მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ნაგებობები უნდა აღიჭურვოს უსაფრთხოების ტექნოლოგიებით" - კაშხლების უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტი შემუშავდა

ენგურჰესი

საქართველოში კაშხლების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კანონპროექტი უკვე შემუშავებულია, - ამის შესახებ BMG-ის ენერგეტიკის ყოფილმა მინისტრმა, საქართველოს მაღალი კაშხლების ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მირცხულავამ განუცხადა. მისი თქმით, რაც უფრო ადრე შევა კანონპროექტი პარლამენტში, მით უკეთესი იქნება სისტემისთვის, რადგან რეალურად სიცარიელე გვაქვს ამ პროცესში.

დავით მირცხულავას ინფორმაციით, კაშხლების უსაფრთხოების კანონმდებლობის შემუშავებაში ფრანგი და შვეიცარიელი სპეციალისტები იყვნენ ჩართული და მათთან ერთად საკითხის სრულყოფილად ჩამოსაყალიბებლად საკმაოდ დიდი სამუშაოა გაწეული.

„კანონპროექტი მოიცავს ყველა იმ ქმედებას, კანონს, რომელიც აუცილებელია, რომ ნაგებობის[კაშხლის] მეპატრონემ იცოდეს და განახორციელოს. ეს იქნება მონიტორინგის სისტემებით აღჭურვა, ადრეული განგაშის და ადრეული შეტყობინების სისტემით აღჭურვა, ასევე ოპერირების დროს მუდმივი დაკვირვებაა. ჩვენთან კაშხლების საშუალო ასაკი 60 წელს გადასცილდა, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე ძველია. მნიშვნელოვანია, რომ ახალიც და ძველი კაშხალიც იყოს საიმედო. ასევე გათვლები და კრიტერიუმები იცვლება დროთა განმავლობაში. სეისმური გათვლები მნიშვნელოვნად შეიცვალა. ახალი კანონმდებლობა კი იძლევა იმის საშუალებას, რომ გარანტია ჰქონდეს მოსახლეობას, რომ არის დაცული, რადგან ნებისმიერი მფლობელი ნაგებობის, სახელმწიფოა თუ კერძო პირი, ვალდებული იქნება, უსაფრთხოების ნორმები მაქსიმალურად ჰქონდეს დაცული“, - განაცხადა დავით მირცხულავამ.

რაც შეეხება კაშხლების უსაფრთხოების მნიშვნელობას, ენერგეტიკოსი ამბობს, რომ ეს უმნიშვნელოვანესი საკითხია.

„ჯერ კიდევ 3-4 წლის წინ დიდი კაშხლების საერთაშორისო ორგანიზაციამ, რომელიც უმნიშვნელოვანესი ორგანიზაციაა და ძალიან ბევრს აკეთებს, შეიმუშავეს კაშხლების დეკლარაცია, რომელსაც თითქმის ყველა ქვეყანა მიუერთდა, ვისაც ასეთი ნაგებობები აქვს, მათ შორის საქართველო. კაშხლების უსაფრთხოება ნიშნავს, რომ მოსახლეობამ, ვინც კაშხლების ქვედა წელში ცხოვრობს, თავი უნდა იგრძნოს დაცულად და უსაფრთხოდ. ამას სჭირდება უზარმაზარი შრომა, ნაგებობების აღჭურვა უსაფრთხოების ტექნოლოგიით, რომელიც იძლევა საშუალებას, მართოს შესაბამისი რისკები. აქ არ არის მარტო კაშხლებზე საუბარი. შოვის ტრაგედიამ დაგვანახა, რომ უამრავი ადრეული გაფრთხილების სისტემებია გასაკეთებელი ბევრგან, გასაკეთებელია კაშხლის ტიპის ნაგებობები ყველგან, სადაც რისკი უნდა არსებობდეს, რომლებიც სწორედ ასეთი შემთხვევებისგან იცავს სახელმწიფოებს“, - განაცხადა მირცხულავამ.

bmg-იმ კანონმდებლობის საკითხზე სემეკის თავმჯდომარეს, დავით ნარმანიასაც ჰკითხა, თუ როდის შევა პარლამენტში სექტორის მიერ შემუშავებული ცვლილებების პროექტი.

ნარმანია ზუსტ თარიღს ვერ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ კანონპროექტი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს მალე წარედგინება, ხოლო მისი ძალაში შესვლის საკითხი უკვე პარლამენტზე იქნება დამოკიდებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები