06.ოქტომბერი .2022 12:29

ელექტროენერგიასა და გაზზე ტარიფების ზრდა მოსალოდნელი არაა - ნარმანია

ელექტროენერგიასა და გაზზე ტარიფების ზრდა მოსალოდნელი არაა - ნარმანია
views 544
უკან

ელექტროენერგეტიკის სექტორში ტარიფების ზრდა მოსალოდნელი არ არის, - ამის შესახებ სემეკ-ის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ნარმანიას თქმით, დეკემბერში იგეგმება ბუნებრივი აირის სექტორში ახალი ტარიფების დადგენა, თუმცა არსებული ვალუტის გაცვლითი კურსის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით ბუნებრივი აირის ტარიფის ზრდა მოსალოდნელი არ არის.

„გვიახლოვდება ზამთრის სეზონი, შესაბამისად, მოქალაქეებს მინდა მივაწოდო ინფორმაცია, რომ ქვეყანა ზამთრის სეზონს ენერგეტიკულად სრულად მზად ხვდება, როგორც ელექტროენერგიით, ისე ბუნებრივი აირით უზრუნველყოფის საკითხში. ელექტროენერგიაზე დროებითი ტარიფები რაც გვქონდა დაგეგმილი, იგივე გავაგრძელეთ ბაზრის გახსნამდე.

ტარიფების ზრდა ელექტროენერგეტიკის სექტორში მოსალოდნელი არ არის, ისევე როგორც ბუნებრივი აირის სექტორში გვიწევს დეკემბერში ახალი ტარიფების დადგენა, თუმცა არსებული ვალუტის გაცვლითი კურსის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით რაიმე ზრდას ბუნებრივი აირის ტარიფზე არ ველოდებით“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მისივე თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ აზერბაიჯანთან საქართველოს აქვს გრძელვადიანი შეთანხმება ბუნებრივი აირით უზრუნველყოფაზე, მიწოდების ფასები იქნება უცვლელი.

„ევროპასა და ჩვენ რეგიონში ბუნებრივ აირზე, გაიზარდა ფასები, რაც დიდწილად რუსეთ-უკრაინის ომითა და სხვა ფაქტორებით არის გამოწვეული, თუმცა ეს საქართველოზე არ მოქმედებს“, - ამბობს სემეკის თავმჯდომარე.

ცნობისთვის, სემეკმა ელექტროენერგიის განახლებული სამომხმარებლო ტარიფი ბოლოს 2020 წლის ბოლოს დაადგინა და ის სამი წლის განმავლობაში იქნება ძალაში.