მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია Salesforce-ი, რომელიც ბიზნესებს მომხმარებლებთან ურთიერთობის მენეჯმენტისათვის ქლაუდ პლატფორმებს და სხვა ელექტრონულ სერვისებს სთავაზობს, საქართველოში ამოქმედდება. მისი წარმომადგენელი კი Salesforce-ის ოფიციალური პარტნიორი, კომპანია Inspark-ი იქნება, რომელიც გლობალურად 1990 წლიდან ოპერირებს - ამ საკითხზე BMGTV-ის გადაცემა “ბიზნესის კვირეულის” ეთერში თავად Inspark-ის აღმასრულებელი დირექტორი, სერდარ სუსუზი საუბრობს.
“Inspark-ის მოგზაურობა დიდი ბრიტანეთიდან დაიწყო, შემდეგ ჩვენ წარმატებას ბევრ ქვეყანაში მივაღწიეთ, თუმცა განსაკუთრებულად თურქეთში გავიზარდეთ. ოფისი დუბაიშიც გავხსენით და შუა აღმოსავლეთსაც ვემსახურებით. წარმომადგენლობა აშშ-შიც გვაქვს, კალიფორნიაში, ასევე მიუნხენში. საქართველოს კი კავკასიის რეგიონის ქვეყნებში შესასვლელ კარიბჭედ ვხედავთ. სწორედ ამიტომ ჩამოვედით აქ და გადავეწყვეთ ქართულ ბაზარზე. მას შემდეგ, რაც ადგილობრივ კომპანიებს ვესაუბრეთ, ვნახეთ, რომ საქართველო ერთგვარად განვითარებული და მომწიფებულია, ეს ძალიან მნიშვნელოვანია”, - აცხადებს Inspark-ის CEO.
სერდარ სუსუზის ცნობით, Salesforce-ის სერვისების Inspark-ის დახმარებით დანერგვა როგორც მცირე, ისე დიდი ზომის კომპანიებსაც დაეხმარება, უკეთესი სამომხმარებლო გამოცდილების დანერგვაში.
“ჩვენ ამას ტექნოლოგიის დემოკრატიზაციას ვეძახით. გვყავს კლიენტები, რომლებსაც სულ რამდენიმე მომხმარებელი ჰყავთ და ასევე გვყავს კლიენტები ათი ათასობით მომხმარებლით. მცირე და დიდ კომპანიებს შეუძლიათ ჩვენგან სარგებლის მიღება. როდესაც ისინი ჩვენს სერვისებს ნერგავენ, მომხმარებელსა და მათ გამოცდილებებზე ორიენტირებულები ხდებიან. სამომხმარებლო გამოცდილება კი ერთადერთია, რისი განსხვავებაც შეგვიძლია დღესდღეობით. რა პროდუქტსაც არ უნდა აწარმოებდე ან რა სერვისსაც არ უნდა ქმნიდე, მათი გამეორება, გადაკოპირება სხვებსაც შეუძლიათ. მაგრამ გამოცდილება ბიზნესის ყველაზე რთული ნაწილია, რისი გადაღებაც ვინმეს შეუძლია.
ამიტომ ყველამ უნდა იზრუნოს სამომხმარებლო გამოცდილების დახვეწასა და მომხარებლის მოლოდინების მართვაზე, რაც ტექნოლოგიის გარეშე შეუძლებელია.
იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებსაც თქვენ მიწვდებით, ასევე ამ ურთიერთობების კომპლექსურობა იზრდება. არხები, რომლებსაც გამოყენებითაც მომხმარებლის შესახებ ინფორმაციას ვიღებთ, 2 წლის წინ სულ 10 იყო, დღეს უკვე 18-ია. არხების რაოდენობაც იზრდება და აუცილებელია, რომ თითოეულ მათგანზე სტაბილურად იყო წარმოდგენილი, სხვანაირად რა მოხდება? ნდობას დაკარგავ, ნდობის გარეშე კი არც გაყიდვები არსებობს და არც საერთოდ ბიზნესი. სწორედ ამ სარგებელს იღებენ ჩვენი მომხმარებლები”, - ამბობს სუსუზი.
რაც შეეხება ინდუსტრიებს, რომლებშიც ყველაზე ხშირად ვხვდებით სხვადასხვა პრობლემის ელექტრონულ გადაწყვეტას, Inspark-ის CEO-ს თქმით, ჩამონათვალი საკმაოდ მრავალფეროვანია და საფინანსო სექტორიდან დაწყებული ღვინის წარმოებამდე - ყველაფერს აერთიანებს.
“სხვათა შორის, საკმაოდ ბევრ ინდუსტრიაში შეიძლება ამით ისარგებლო, თუმცა ყველაზე აქტიურად მაინც ტელეკომის, ფინანსების, მეღვინეობისა და გემბლინგის სექტორებში გამოიყენებენ, ასევე რითეილში. კალიფორნიაში ასობით ათასი მეღვინეობა არსებობს, ამით არიან ცნობილები, და მათ ნახევარზე მეტი Salesforce-ის პლატფორმას იყენებს. ეს იმდენად წარმატებული პროცესია, ბიზნეს მოდელიდან გამომდინარე, ვფიქრობ, ქართული ღვინის კომპანიებიც მიიღებენ სარგებელს Salesforce-ისგან. ანალოგიურად კაზინოებიც, როგორც ლას-ვეგასში, მალტაში, მაკაოში, ბევრგან…” - ამბობს სერდარ სუსუზი.
Inspark-ი მსოფლიოს წამყვან კომპანიებთან თანამშრომლობს, რომელთა შორისაცაა: Coca-Cola, Sony, Shell, DHL, Pfizer და სხვა.