მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ენდორფინი“ სახელმწიფოს „რიყის დოქების“ 1 ლარად გადაცემას სთხოვს - კომპანიის გეგმა

61e6a1caa509e
ვიქტორია მღებრიშვილი
18.01.22 15:20
21173
სწრაფი კვების რესტორანი „ენდორფინი“ ეკონომიკის სამინისტროს „რიყის დოქების“ 1 ლარად გადაცემის თხოვნით მიმართავს. ამის შესახებ პოსტი „ენდორფინის“ Facebook-გვერდზე გამოქვეყნდა, რომელსაც ეკონომიკის მინისტრთან მიმართვა ახლავს, სადაც ამ დრომდე ვერგაყიდული და გაიაფებული ქონების კომპანიისთვის გადაცემის მიზნები და მიზეზებია განმარტებული.



BM.GE „ენდორფინის“ ერთ-ერთ დამფუძნებელს მამუკა მარგიშვილს დაუკავშირდა, რომელიც აცხადებს, რომ კომპანია დღეისთვის 2 მცირე კვების ობიექტს მართავს, თუმცა მის დამფუძნებლებს ქვეყნის სხვადასხვა კუთხის კულინარიის გაერთიანებისა და ერთ სივრცეში რეგიონების მიხედვით შესაბამის ეთნოსივრცეში წარმოდგენის იდეა, ბიზნესის განვითარების გეგმების გამო ცოტა ხნის წინ გაუჩნდათ და სწორედ „რიყის დოქების“ მოცულობის ფართს ეძებდნენ.

„ამ კონკრეტულ ობიექტს დიდი ხანია ვაკვირდებით, ვიყავით მისულები და მხოლოდ მინების გაწმენდა 15 000 ლარი დაგვიფასეს. პროექტის განხორციელებისთვის ასეთი დიდი ფართი გვინდა, თუმცა ამდენი თანხა ნამდვილად არ გვქონდა, რომ სახელმწიფო აუქციონზე შეგვეძინა ის. იმ შემთხვევაში თუ ეკონომიკის სამინისტრო „რიყის დოქებს“ 1 ლარად გადმოგვცემს, ჩვენ ერთ სივრცეში, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ეტაპობრივად, საქართველოს კუთხეების მიხედვით კულინარიულ მოგზაურობას მოვაწყობთ, რაც ძალიან ბევრ ტურისტს მოიზიდავს. პროექტის ჯამური ღირებულება 10 მლნ დოლარამდე იქნება, თუმცა პირველ ეტაპზე 6 მლნ დოლარი დაგვჭირდება, შედეგად, დაახლოებით, 300 ადამიანი დასაქმდება. პროექტით დაინტერესებული არიან ამერიკელი და არაბი ინვესტორები და მისი განხორციელების შემთხვევაში ისინი თანაინვესტირებას გაგვიწევენ“, - განმარტა მამუკა მარგიშვილმა.

„ენდორფინის“ დამფუძნებლებმა ეკონომიკის მინისტრს დღეს მიმართეს და პასუხს დაელოდებიან, პარალელურად კი მომხმარებელს მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.

„მეგობრებო ვისაც გსურთ, რომ “რიყის დოქებში” გაიხსნას ენდორფინი, შემოვიდეს ორჯერ მეტი ტურისტი, რაც თავისთავად აამუშავებს რესტორნებს, სასტუმროებს, მაღაზიებს, საკურორტე ადგილებს, ტაქსებს და ზოგადად გააცოცხლებს ყველაფერს და ააგუგუნებს ეკონომიკას, გთხოვთ დაგვიჭიროთ მხარი და თქვენს ფეისბუქ გვერდზე დათაგოთ ეკონომიკოს სამინისტრო ( ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ) და მიაწეროთ - “რიყის დოქები 1 ლარად ენდორფინს”.

მადლობა და იმედია გიმასპინძლებთ “რიყის დოქებში” მალე", - წერია "ენდორფინის" Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში. 

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფომ "რიყის დოქები" მეხუთე მცდელობაზეც ვერ გაიყიდა. აუქციონი მიმდინარე წლის 12 იანვარს დასრულდა. აღსანიშნია ისიც რომ ეკონომიკის სამინისტროს ქონების ეროვნული სააგენტო "რიყის დოქების" გაყიდვას გასული წლის შემდეგ უშედეგოდ ცდილობს, ამ პერიოდის განმავლობაში ქონების ღირებულება განახევრდა: 2021 წელს 4 თებერვალი – 5 მარტი: 71 250 000 ლარი; 30 მარტი – 15 აპრილი: 71 250 000 ლარი; 29 აპრილი – 17 მაისი: 47 500 000 ლარი იყო. 29 დეკემბერი - 12 იანვარო: 30 მლნ ლარი.