მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელექტრონული კომერციის წარმომადგენლები ასოციაციას ქმნიან-რას ითხოვს ბიზნესი

5e8c8e5f4d1ef
სალომე მეცხვარიშვილი
07.04.20 19:33
1817
ელექტრონული კომერციის წარმომადგენლები ასოციაციას ქმნიან. კერძო სექტორმა ასოციაციის შექმნა კორონავირუსის გამო ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო გადაწყვიტა. ასოციაციაში 200-მდე კომპანია ერთიანდება და მათ უმრავლესობას, თუ ყველას - არა, მუშაობა შეწყვეტილი აქვს. მიზეზი მთავრობის 181-ე დადგენილება გახდა, რომელმაც ონლაინ გაყიდვები პრაქტიკულად შეაჩერა. მოგვიანებით, მთავრობამ ალტერნატიული შეთავაზება გააკეთა ბიზნესისთვის, რომ მათ ოპერირება განაახლონ, თუმცა პრობლემები აქაც გამოიკვეთა. ასოციაციის შექმნის მიზანიც სფეროს შექმნილი კრიზისიდან გამოყვანა და მის შემდგომი განვითარებაა.

„შექმნილი კოლაფსიდან გამომდინარე, რომელიც მთავრობის 30 მარტის 181-ე დადგენილებას მოყვა და რომელმაც ფაქტობრივად, შეაჩერა ონლაინ გაყიდვები, ელექტრონული კომერციის წარმომადგენლებმა შევქმენით გაერთიანება (ამჟამად გაერთიანება უკვე 200 კომპანიას მოიცავს), რომელიც სფეროს შექმნილი კრიზისიდან გამოყვანას და მის შემდგომ განვითარებას ემსახურება.

ზემოთხსენებულმა შეზღუდვამ ამ დროისათვის უკვე ათასობით თვითდასაქმებული, ონლაინ მაღაზიის თანამშრომელი შემოსავლის გარეშე დატოვა და ისედაც გაჩერებული გაყიდვები კიდევ უფრო დაამუხრუჭა ქვეყანაში. ეს იმ დროს, როცა მსოფლიოს ყველა ქვეყანა, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც უსაფრთხოების მაქსიმალურ ზომებს მიმართავენ, სწორედ უსაფრთხოების დაცვის მიზნით, პრიორიტეტს სწორედ ონლაინ გაყიდვებს ანიჭებენ. დღემდე მსოფლიოში არ არსებობს მიტანის სერვისით გადაცემის პრეცედენტი. ამავე ინფორმაციას ადასტურებს stop.cov.ge - ზე არსებული მონაცემებიც და ვფიქრობთ, სწორედ ამ მონაცემებზე დაყრდნობით მუშაობს ქვეყანაში ასე წარმატებით საკვების მიტანის სერვისი. მოგეხსენებათ, დისტანციური მუშაობა, მუშაობის სწორედ ის ფორმაა, რომელიც მაქსიმალურად ამცირებს დაინფიცირების რისკს.

ბუნდოვანია ცვლილებები, რომლებიც შეეხო ონლაინ გაყიდვებიდან პროდუქციის სელექტიურ გაყიდვებს. იმ დროს, როცა დაშვებულია ერთი სახეობის პროდუქციაზე გაყიდვები და იმავე რისკების შემცველ მეორე სახის პროდუქციაზე აკრძალვებია დაწესებული. მაგალითისთვის, თუ ჩვენ შეგვიძლია შევიძინოთ მობილური ტელეფონი და ვისარგებლოთ მიტანის სერვისით, რატომ არ შეიძლება იმავე პრინციპით მომხმარებელმა შეიძინოს ბავშვისთვის სავარძელი ან ეტლი, მაშინ, როდესაც ორივე პროდუქციისათვის ერთი რჩება, როგორც სასაწყობე პირობები, ისე - მიტანის სერვისი.

ასეთ ვითარებაში, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია ეგრეთ წოდებული საერთაშორისო ონლაინ გაყიდვების არშეზღუდვა ქვეყანაში. მაშინ, როცა საქართველოს მოქალაქეს ნებისმიერი უცხოური საიტიდან შეუძლია გამოიწეროს ნებისმიერი სახეობის პროდუქცია და მიიღოს მომსახურება, რატომ ვაფერხებთ საშინაო ეკონომიკას ადგილობრივი e-commerce-ის იგივე პროდუქციაზე შეზღუდვით.

კარგად გვესმის შექმნილი ვითარება და ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები, რომელიც მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისკენ არის მიმართული. ქვეყანაში შექმნილი ფორსმაჟორიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ვერ მოხერხდა გარკვეული საკითხების ბოლომდე გათვალისწინება. დაგვეთანხმებით, რომ e-commerce მთელს მსოფლიოში ერთ ერთი მზარდი და შემოსავლიანი დარგია, რომელსაც არანაკლები სიკეთის მოტანა შეუძლია ჩვენი ეკონომიკისათვის. დარგის გადარჩენის და განვითარების მიზნით ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ შესაბამის უწყებასთან დიალოგისა და მოლაპარაკებისთვის.

რაც შეეხება უსაფრთხოების ზომებს, ჩვენი დარგის თითოეული წარმომადგენელი მზადაა, სპეციალისტთა რეკომენდაციით გაატაროს უსაფრთხოების დამატებითი ზომები: ჩვენს სექტორში დასაქმებულთა, ჩვენი და ჩვენი ოჯახის წევრების და მოქალაქეთა უსაფრთხოებისათვის“, - ნათქვამია განცხადებაში.