მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენერგორესურსების გაძვირების ფონზე, Saudi Aramco-ს შემოსავლები 90%-ით გაიზარდა

62f89f8adeef5
გიორგი თოლორდავა
14.08.22 12:00
1239
მსოფლიოს უმსხვილესი ენერგოკომპანია Saudi Aramco წელს რეკორდულ მოგებაზეა - საერთაშორისო ბირჟაზე ნავთობის მკვეთრად გაძვირების ფონზე, არაბული ენერგოგიგანტის შემოსავლები მეორე კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 90%-ით გაიზარდა.

გასათვალისწინებელია, რომ შემოსავლების ზრდის უჩვეულოდ მაღალი ტემპი დაბალი საბაზო ეფექტითაა განპირობებული - გასული წლის მეორე კვარტალში ბარელი ნედლი ნავთობის ფასი 60 დოლარის ფარგლებში იყო, ამჟამად კი ის 100 დოლარს აღწევს.

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ რუსეთის მხრიდან მიწოდების შემცირების ფონზე, Saudi Aramco ნავთობის წარმოებას ზრდის - სარეალიზაციო პროდუქციის მოცულობისა და ფასების ზრდა კი კომპანიის შემოსავლიანობაზე უაღრესად დადებითად აისახება.

ფინანსური ანგარიშგებიდან ირკვევა, რომ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში კომპანიამ 48.4 მილიარდი დოლარის შემოსავლის მიღება შეძლო, გასულ წელს კი აღნიშნული მაჩვენებელი $25.5 მილიარდს შეადგენდა.

სახელმწიფო დივიდენდის მოცულობამ, რომელიც საუდის არაბეთის ბიუჯეტის უმთავრესი შემოსავლის წყაროა, 18.8 მილიარდი დოლარი შეადგინა.

Aramco-ს გენერალური დირექტორის ამინ ნასერის განცხადებით, ნავთობზე მაღალი მოთხოვნა ათწლეულის ბოლომდე შენარჩუნდება, უახლოეს მომავალში კი კომპანია შემოსავლების ზრდას პროგნოზირებს.

აღსანიშნავია, რომ Saudi Aramco მსოფლიოს რიგით მეორე ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიაა, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 2.4 ტრილიონ დოლარს შეადგენს და მას $2.7 ტრილიონით მხოლოდ ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი Apple უსწრებს.