მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენერგოსექტორში მორატორიუმის მოთხოვნა მთელი დარგისთვის საშიშ სურათს იღებს - ჩახვაშვილი

60b35bc269695
თელარა გელანტია
30.05.21 14:34
1854
Galt & Taggart-ის უფროსი ანალიტიკოსის მარიამ ჩახვაშვილის აზრით, სრულად ენერგოსექტორში მორატორიუმის მოთხოვნა მთელი დარგისთვის საშიშ სურათს იღებს. ამის შესახებ ჩახვაშვილმა bm.ge-ისთან ინტერვიუში „ნამახვანჰესის“ ირგვლივ შექმნილი ვითარების კომენტირებისას განაცხადა.

საქმე ისაა, რომ „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეების მიერ, მთავარ მოთხოვნებთან ერთად, რომელიც ინვესტორ კომპანია „ენკასთან“ ხელშეკრულების გაწყვეტას და ეკონომიკის მინისტრის გადადგომას მოიცავს, ასევე გაკეთდა განცხადებები, რომ საჭიროა, ზოგადად, ენერგოსექტორში მორატორიუმის გამოცხადება. „რათა სწორად დაიგეგმოს ენერგოპროექტები და ამ პროცესების წარმართვა ქაოტურად არ მოხდეს“, – აცხადებდა აქტივისტი ვარლამ გოლეთიანი.

Galt & Taggart-ის უფროსი ანალიტიკოსის შეფასებით, პირველი და ყველაზე საშიში განცხადება და მოთხოვნა, რაც მიმდინარე აქციებზე გაისმა, არის სწორედ მორატორიუმის გამოცხადება მთელს ენერგოსექტორში.

„ეს უკვე სცდება კონკრეტული პროექტის მიმართ პროტესტს და იღებს მთელი დარგისთვის საშიშ სურათს. ეს ნიშნავს უკვე პროტესტს არა ერთი სადგურის მიმართ ან კონკრეტული ჩატარებული ან არჩატარებული კვლევების მიმართ, არამედ, ეს უკვე არის მოთხოვნა დარგის განვითარების შეწყვეტისკენ. მორატორიუმი, რომელიც ითხოვს ნებისმიერი სადგურის გაჩერებას, იქნება ეს მცირე ჰიდრო, ქარი თუ მზე, სცდება იმ სულისკვეთებასაც კი, რითიც დაიწყეს და ცალსახად ნიშნავს დარგის განვითარების შეწყვეტას, გაზრდილ იმპორტ-დამოკიდებულებას, შეწყვეტილ ინვესტიციებს და შემცირებულ FDI-ის ყველა დარგში.

ზოგადად, ენერგოსექტორში მიმდინარე პროცესები სადგურების მშენებლობის გარდა, ბაზრის რეფორმასაც გულისხმობს. იმედია, ამ რეფორმის შეჩერებასაც არ ითხოვენ, რომელიც ევროკავშირისკენ მიმავალი გზისკენ დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. თუ ამასაც ითხოვენ, მაშინ კიდევ უფრო მეტი ეჭვი ჩნდება ორგანიზატორების მოტივების მიმართ“, - აცხადებს მარიამ ჩახვაშვილი.

გარდა ამისა, Galt & Taggart-ის უფროს ანალიტიკოსს მეორე საშიშ მოთხოვნად მიაჩნია ინვესტორთან ხელშეკრულების შეწყვეტა და არა მასში კორექტირების შეტანა.

„ასეთი მსხვილი ინვესტორის ქვეყნიდან გაგდება ნიშნავს, რომ არც ერთი ინვესტორი არ ჩამოვა საქართველოში მსხვილი ინვესტიციით. აქ არა მხოლოდ ენერგეტიკულ პროექტებზეა საუბარი, არამედ უკვე ნებისმიერ ინფრასტრუქტურულ პროექტზე. ნებისმიერი ინვესტორი იქნება შეშინებული, რომ მას ერთხელაც უბრალოდ გააგდებენ ქვეყნიდან. შედეგად, ინვესტორის შემოყვანას საქართველო ან ვეღარ შეძლებს ან მოუწევს ძალიან დიდი გარანტიების და ბენეფიტების შეთავაზება. თუ ჩვენ გვინდა, რომ ინვესტორმა ყოველგვარი გარანტიის გარეშე ააშენოს რაიმე ინფრასტრუქტურა ქვეყანაში, მას შესაბამისი გარემოც უნდა შევუქმნათ და არა პირიქით, გავუზარდოთ რისკები. აქ არა მხოლოდ უცხოელ ინვესტორებზე საუბარი, ადგილობრივი ინვესტორებიც არიან ენერგეტიკის დარგში და მათთვისაც სახიფათო ხდება ამ დარგში მოღვაწეობა.

მე მომხრე ვარ, რომ ნებისმიერ პროექტზე სპეციალისტებმა იდავონ და შედეგად მიაგნონ ოპტიმალურ მშენებლობის სქემას. უბრალოდ, ეს უნდა კეთდებოდეს მაგიდასთან და არა - ქუჩაში. არსებობს საჯარო განხილვების და კომენტარების მიღების ოფიციალური ფორმა, რაც არის მშენებლობის და გარემოს დაცვის ნებართვის აღების პროცედურის ნაწილი. ამ ფორმატში ნებისმიერი კომენტარი მისაღებია ინვესტორისთვისაც, მაგრამ აღებულ ნებართვაზე ამხელა პროტესტი უკვე სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობასაც ასუსტებს და ინვესტორებისთვის ამ ქვეყანაში ინვესტიციის გაკეთებას კიდევ უფრო სარისკოდ წარმოაჩენს“, - აცხადებს bm.ge-ისთან მარიამ ჩახვაშვილი.