნაწარმს, საბურავებსა და სატვირთო ავტომობილებს. მთლიანობაში კი, ჩინეთიდან იმპორტი შემდეგნაირად გამოიყურება:

რას ვყიდულობთ ჩინეთიდან? (2023)

კომპიუტერები - $43.1 მლნ
კონდიციონერები - $22.2 მლნ
ფოლადის ნაწარმი - $19.7 მლნ
საბურავები - $13.9 მლნ
სატვირთო ავტომობილები - $10.6 მლნ

პროდუქტების ჩამონათვალი რადიკალურად განსხვავდება ექსპორტის კუთხით, რომელშიც $157 მილიონით სპილენძის მადნები და კონცენტრატები ლიდერობს. სიაში ასევე ვხვდებით ძვირფას ლითონებს, სამედიცინო ხელსაწყოებს, სანელებლებსა და ღვინოს, რომელმაც მიმდინარე წლის პირველ ნახევარში $6 მილიონი მოგვიტანა. მთლიანობაში კი, ჩინეთში ექსპორტი შემდეგნაირად გამოიყურება:

რას ვყიდით ჩინეთში? (2023)

სპილენძი - $157 მლნ
ძვირფასი ლითონები - $28.4 მლნ
სამედიცინო ხელსაწყოები - $15.2 მლნ
ღვინო - $6 მლნ
სანელებლები - $3 მლნ

ღვინო საქართველოსთვის სტრატეგიული პროდუქტია, ხოლო ჩინეთი სტრატეგიული ბაზარი, ასე რომ ამ სტატისტიკას აუცილებლად უნდა ჩავუღრმავდეთ. რეალურად, ბოლო წლებში, ჩინეთი ქართული ღვინისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბაზრად იქცა, რასაც მედიაში ხშირად ვხედავთ, მაგრამ სტატისტიკა კითხვის ნიშნებს აჩენს. საქმე ისაა, რომ საქართველოდან ჩინეთში ღვინის ექსპორტმა პიკს 2017 წელს მიაღწია, როცა ამ ქვეყანაში $20.5 მილიონის ღვინო გავყიდეთ. მას შემდეგ დინამიკა იკლებს, თუ არ ჩავთვლით 2021 წელს, როცა ჩინეთში $16 მილიონის ღვინო გავყიდეთ. გასულ წელს, ამ მაჩვენებელმა $12.5 მილიონი შეადგინა, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში კი $6 მილიონი, რაც მიგვანიშნებს, რომ პიკურ მაჩვენებელთან ახლოს, სავარაუდოდ, ვერც წელს მივალთ.

ღვინის ექსპორტი ჩინეთში:

2017 - $20.5 მლნ
2018 - $19.8 მლნ
2019 - $18.9 მლნ
2020 - $13.3 მლნ
2021 - $16.3 მლნ
2022 - $12.5 მლნ
2023 (HY) - $6 მლნ

საგარეო ვაჭრობის შემდეგ, მიმოვიხილოთ გზავნილების სტატისტიკაც, რომლის მხრივ საინტერესო მდგომარეობა ფიქსირდება. საქმე ისაა, რომ 2016 წლის ჩათვლით, ჩინეთიდან საქართველოში სტაბილურად უფრო მეტი თანხა იგზავნებოდა, ვიდრე პირიქით, თან ეს ტრენდი მზარდი დინამიკით ხასიათდებოდა, მაგრამ 2016 წლის შემდეგ, ტენდენცია შეიცვალა და გაგზავნილმა თანხამ შემოსულს გაასწრო. გასულ წელს, ჩინეთიდან $0.8 მილიონი ჩაირიცხა და თითქმის $5 მილიონი გადაირიცხა. ამ წლების სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება:

საქართველო-ჩინეთის გზავნილების სტატისტიკა

2016:
ჩარიცხვა - $4.3 მლნ
გადარიცხვა - $1 მლნ

2022:
ჩარიცხვა - $0.8 მლნ
გადარიცხვა - $4.9 მლნ

აქვე მიმოვიხილოთ ტურიზმი, რომელშიც განსაკუთრებული მდგომარეობა არ შეინიშნება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დათვლებით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველოში ჩინეთის 13 ათასამდე მოქალაქე შემოვიდა, რაც 316%-ით მეტია, ვიდრე შარშან, მაგრამ დაახლოებით ხუთი ათასი ვიზიტორით ნაკლებია, ვიდრე 2019 წელს. აღნიშნული სტატისტიკა, ჩაშლილად, შემდეგნაირად გამოიყურება:

საქართველო-ჩინეთის ტურიზმის სტატისტიკა

2019 (HY) - 17795 ვიზიტორი
2022 (HY) - 3040 ვიზიტორი
2023 (HY) - 12659 ვიზიტორი

აქვე, ორიოდ სიტყვა ვთქვათ ჩინეთის მიერ საქართველოში განხორციელებულ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე, რადგან ჩინეთი საქართველოსთვის მხოლოდ და მხოლოდ სავაჭრო პარტნიორი არ არის. 2023 წლის პირველ კვარტალში, საქართველოში ჩინეთიდან თითქმის $20 მილიონის ინვესტიცია შემოვიდა და ამ მაჩვენებლით, ჩინეთმა მე-8 ადგილი დაიკავა.

საერთო ჯამში, ასეთია საქართველო-ჩინეთის ეკონომიკური ურთიერთობების ანატომია. ვნახოთ, გამოიღებს თუ არა პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ხელმოსაჭიდ შედეგებს, როგორც საგარეო ვაჭრობის, ასევე სხვა პარამეტრების მიმართულებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები