მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენერგეტიკოსი 2021 წლიდან ელექტროენერგიაზე სამომხმარებლო ტარიფის ზრდას პროგნოზირებს

5faebbaa3ca76
თელარა გელანტია
14.11.20 12:30
12801
ენერგეტიკოს გია არაბიძის პროგნოზით, 2021 წლიდან ელექტროენერგიაზე სამომხმარებლო ტარიფი გაიზრდება.

2017 წელს სემეკის მიერ სამი წლით დადგენილ სამომხმარებლო ტარიფებს ვადა წელს ეწურება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ წლის ბოლომდე ახალი ტარიფები უნდა დადგინდეს. ცნობილია, რომ ენერგოგამანაწილებელმა კომპანიებმა - „თელასმა“ და „ენერგო პრო-ჯორჯიამ“ სემეკში სატარიფო განაცხადები უკვე გააკეთეს. ახალი ტარიფი ენერგეტიკის და წყალმომარაგების კომისიამ დეკემბრის ბოლოს უნდა გამოაცხადოს.

„თუ რომელიმე თქვენგანი დამისახელებს ბოლო წლების განმავლობაში პროდუქტს, რომელზეც ფასი არ გაზრდილა, ძალიან გამიხარდება და ვიყიდი. ელექტროენერგიაც ისეთივე პროდუქტია, როგორც სხვა რაღაცეები. აქედან გამომდინარე, თუ სხვა პროდუქტებზე ხდება ფასების მომატება, აქაც გარკვეული კორექტირება იქნება, თან აუცილებლად ზრდის მიმართულებით, მაგრამ ვფიქრობ, ზრდა იქნება ისეთი, რომ გაუძლებს მოსახლეობა და არც ენერგეტიკული კომპანიები გაკოტრდებიან“, - ამბობს გია არაბიძე.

რამდენად გაიზრდება ელექტროენერგიის ტარიფი, ამის პროგნოზს ენერგეტიკოსი ვერ აკეთებს, მაგრამ საუბრობს იმ მიზეზებზე, რაც დენის გაძვირებას ავარაუდებინებს. სხვადასხვა არგუმენტებს შორისაა ლარის გაუფასურება და მისი გავლენა წლიდან წლამდე ელექტროენერგიის მზარდ იმპორტზე. არგუმენტად მოჰყავს ისიც, რომ ელექტროენერგიაც ისეთივე პროდუქტია, როგორც სხვა დანარჩენი და როცა ქვეყანაში თითქმის ყველაფერი გაძვირდა, შეუძლებელია არ გაძვირდეს დენის ტარიფიც.

„სემეკის სლოგანი ხომ არის “როცა ბალანსი დაცულია“, ამდენად, მან უნდა დააბალანსოს და ბეწვის ხიდზე გაიაროს, რომ მეც შევძლო ელექტროენერგიის ყიდვა და ენერგოკომპანიებიც არ გაკოტრდნენ. როგორ უნდა გააკეთოს ეს? ვფიქრობ, სახელმწიფოს დასჭირდება სუბსიდირების მსგავსი ღონისძიება. ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა გამოვკვეთოთ ის მოწყვლადი მოსახლეობა, რომელსაც შეიძლება პრობლემები შეექმნას, თუ ელექტროენერგიაზე ტარიფი გაიზარდა. ამ შემთხვევაში სახელმწიფო მოწყვლადი მოქალაქეების საკეთილდღეოდ უნდა ჩაერიოს, რათა მათ შეძლონ ელექტროენერგიის საფასურის გადახდა და თან არ დაზარალდნენ ენერგოკომპანიებიც“, - აცხადებს გია არაბიძე.