როგორ მუშაობს სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა? - BMG გთავაზობთ ბლოგების ციკლს, რომელსაც პროფესორი ამირან გამყრელიძე BMGTV-ის გადაცემა "ჯანდაცვის სტანდარტისთვის" ამზადებს.
ავსტრიის ჯანდაცვის სისტემა ითვლება ერთ-ერთ ყველაზე უნივერსალურად ხელმისაწვდომ და ხარისხიან მოდელად ევროპაში. ქვეყანა იყენებს ჯანმრთელობის სოციალური დაზღვევის მოდელს, რომელიც ეფუძნება სავალდებულო დაზღვევას და სოლიდარობის პრინციპს: თითოეული მოქალაქე მონაწილეობს საერთო ფონდში შემოსავლების პროპორციულად, ხოლო მომსახურებებს იღებს საჭიროების მიხედვით.
ავსტრიის ჯანდაცვის დაფინანსება: ვის რა წილი ეკუთვნის?
მართვა და დაფინანსება ფედერალურ და რეგიონულ დონეებს შორის არის გადანაწილებული: პოლიტიკისა და ზედამხედველობის მთავარ როლს ასრულებს ფედერალური სამინისტრო, ხოლო მიწოდების კუთხით ცენტრალური არიან სოცდაზღვევის ფონდები და ჯანდაცვის პროვაიდერები. 2020 წლის რეფორმამ შეაერთა 9 რეგიონული ფონდი ერთ დიდ ფონდად - Österreichische Gesundheitskasse. დაახლოებით 99% მოსახლეობის დაფარულია ჯანმრთელობის დაზღვევით. სისტემა ფინანსდება მწყობრი მოდელით - დაზღვეული პირების შენატანებით (დაახლოებით 45%), სახელმწიფო ბიუჯეტიდან (25%) და დამსაქმებლების შენატანებით (30%).
დაზღვევა ავსტრიაში - როგორ მოქმედებს საყოველთაო სისტემა?
დაზღვეულს აქვს სამართლებრივი უფლება საჭირო, ადეკვატურ და აუცილებელ მომსახურებაზე - ოჯახის ანუ ზოგადი პრაქტიკის ექიმი, ამბულატორიული სპეციალისტები, დიაგნოსტიკა/ლაბორატორია, სტაციონარული დახმარება, მედიკამენტები, რეაბილიტაცია, მშობიარობა და ა.შ. წვდომა ხორციელდება ელექტრონული ბარათით (ELGA), რომელიც უზრუნველყოფს გამოკვლევების შედეგების, მედიკამენტებისა და ამბულატორიულ-სტაციონარული დოკუმენტების გაცვლას; ელექტრონული რეცეპტი ფართოდ არის დანერგილი.
ავსტრიის ჯანდაცვის სამდონიანი მოდელი
ავსტრიის სისტემა მკაფიოდ სტრუქტურირებულია სამ რგოლად: პირველადი რგოლი – ოჯახის ექიმები ანუ ზოგადი პრაქტიკის სპეციალისტები ასრულებენ ჯანდაცვის კარიბჭის ფუნქციას. ავსტრიაში პაციენტს შეუძლია პირდაპირ მიმართოს სპეციალისტს, თუმცა სულ უფრო იზრდება წილი იმ რეგიონებისა, სადაც საჭიროა ზოგადი პრაქტიკის ექიმთან მიმართვა პირველ ეტაპზე. მეორადი რგოლი – სპეციალიზებული ამბულატორიული სერვისები და მცირე საავადმყოფოები, რომლებიც ხშირად მუნიციპალიტეტების ან კერძო ორგანიზაციების მართვაშია. მესამე რგოლი – საუნივერსიტეტო კლინიკები და სპეციალიზებული ცენტრები, რომლებიც უზრუნველყოფენ მაღალტექნოლოგიურ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა პრევენციას, ბავშვთა იმუნიზაციასა და ქრონიკული დაავადებების მენეჯმენტს. ავსტრია ახორციელებს მრავალწლოვან ეროვნულ პროგრამებს ჯანმრთელი დაბერებისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობისთვის.
ავსტრიის ჯანდაცვის დაფინანსებასა & რესურსი | ჯანდაცვაზე დანახარჯი – ავსტრიის მშპ-ის 11.2%
ჯანდაცვაზე დახარჯული თანხა შეადგენს მშპ-ის დაახლოებით 11,2%-ს, რაც ევროპაში საშუალოზე მაღალი მაჩვენებელია. ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯების წილი არის 8.64% მშპ-დან; ერთ სულ მოსახლეზე ხარჯი შეადგენს 7,275 (USD PPP) . ჯამური დანახარჯიდან საჯარო წყაროებია 77%; ავსტრიაში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა შეადგენს 82.5 წელს (ქალები – 84.5, მამაკაცები – 80.4). ექიმები/ექთნები 1,000 მოსახლეზე: 5.4 ექიმი; 10.6 ექთანი. ქვეყანაში მოქმედებს 140-ზე მეტი საავადმყოფო, საიდანაც დაახლოებით 60% საჯარო და დანარჩენი კერძოა, თუმცა ორივე ტიპი დაფინანსებულია დაზღვევის სისტემით. მოსახლეობის 85%-ზე მეტი აცხადებს, რომ კმაყოფილია მიღებული ჯანდაცვის ხარისხით.
სამედიცინო განათლების სტანდარტი ავსტრიაში
ავსტრია აღიარებულია როგორც ერთ-ერთი მაღალი დონის სამედიცინო განათლების მქონე ქვეყანა ევროპაში. ავსტრიაში მოქმედებს ხუთი სამედიცინო უმაღლესი სასწავლებელი: ვენის, გრაცის და ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტები, სამედიცინო განათლების უძველესი კერები, რომლებიც იყვნენ შესაბამისი უნივერსიტეტების სამედიცინო ფაკულტეტები და 2004 წლიდან გამოეყვნენ როგორც ცალკე დამოუკიდებელ სამედიცინო უნივერსიტეტებად; შედარებით ახალია ლინცის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი, ოთხივე ეს უნივერსიტეტი საჯაროა და ერთი კერძო სამედიცინო უნივერსიტეტია - პარაცელსუსი, ზალცბურგში.
სამედიცინო განათლების სტანდარტი ავსტრიაში
სამედიცინო სწავლება ეყრდნობა ექვსწლიან ინტეგრირებულ მოდელს, რომელიც აერთიანებს თეორიულ, კლინიკურ და კვლევით კომპონენტებს. ბოლო წლებში ავსტრია აქტიურად ავითარებს ე.წ. Problem-Based Learning - პრობლემაზე დამყარებულ სწავლების მიდგომას, რაც სტუდენტებს პრაქტიკული უნარების განვითარებაში ეხმარება. დიპლომის შემდეგ სავალდებულოა ე.წ. Basisausbildung — 9 თვიანი საბაზისო კლინიკური ტრენინგი (როტაციები ქირურგიასა და შინაგან მედიცინაში), რის შემდეგაც ხდება არჩევანი: საოჯახო მედიცინაში- დამატებით ≈ 33 თვე; ან სხვა სპეციალობებში ე.წ. (Facharztausbildung): როგორც წესი ~63 თვე სპეციალობის მიხედვით. საექთნო განათლება ბაკალავრის დონეზეა, შემდგომი სპეციალიზაციებით; რეგულაცია — ეროვნული/საჯარო სამართლის მოთხოვნები და სახელმწიფო გამოცდები. ქვეყნის სამედიცინო განათლების ხარისხი მკაცრად კონტროლდება ავსტრიის უნივერსიტეტების საბჭოსა და ფედერალური ჯანდაცვის სამინისტროს მიერ.
ავსტრიის ჯანდაცვის სისტემის შეფასება | ძლიერი & სუსტი მხარეები
ავსტრიის ჯანდაცვის სისტემის ძლიერი მხარეებია: უნივერსალური ხელმისაწვდომობა და ფართო დაზღვევით დაფარვა; მაღალი პროფესიული სტანდარტები სამედიცინო განათლებაში; მოსახლეობის მაღალი კმაყოფილება მომსახურებით; ეფექტიანი პრევენციული პროგრამები. სუსტი მხარეებია: ადმინისტრაციული ბიუროკრატიის მაღალი დონე; პირველადი რგოლის სერვისების არათანაბარი მიწოდება რეგიონებში; გრძელვადიანი ზეწოლა ხარჯებზე მოსახლეობის დაბერების ფონზე.
ევროპული სოციალური მოდელის წარმატებული მაგალითი
ავსტრიის ჯანდაცვის სისტემა წარმოადგენს ევროპულ სოციალურ მოდელზე დაფუძნებულ წარმატებულ პრაქტიკას, სადაც სახელმწიფოს, დამსაქმებლებისა და მოქალაქეების თანასწორი მონაწილეობა უზრუნველყოფს ხელმისაწვდომ, ხარისხიან და მდგრად მომსახურებას. მისი სამედიცინო განათლების სისტემა კი ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულად და ინოვაციურად ითვლება, რაც ქვეყანას მაღალი დონის სპეციალისტებით ამარაგებს როგორც ადგილობრივად, ისე საერთაშორისო ასპარეზზე.



























