მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელექტროენერგიის ნასყიდობის შესახებ პირდაპირი ხელშეკრულებების სამართლებრივი ასპექტები

5eb93f4756c8d
ლევან კოკაია - იურისტი
11.05.20 17:21
3596
ელექტროენერგიის ნასყიდობის შესახებ პირდაპირი ხელშეკრულების შინაარსის, მისი დადების, ძალაში შესვლის, ვადამდე ადრე მოშლის და რეგისტრაციის პირობები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს N 77-ე ბრძანებით დამტიცებული „ელექტროენეტგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ არის განსაზღვრული. ამასთან ერთად, აღნიშნული ხელშეკრულების დადების, შესრულების და შეწყვეტის პირობები ჩვეულებრივ ექცევა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მოქმედების ფარგლებში.

სტატია ელექტროენერგიის ნასყიდობის კომერციული ხელშეკრულების სტანდარტულ დებულებებს და სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ ცალკეულ პირობებთან მათი თავსებადობის შესახებ საკითხებს მიმოიხილავს.

1. ელექტროენერგიის ნასყიდობის შესახებ პირდაპირი ხელშეკრულების სავალდებულო პირობები:

„ბაზრის წესები“-ს პირველსავე მუხლში ნახსენებია, რომ წესები მრავალ საკითხთან ერთად არეგულირებს: „პირდაპირი ხელშეკრულებების, მათ შორის, სისტემის კომერციული ოპერატორის მეშვეობით ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებულ ტექნიკურ, კომერციულ და სამართლებრივ ურთიერთობებს; პირდაპირი ხელშეკრულებების დადებისა და ძალაში შესვლის პირობებს”. ამავდროულად, „ბაზრის წესები“ განსაზღვრავს პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობების დეფინიციას, რომელიც წარმოადგენს „წინასწარ ჩამოყალიბებულ, მრავალჯერადი გამოყენებისათვის გამიზნულ სახელშეკრულებო პირობებს (ტიპური სახელშეკრულებო ფორმულარი) , რომელსაც უფლებამოსილი პირი უდგენს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეებს”.
ამავე წესების მე-8 მუხლის მე-3 ნაწილში წარმოდგენილი არის ყველა ის სავალდებულო სახელშეკრულებო პირობა, რომელიც ამ ტიპის ხელშეკრულებაში აუცილებელი წესით უნდა იყოს გაწერილი.

კერძოდ: „ელექტროენერგიის ნასყიდობის შესახებ პირდაპირი ხელშეკრულება იდება ამ წესების პირობათა დაცვით. ელექტროენერგიის ნასყიდობის შესახებ პირდაპირი ხელშეკრულება, სხვა პირობებთან ერთად, სავალდებულოდ უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) პირდაპირი ხელშეკრულების საფუძველზე მისაწოდებელი ელექტროენერგიის რაოდენობას ან რაოდენობის განსაზღვრის წესს;
ბ) მისაწოდებელი ელექტროენერგიის თვიურ და დღიურ საორიენტაციო რაოდენობას;
გ) მისაწოდებელი ელექტროენერგიის ერთეულის ფასს;
დ) ელექტროენერგიის მიწოდების დაწყებისა და დამთავრების ზუსტ დროს, ზუსტი თარიღების მითითებით;
ე) ელექტროენერგიის მიწოდების პირობებს;
ვ) იმ შემთხვევაში, თუ პირდაპირი ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე ელექტროენერგიის მწარმოებელია - იმ ელექტროსადგურის დასახელებას, რომლის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის მიწოდებაც წარმოადგენს პირდაპირი ხელშეკრულების საგანს;
ზ) პირდაპირი ხელშეკრულების შეწყვეტის პირობებს“.

და ბოლოს, „ბაზრის წესები“-ს მე-9 მუხლით რეგულირებულია პირდაპირი ხელშეკრულების ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტთან რეგისტრაციის პირობები.

მიუხედავად იმისა, რომ განსახილველი ხელშეკრულება მთლიანად კომერციულ სუბიექტებს შორის გამოვლენილი ნების თავისუფლებას ემყარება, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტთან მისი რეგისტრაციის გარეშე ხელშეკრულება ძალაში ვერ შევა და შესაბამისად, მხარეთა მიერ ნაკისრი უფლება-მოვალეობები ვერ შეიძენენ იურიდიულ დატვირთვას.

როგორც ვხედავთ, განსახილველი ხელშეკრულება მრავალ ასპექტში ბოლომდე არ ექცევა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით რეგულირებული ნების თავისუფალი გამოვლენის ფარგლებში, ვინაიდან კანონის ქვემდებარე ნორმატიული აქტით „ბაზრის წესები“-თ განსაზღვრულია როგორც სახელშეკრულებო ფორმულარის, ასევე მისი რეგისტრაციის პროცედურები და ძალაში შესვლის სამოქალაქო კოდექსისგან განსხვავებული სტანდარტები.

სახელშეკრულებო ავტონომიური ნების თავისუფალი გამოვლენა გარკვეულწილად ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებში არის შეზღუდული, სადაც ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე - ადმინისტრაციული ორგანო მთელ რიგ კანონით გათვალისწინებულ წინაპირობებს უნდა აკმაყოფილებდეს. მაგალითად: „ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომელიც ზღუდავს მესამე პირის უფლებებს ან აკისრებს მას რაიმე ვალდებულებას, ძალაში შეიძლება შევიდეს მხოლოდ მესამე პირის მიერ წერილობითი თანხმობის წარდგენის შემდეგ”. აღნიშნულის მიუხედავად გასათვალისწინებელია, რომ ელექტროენერგიის ნასყიდობის შესახებ პირდაპირი ხელშეკრულება არ განეკუთვნება ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას, ვინაიდან მის მხარედ ესა-თუ ის ადმინისტრაციული ორგანო არ გვევლინება. ეს ხელშეკრულება კერძო სამართლის იურიდიულ პირებს - ელექტროენერგეტიკული სექტორის კვალიფიციურ საწარმოებს შორის იდება, შესაბამისად, მათზე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული აკრძალვები ვერ გავრცელდება და იგი „ბაზრის წესებთან“ ერთად ბოლომდე ექცევა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის რეგულირების სფეროში.

2. ელექტროენერგიის ნასყიდობის შესახებ პირდაპირი ხელშეკრულების მიმართება სამოქალაქო კოდექსის ცალკეულ ნორმებთან:

2.1 ხელშეკრულების მიმართება სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის (ხელშეკრულების თავისუფლება. ხელშეკრულების დადების ვალდებულება) პირველ ნაწილთან - განსახილველი ხელშეკრულება ჩვეულებრივ ექცევა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით რეგულირებული ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში, სადაც ხელშეკრულების საგანი არის ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვა.

საინტერესოა ელექტროენერგიის მიკუთვნება მოძრავი ან უძრავი ნივთისადმი, რაც ცალსახად განსაზღვრავს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმების გამოყენების საჭიროებას.

ზოგადად, მოძრავ ნივთებად არ მიიჩნევა ელექტროენერგია და ელექტრომაგნიტური ტალღები. მართალია, დღეს მეცნიერების განვითარების შედეგად დადგენილია, რომ ელექტროენერგია ელექტრონების სახით მატერიის ნაწილია, მაგრამ მისი თვისება გამოიხატება სინათლის ან სითბოს წარმოებით, რის გამოც მას არ გააჩნია ნივთის თვისებები, კერძოდ, სხეულებრიობა. მიუხედავად ამისა, ელექტროენერგიასთან მიმართებით შესაძლებელია
მოძრავი ნივთების შესახებ სამოქალაქო კოდექსის დებულებების სათანადოდ გამოყენება.

ამ ხელშეკრულების ფორმირება, „ბაზრის წესები“-თ რეგულირებული სავალდებულო წინაპირობების გარდა, შეიძლება ნებისმიერ იმ დებულებას მოიცავდეს, რომელიც მხარეთა მიერ განსაზღვრული იქნება და მათი შინაარსი არ შეეწინააღმდეგება გარიგების ბათილობის სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრულ არცერთ წინაპირობას.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით: „კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით”.

ციტირებული დებულების კონტექსტში საინტერესო არის განსახილველი ხელშეკრულების სპეციფიკური ხასიათი, რაც ერთის მხრივ ამ ხელშეკრულების მხარეთა მიერ სხვადასხვა სახელშეკრულებო დებულებათა თავისუფლად ჩამოყალიბების საშუალებას ითვალისწინებს, ხოლო მეორეს მხრივ კი „ბაზრის წესები“-ს მიხედვით განსაზღვრავს სავალდებულო სახელშეკრულებო დებულებათა გაწერის აუცილებლობას.

როგორც ზემოთ აღინიშნა, ეს ხელშეკრულება არ განეკუთვნება ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას, მაგრამ აქ ჩნდება კითხვა - „ბაზრის წესები“-თ ციტირებული სავალდებულო სახელშეკრულებო პირობები შეიძლება თუ არა „სახელმწიფოს ნებართვად“ ან მათ მსგავს წინაპირობად მივიჩნიოთ? პასუხი ცალსახად უარყოფითია, იმდენად, რამდენადაც სახელმწიფოს მიერ გაცემული ნებართვა ამა-თუ იმ ეკონომიკური საქმიანობის წარმოებისათვის მის მოწონებას, თანხმობას გულისხმობს, რაც ცალკე კანონმდებლობით არის რეგულირებული. აქედან ძირითადია „ლიცენზიებისა და ნებართვების“ შესახებ საქართველოს კანონი, რომელიც მრავალ საკითხთან ერთად ლიცენზირებას დაქვემდებარებულ სამეწარმეო საქმიანობათა ჩამონათვალს განსაზღვრავს.

საგულისხმოა, რომ განსახილველი ხელშეკრულების დადებას და მის ძალაში შესვლას ესაჭიროება ს.ს. „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი“-ს თანხმობა იმისათვის, რომ ს.ს. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-მ, როგორც ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიის მფლობელმა რეგისტრაციაში გაატაროს ელექტროენერგიის ნასყიდობის შესახებ პირდაპირი ხელშეკრულება. ხსენებული ორივე სააქციო საზოგადოება ს.ს. „საპარტნიორო ფონდი“-ს 100%-იან საკუთრებაში შემავალი კომპანიებია, ხოლო თავის მხრივ კი ს.ს. „საპარტნიორო ფონდი“ არის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სააქციო საზოგადოება, რომელიც სახელმწიფომ დააფუძნა. არსებული მოცემულობის მიხედვით კი ჩვენ ვერ გამოვიტანთ იმ დასკვნას, რომ წარმოდგენილი სააქციო საზოგადოებები სახელმწიფოს განასახიერებენ, მიუხედავად იმისა, რომ მათი 100%-იანი აქციონერი არის ასევე სააქციო საზოგადოება, რომელიც თავის მხრივ საქართველოს სახელმწიფოს 100%-იან საკუთრებაშია. მოსაზრება ეფუძნება იმ გარემოებას, რომ ამ სააქციო საზოგადოებათა თანხმობა, მოწონება და რეგისტრაციაში გატარება არ უკავშირდება ადმინისტრაციული ორგანოს სალიცენზიო ან/და სანებართვო საქმიანობას შემდეგი ორი მიზეზის გამო:

1. ხსენებული სააქციო საზოგადოებები არ წარმოადგენენ ადმინისტრაციულ ორგანოებს და 2. საქართველოს კანონმდებლობა ამ ს.ს.-თა საქმიანობას არ უკავშირებს რაიმე სახის ნებართვის გაცემას, რაც სალიცენზიო-სანებართვო კანონმდებლობით სპეციალურად არის რეგულირებული. აქედან გამომდინარე, განსახილველი ხელშეკრულების შემუშავების და ძალაში შესვლის წესი ვერ დაექვემდებარება სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-3 წინადადებას: „თუ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით”, თანაც, ციტირებული ნორმა აქცენტს აკეთებს საკითხის ექსკლუზიურად „კანონით“ მოწესრიგებაზე. „ბაზრის წესები“ კი, როგორც აღინიშნა - მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული კანონის ქვემდებარე ნორმატიული აქტია.

2.2 ხელშეკრულების მიმართება სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის (შეთანხმება ხელშეკრულების არსებით პირობებზე) პირველ და მეორე ნაწილებთან. სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით:

„1. ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
2. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ”.

თუ გავითვალისწინებთ, რომ „ბაზრის წესები“-თ ელექტროენერგიის ნასყიდობის შესახებ პირდაპირი ხელშეკრულების სავალდებულო წესით გასაწერი დებულებები ექსკლუზიურად არის დარეგულირებული, რომელთა გათვალისწინების გარეშეც ეს ხელშეკრულება ვერ შევა ძალაში, შეიძლება მივიჩნიოთ, რომ ეს დებულებები სამოქალაქო კოდექსის ციტირებული მუხლის მიზნებისთვის „არსებით პირობებს“ წარმოადგენენ იმ განსხვავებით, რომ მათ არა მხარეები, არამედ მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ნორმატიული აქტი განსაზღვრავს. მსგავსი შემთხვევა კი სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლთან ვერ მოვა სრულყოფილ თავსებადობაში, ვინაიდან კოდექსი მხარეთა ნებაზე და არა კანონის ქვემდებარე აქტის მოთხოვნებზე დამოკიდებულ პირობებს მიიჩნევს ხელშეკრულების „არსებით პირობებად“.

საგულისხმოა ციტირებული ნორმის მე-2 ნაწილით რეგულირებული შემთხვევა, რა დროსაც არა მხარეთა, არამედ „კანონის“ მიერ ხდება ხელშეკრულების არსებითი პირობების განსაზღვრა. როგორც ზემოთ მიმოვიხილეთ, „ბაზრის წესები“ კანონს არ განეკუთვნება და შესაბამისად, „ბაზრის წესები“-ს ცალკეული დებულებები არც ამ ნაწილში თავსდება სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის მოთხოვნასთან.

ხელშეკრულების სავალდებულო არსებითი პირობების გარდა, მხარეებს რჩებათ ნების თავისუფალი გამოვლენის შესაძლებლობა, რაც ყველა სხვა იმ სახელშეკრულებო პირობის არსებითად მიჩნევაში გამოიხატება, რომელიც „ბაზრის წესები“-თ გათვალისწინებული არ არის. როგორც წესი, თითოეული ასეთი პირობა ნასყიდობის და სხვა სახის ხელშეკრულებებისთვის დამახასიათებელი ძირითადი სახელშეკრულებო დებულებებია, რომელიც ძირითადად ითვალისწინებს სახელშეკრულებო ტერმინთა განმარტებას, მხარეთა უფლება-მოვალეობების განსაზღვრას, ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების მექანიზმებს, ფორს-მაჟორული გარემოებების დახასიათებას, დავათა გადაწყვეტის წესს და ყველა იმ საკითხს, რომელთა ხელშეკრულებაში გაწერის აუცილებლობაზე მხარეები შეთანხმდებიან და მათი შინაარსი წინააღმდეგობაში არ მოვა სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული გარიგების ბათილად ცნობის რომელიმე წინაპირობასთან.

დასკვნა

ელექტროენერგიის ნასყიდობის შესახებ პირდაპირი ხელშეკრულების საგანი - ელექტროენერგია, თავისი სპეციფიკის გათვალისწინებით ამ ხელშეკრულებას სამოქალაქო ბრუნვაში თითქმის ყოველდღიურად შედგენილი მოძრავი და უძრავი ნივთების ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებებისგან მნიშვნელოვნად მიჯნავს, რაც ამ ხელშეკრულებათა შინაარსში, კანონის ქვემდებარე ნორმატიული აქტით გაწერილი სახელშეკრულებო წინაპირობების სავალდებულო წესით გათვალისწინებაში გამოიხატება.

მხოლოდ კანონით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში სამოქალაქო კოდექსი მხარეთა ავტონომიური სახელშეკრულებო ნების გამოვლენას ზღუდავს, თუმცა არაფერს ამბობს შემთხვევაზე, რომელიც შესაძლოა კანონის ქვემდებარე ნორმატიული აქტით იყოს გათვალისწინებული. ამიტომ, არსებული ნაკლის გამოსწორების საუკეთესო საშუალებად მივიჩნევ, რომ სამოქალაქო კოდექსში შევიდეს შესაბამისი ცვლილება, რომელიც „კანონთან“ ერთად „კანონის ქვემდებარე ნორმატიულ აქტებზეც“ გააკეთებს აქცენტს.