მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ემუქრება თუ არა საქართველოს ნაწილს ინტერნეტის გარეშე დარჩენა? - "კავკასუს ონლაინი" VS მარეგულირებელი

5e42a3bc86134
სალომე მეცხვარიშვილი
11.02.20 17:45
3375
ემუქრება თუ არა საქართველოს ნაწილს ინტერნეტის გარეშე დარჩენა ან ხარისხის გაუარესება? ეს იმ შემთხვევაში მოხდება თუ კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ კავკასუს ონლაინს ავტორიზაცია გაუუქმა. საქართველოს კი ინტერნეტით ძირითადად ორი კომპანია ამარაგებს: “კავკასუს ონლაინი” და “სილქნეტი”.

ვის ხელში გადადის კომპანია, რომელიც სრულიად საქართველოს ინტერნეტით ამარაგებს, ასევე ფლობს .GE დომეინს, რომლითაც ყველა ქართული ვებსაიტი სარგებლობს? ამისთვის თითოეული ვებგვედი წლიურად 30 ლარს უხდის კომპანიას.

ამბავი 2019 წლის აგვისტოში იწყება, როცა “კავკასუს ონლაინმა” კომპანიის წილი გაასხვისა. ეს კი კომუნიკაციების მარეგულირებელი ერონული კომისიის თანხმობის გარეშე გააკეთა, რაც კომისიის შეფასებით, კანონდარღვევაა.

მიუხედავად არაერთი მოწოდებისა და ფინანსური ჯარიმებისა, ამ დრომდე “კავკასუს ონლაინი” არ ემორჩილება მარეგულირებლის მოწოდებას - დააბრუნოს პირვანდელ მდგომარეობაში კომპანიის აქციები და მისი მფლობელები.

ყველაფერთან ერთად, კომპანია “კავკასუს ონლაინი” ითხოვს, აქციონერებისა და ბოლო ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოდ ცნობას, რაზეც მარეგულირებელი უარს აცხადებს. სწორედ ეს გახდა სასამართლოში დავის დაწყების საფუძველი. ანუ, კავკასუს ონლაინმა გაასხვისა წილი, თუმცა, არ სურს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია საჯარო გახდეს. ამ დროისთვის გარიგება საჯარო რეესტრშიც არ არის ასახული, შესაბამისად, უცნობია, რა ოდენობის წილი, ვისზე და რა ფასად გაყიდა “კავკასუს ონლაინმა”. თუმცა, ფაქტია, რომ საუბარია კომპანიის აქციების 5%-ზე მეტის გასხვისებაზე, რადგანაც კომისიისგან თანხმობა “კავკასუს ონლაინს” სწორედ ამ დროს დასჭირდებოდა. საინტერესოა, რომ ამ დროისთვის არც კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას აქვს უფლება, გაასაჯაროვოს აღნიშნული ინფორმაცია.

“იმის გათვალისწინებით, რომ კომისიის გადაწყვეტილება, რომლითაც უარი ეთქვა შპს ,,კავკასუს ონლაინს“ წარმოდგენილი ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვაზე, გასაჩივრებულია სასამართლოში, კომისია აღნიშნულ ინფორმაციას სასამართლო დავის დასრულებამდე ვერ გაასაჯაროებს”,- აცხადებს კომისია.

აღსანიშნავია, რომ ახალი მეწილეებისა და აქციონერების შესახებ ინფორმაციის გასაიდუმლოება და ამ საკითხების განხილვისას მარეგულირებელი კომისიის სხდომის დახურვა სექტემბერში ჯერ “კავკასუს ონლაინმა” და შემდეგ მასთან აფილირებულმა კომპანია “რკინიგზის ტელეკომმა” მოითხოვეს. კომუნიკაციების კომისიამ კომპანიების მოთხოვნის მხოლოდ ერთი ნაწილი დააკმაყოფილა და სხდომა დახურა.

“კომპანიების წარმომადგენლებმა მოითხოვეს კომისიის სხდომის დახურვა იმ საფუძვლით, რომ არგუმენტების ჩამოყალიბება არაპირდაპირ, მაგრამ გარკვეული დოზით შეიძლება მიანიშნებდეს იმ საკითხებზე, რომლებიც არის მნიშვნელოვანი კომპანიის კონკურენტუნარიანობისთვის”,- აცხადებს კომისია.

კომუნიკაციების მარეგულიერებლმა ეროვნულმა კომისიამ კომპანიები “კავკასუს ონლაინი” და “რკინიგზის ტელეკომი” უკვე ორჯერ დააჯარიმა. პირველ ჯერზე 30-30 ათასი ლარით, მეორედ კი 90- და 67- ათასი ლარით, რაც კომპანიებს გადახდილი ჯერ არ აქვთ. ფულად სანქციებთან ერთად კომისიამ კომპანიებს დრო 22 თებერვლამდე მისცა. თუ კავკასუს ონლაინი ამ ვადაში არ გააუქმებს წილის გასხვისების შესახებ ხელშეკრულებას, რომელიც კომუნიკაციების კომისიის გარეშე გააფორმა, შესაძლოა ავტორიზაციაც შეუწყდეს. რას ნიშნავს ეს?

“კავკასუს ონლაინი არის საბითუმო ინტერნეტის, ე.წ. გლობალური შეერთებების ერთ-ერთი უმთავრესი ოპერატორი, ამიტომ მიმდინარე პროცესები პრობლემა ნამდვილად არის. რა თქმა უნდა, საქართველო შეერთებების გარეშე არ დარჩება, თუ "კავკასუს ონლაინს" საქმიანობა აეკრძალება, თუმცა, ეს არსებითად გააუარესებს ბევრი კომპანიისა და აბონენტების მდგომარეობას, რადგან ისინი და მათ შორის ჩვენი ასოციაციის წევრებიც დამოკიდებული არიან სწორედ "კავკასუს ონლაინის" მომსახურებაზე, მათ შორის საერთაშორისო კაბელზე”,- აცხადებს საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის ხელმძღვანელი უჩა სეთური.

რატომ არის მნიშვნელოვანი, ვიცოდეთ ვისზე გაიყიდა კავკასუს ონლაინის წილები?

საქმე ისაა, რომ კომპანია არის 1,200-კილომეტრიანი წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის ერთპიროვნული მესაკუთრე, რომლის საშუალებითაც ევროპიდან სამხრეთ კავკასიისა და კასპიის ზღვის რეგიონში ინტერნეტის ტრანზიტული მიწოდება ხდება. ამასთან, კავკასუს ონლაინი საბითუმო სექტორში მნიშვნელოვანი მოთამაშეა, 2010 წელს „საქართველოს რკინიგზის ტელეკომის” შეძენამ კომპანიას საშუალება მისცა შესულიყო მთელ სამხრეთ კავკასიის რეგიონში: საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში, ასევე ირანსა და ერაყში. გამომდინარე იქიდან, რომ კავკასუს ონლაინი ასეთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა ბაზარზე, კომუნიკაციების კომისიაც სწორედ ამიტომ ხედავს რისკებს.

“ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რომელიც ეხება „კავკასუს ონლაინს“, კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ცვლილებას ანუ წილების გასხვისებას, იმიტომ, რომ აღნიშნულმა ტრანზაქციამ გარკვეული საკომუნიკაციო სერვისების მიწოდების თვალსაზრისით, არა მხოლოდ საქართველოს შიდა ბაზარზე შეიძლება მოახდინოს გავლენა, არამედ რეგიონალურ ბაზარზე მის კონკურენტუნარიანობას შეიძლება მიაყენოს ზიანი. ყველას კარგად გვესმის, რომ შესაძლოა ბენეფიციარის ცვლილებასთან ერთად გარკვეულ სტრატეგიებში და სამომავლო ხედვებში ფუნდამენტური ცვლილებები შეიძლება მოხდეს, სწორედ ამ რისკების დაზღვევისთვის ითვალისწინებს კანონმდებლობა, კომისიის წინასწარ ინფორმირებას და საკითხის საფუძვლიან შესწავლას. ფაქტი სახეზე გვაქვს, რომ ბენეფიციარის ცვლილება მოხდა და სერიოზულ დარღვევასთან გვაქვს საქმე”,- აღნიშნავს კომისია.

უჩა სეთური გეოპოკლიტიკურ რისკებსაც ხედავს:

“იმიტომ ხდება ამ საკითხის რეგულირება და იმიტომ სჭირდება ნებართვა, რომ ერთ ხელში არ მოხვდეს ზედმეტი ძალაუფლების თავმოყრა. ამას გარდა, არის მეორე გეოპოლიტიკური რისკები, როგორიცაა პარტნიორობა ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან. ესენია სომხეთი, აზერბაიჯანი, ცენტრალური აზია, რომელებიც ნაწილობრივ დამოკიდებული არიან ამ კაბელზე”,- აცხადებს უჩა სეთური.

ვის ეკუთვნოდა “კავკასუს ონლაინის” წილები მის გასხვისებამდე?

როგორც ვთქვით, ახალი მეწილეების შესახებ ინფორმაცია ჯერ საჯარო რეესტრში არ იძებნება. ბოლო მონაცემებით კი, კავკასუს ონლაინის 100%-იანი წილი ორ კომპანიას ეკუთვნის, რომლებიც ოფშორულ ზონაში, ვირჯინიის კუნძულებზე არიან რეგისტრირებული: საუბარია International Online Networks-ზე, რომელიც კომპანიის 63.8%-ს ფლობს და “ნელგადო ლიმითედზე”, რომელიც კავკასუსის 36.2%-იანი წილის მესაკუთრეა.

რაც შეეხება მმართველობის ორგანოს, კომპანიას ჰყავს სამეთვალყურეო საბჭო, რომელშიც შედის 5 პირი, მათ შორის არის ხვიჩა მაქაცარია, რომელიც საქართველოში არაერთ ბიზნესს ფლობს.

მასალის მზადების პროცესში bm.ge-მ არაერთხელ სცადა კომპანია “კავკასუს ონლაინთან” დაკავშირება, თუმცა, მათგან პასუხები კითხვებზე ამ დრომდე არ მიგვიღია.