02.აგვისტო .2021 10:00

„ენერგეტიკული ბირჟის 6-თვიანი ანგარიში დადებითად ვერ შეფასდება“ - გიორგი კაპანაძე

„ენერგეტიკული ბირჟის 6-თვიანი ანგარიში დადებითად ვერ შეფასდება“ - გიორგი კაპანაძე
views 336
უკან

„საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის“ მიერ 2021 წლის ექვსი თვის ანგარიშის გამოქვეყნებას „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი, გიორგი კაპანაძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ანგარიში არადამაკმაყოფილებლად უნდა შეფასდეს.

კაპანაძის თქმით, წარმოდგენილი ანგარიში აცდენილია მთავარ გამოწვევებს და არ პასუხობს ყველაზე მნიშვნელოვან კითხვას - შეძლებს თუ არა ბირჟა სრულფასოვნად ამუშავებას გამოცხადებული ახალი თარიღისთვის, ანუ 2022 წლის 1 იანვრისთვის.

„ენერგეტიკული ბირჟის“ მიერ გამოქვეყნებული 6 თვიანი ანგარიში არის ზედაპირული დოკუმენტი და იქ ვერ ნახავთ საუბარს იმ კონკრეტულ პრობლემებზე, რომლის წინაშეც აღმოჩნდა, როგორც ბირჟის ხელმძღვანელობა, ასევე კერძო სექტორი. არ არის გამახვილებული ყურადღება იმ საკითხებზე, რამაც ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედების გადავადება გამოიწვია“, -აღნიშნავს კაპანაძე.

მისი თქმით, გაცილებით პროდუქტიული იქნებოდა, თუკი ბირჟა არაფრისმომცემი ანგარიშის ნაცვლად წარმოადგენდა მისი მხრიდან დაგეგმილი სამუშაოების დროში გაწერილ გეგმას, რათა შესაძლებელი გახდეს პროგნოზი, თუ რამდენად რეალისტურია მისი გენერალური დირექტორის მიერ ივნისში გაკეთებული განცხადება, 1 იანვარს ბირჟის სრულფასოვანი ამოქმედებისთვის მზადყოფნასთან დაკავშირებით.

„სამწუხაროდ, ამ ანგარიშის გაცნობამ გამიმყარა მოლოდინი, რომ დეკემბრის ბოლოს ისევ მოვისმენთ ეკონომიკის სამინისტროს განცხადებას ენერგეტიკული ბირჟის სრულფასოვანი ამოქმედების დაწყების კიდევ ერთხელ გადავადების თაობაზე. სხვა შემთხვევაში, საზოგადოების წინაშე უკვე იქნებოდა წარმოდგენილი გეგმა, თუ რა კონკრეტული ნაბიჯების თანმიმდევრულად და პარალელურად გადადგმის შედეგად ელის ბირჟა 1 იანვარს ამოქმედებას. მსგავსი რამის შესახებ, წარმოდგენილ დოკუმენტში, მინიშნებითაც კი არ არის საუბარი“, - მიაჩნია გიორგი კაპანაძეს.

როგორც აფბას ხელმძღვანელი განმარტავს, სათანადო არგუმენტებით ვერავინ არწმუნებს დაინტერესებულ საზოგადოებას იმაში, რომ დარჩენილ დროში შესაძლებელი იქნება მცირე და საშუალო ჰესების პრობლემების მოგვარება, რაც მათი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას (შესაბამისი მზომებით აღჭურვა და სხვ.) გულისხმობს.

„სხვა საკითხია, რომ ჩვენ ორგანიზაციას იმთავითვე არასწორ გადაწყვეტილებად მიაჩნდა ბირჟის ამოქმედების ახალ თარიღად შუაგული ზამთრის გამოცხადება, როცა ბაზარზე თითქმის მხოლოდ იმპორტიორები არიან. თუ რატომაა ეს არასწორი და დაუშვებელი, ამაზე ბევრჯერ გვისაუბრია და ამჯერად აღარ შევჩერდები. შესაშფოთებლად ის ფაქტიც კმარა, რომ ენერგეტიკული ბირჟის საკითხზე საკომიტეტო მოსმენიდან უკვე საკმაო დრო გავიდა, თუმცა კარდინალურად არაფერი შეცვლილა. არსებობს ისევ ის პრობლემები, რაც მანამდე არსებობდა და ბირჟის მენეჯმენტიც ისევ ისე აგრძელებს საქმიანობას, როგორც ამას აქამდე აკეთებდა. სწორედ ამიტომ, და არა მხოლოდ ამიტომ, „ენერგეტიკული ბირჟის 6 თვიანი ანგარიში არადამაკმაყოფილებლად უნდა შეფასდეს“, - აღნიშნა კაპანაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა